სერბეთის პრეზიდენტი: „საქართველოს ეკონომიკური პროგრესის მშურს“

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშისერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
ჩინეთის ინვესტიციებისა და პეკინთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე საქართველო წარმატებას ვერ მიაღწევს, განაცხადა ვუჩიჩმა.
თბილისი, 19 იანვარი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის პროგრესი შთამბეჭდავია და მისი შეიძლება შეგშურდეს, განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ერთ-ერთ დისკუსიაზე.
შვეიცარიაში 15-19 იანვარს დავოსის 54-ე ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც მართავს შეხვედრებს კოლეგებთან სხვადასხვა ქვეყნიდან, ბიზნესის და საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებთან. ფორუმის ფარგლებში მთავრობის მეთაური რამდენიმე პანელურ დისკუსიაშიც მონაწილეობს.
„ირაკლი ღარიბაშვილი ჩემი დიდი მეგობარია. მე ძალიან ვაფასებ საქართველოს ეკონომიკურ წარმატებას, რომელიც შთამბეჭდავია და მე მათი მშურს. ევროპაში რატომღაც უსაფუძვლოდ გვგონია, რომ სხვებზე მაღლა ვდგავართ. მოვისმინეთ ირაკლის სიტყვები. არ აქვს მნიშვნელობა, რა მოხდება მის პოლიტიკურ კარიერაში მომდევნო 1-2 თუ 5 წელიწადში, თუმცა ვფიქრობ, რომ ის სავსებით იმსახურებს მართოს ქვეყანა იმდენი ხნით, რაც მათთან გათვალისწინებული ვადაა“, - განაცხადა ვუჩიჩმა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ, 2021 წლის აპრილიდან საკმაოდ სწრაფი აღდგენის პროცესი დაიწყო, რაც თითქმის ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ეს არის ექსპორტისა და იმპორტის ზრდა, ფულადი გზავნილები და საწარმოების ბრუნვის ზრდა. დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5%, ხოლო 2022 წელს - 10,4% შეადგინა. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
„თუ გახსოვთ ის დრო, როდესაც საქართველო ამომავალი ვარსკვლავი იყო ევროპის გეოპოლიტიკურ ცაზე, რა იყო მაშინ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი? თითქმის 0,1%. დღეს კი არავინ საუბრობს მის, ირაკლის მთავრობის შესანიშნავ შედეგებზე, რადგან ჩვენ თავად ვერ ვაღწევთ ასეთ შედეგებს ევროპაში“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა.
საქართველომ ექსპორტი სერბეთში ხუთჯერ გაზარდა >>
სერბეთის ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ და ჩინეთმა ურთიერთთანამშრომლობა სტრატეგიულ დონეზე აიყვანეს და საქართველოს პრემიერს მალე დაუსვამენ კითხვას: ვისთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობა აქვს საქართველოს - ჩინეთთან თუ ევროკავშირთან.
„მან უნდა იმუშაოს საკუთარი ქვეყნის სასარგებლოდ. ჩინური ინვესტიციებისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე ის მარტივად და წარმატებით მუშაობას ვერ შეძლებს. ევროპაში ეს უნდა გააცნობიერონ, ისინი უფრო გავლენიანები იქნებიან, თუ ამას გააანალიზებენ და ზეწოლას არ მოახდენენ ირაკლიზე ან ჩემზე, რადგან არ ვაპირებ, საკუთარ ქვეყანას ჩინური ინვესტიციების 30% წავართვა - ამის უფლება არ მაქვს," - აღნიშნა ვუჩიჩმა.
საქართველომ და სერბეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1995 წლის 26 ივნისს დაამყარეს. ურთიერთობები ქვეყნებს შორის მნიშვნელოვნად გააქტიურდა 2017-2018 წლებში, რაზეც მაღალ დონეზე ვიზიტები მეტყველებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სერბეთში ვიზიტის დროს 2018 წელს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნების დედაქალაქებში თითო დიპლომატი განათავსონ, რაც ურთიერთობების მეტ დინამიკას უზრუნველყოფს. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას უვიზო რეჟიმის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ადამიანებს შორის კონტაქტების გააქტიურებას.
ასევე საქართველოსა და სერბეთს შორის შვიდი ხელმოწერილი შეთანხმება არსებობს, რომლებიც არეგულირებს ურთიერთობებს ეკონომიკის, ვაჭრობის, საკონსულოებისა და სხვა საკითხებში.
ყველა ახალი ამბავი
0