ჩენ ძინგი: ჩინეთს და საქართველოს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია

© Depositphotos.com / Bonandbon პეკინი
პეკინი - Sputnik საქართველო, 1920, 19.01.2024
გამოწერა
„ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. საქართველოსა და ჩინეთს შორის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას მმართველი პარტიის დელეგაციის ვიზიტი ხელს კიდევ უფრო შეუწყობს, განაცხადა შანხაის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ჩენ ძინგმა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრაზე.
მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება ჩინეთში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. „ქართული ოცნების" დეპუტატთა ვიზიტი ჩინეთში 15 იანვარს დაიწყო და 20 იანვარს დასრულდება.
„ქართული ოცნების“ წევრები ვიზიტს ნაყოფიერს უწოდებენ და აცხადებენ, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან აუცილებელია როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება, რაზეც ორივე მხრიდან მზაობა გამოითქვა და არაერთ შეხვედრაზე მისი ხაზგასმა მოხდა.
„მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, შანხაიში გხედავთ. მე ნამყოფი ვარ საქართველოში და მახსოვს, თქვენი ქვეყანა დიდი შთაბეჭდილებებით დავტოვე. მოხარული ვართ, ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკით. ჩვენს ქვეყნებს თანამშრომლობის დიდი პოტენციალი გააჩნია და ეს ვიზიტი კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება თანამშრომლობის უფრო გასაფართოებლად", – განაცხადა ჩენ ძინგმა.
მისი თქმით, ჩინეთი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, საქართველო კი თავის მხრივ, მხარს უჭერს ერთი ჩინეთის პრინციპს.
შეხვედრაზე როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ჩინეთთან მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობა უკვე აკავშირებს, არსებობს დიდი სივრცე იმისთვის, რომ ეს თანამშრომლობა, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს, რისთვისაც საქართველოს მხრიდან მაქსიმუმი გაკეთდება.
შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა თანამშრომლობა სავაჭრო ურთიერთობების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტურიზმისა და კულტურის მიმართულებით.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
კობახიძე: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ჩინეთთან ორმხრივი ურთიერთობის ყველა სფერო>>>
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0