ღარიბაშვილი: საქართველომ ტყვიით მოწამვლის მაჩვენებლების შემცირებას მიაღწია

© Сourtesy of Georgian Governmentირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
2018 წელს დადგინდა, რომ ორიდან შვიდ წლამდე ქართველი ბავშვების 51%-ს სისხლში ტყვიის მომატებული დონე აღენიშნებოდა.
თბილისი, 18 იანვარი – Sputnik. ტყვიით მოწამვლა ყველაზე აქტუალური პრობლემაა, რომელსაც აწყდებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემები მთელს მსოფლიოში და საქართველო არ არის გამონაკლისი, მაგრამ ქვეყანამ შეძლო პროგრესის მიღწევა, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე.
2024 წელს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 15-დან 19 იანვრამდე გაიმართება. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ოთხშაბათს მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში, რომელიც ტყვიის პრობლემას მიეძღვნა. ტყვია საზიანოა ტვინისთვის, განსაკუთრებით ჩვილებსა და ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებში. ორგანიზმში ტყვიის მაღალი შემცველობა იწვევს სხვადასხვა ნევროლოგიურ და ფიზიკურ დარღვევებს.
პრემიერმა ისაუბრა იმაზე, თუ როგორ ოპერატიულად მოახდინა რეაგირება მთავრობამ პრობლემაზე, როდესაც გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) კვლევამ 2018 წელს გამოავლინა, რომ 2-7 წლის ასაკის ბავშვების 51 პროცენტს დაშვებულ ზღვრულ ოდენობაზე მაღალ ნიშნულზე ჰქონდათ სისხლში ტყვიის შემცველობა.
2019 წელს ინიცირებული ეროვნული რეაგირების პაკეტი – გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, მოიცავდა ფართომასშტაბიან კამპანიას საზოგადოების შემეცნების გასაზრდელად, ბავშვებისა და ორსული ქალების მონიტორინგის წარმოებას, ქიმიური რისკების შეფასების ლაბორატორიის შექმნას და ტყვიის კონტროლის სისტემის შემუშავებას სისხლში მისი შემცველობის მონიტორინგისთვის და შეხების წერტილების გამოსავლენად.
„პროგრამის დაწყებიდან მეოთხე წელს ვიხილეთ საოცარი – 75-პროცენტიანი კლება სისხლში ტყვიის შემცველობის შემოწმებისას. ეს ანალიზები რეგიონებში მცხოვრებ ბავშვებს ჩაუტარდათ, რადგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იქ იყო დაფიქსირებული“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ტყვიით მოწამვლის წყაროებისა და შეხების წერტილების გამოსავლენად იმავე პროგრამის ფარგლებში ხელისუფლებამ დაიწყო ატმოსფერული გარემო პირობების შეფასება და გაამკაცრა სამართლებრივ-ნორმატიული ბაზა პროდუქტებისთვის, რომლებიც ტყვიას შეიცავს.
ტყვია სისხლში - საქართველოში ტყვიის ზედამხედველობის ეროვნულ სისტემაზე მუშაობენ >>
უკვე შემოღებულია სამართლებრივი შეზღუდვები ტყვიის მაღალი შემცველობის საღებავების წარმოებაზე, რეალიზაციასა და იმპორტზე და რეგულაციები ბავშვთა სათამაშოების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რაც მოიცავს საკანონმდებლო შეზღუდვებს ტყვიის მაღალი შემცველობის სათამაშოების წარმოებაზე, რეალიზაციასა და იმპორტზე.
„ასევე აქტიურად ვმუშაობთ სამთავრობო რეგულირების დაწესებაზე, რათა უსაფრთხო იყოს ამ პროდუქტების გამოყენება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ტყვიით მოწამვლა წარმოადგენს მსოფლიო პრობლემას, რომელიც ერთობლივ ძალისხმევას მოითხოვს.
„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ეს გამოწვევა სცდება საქართველოს ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის საზღვრებს. ეს არის გლობალური პრობლემა! ბოლოდროინდელი კვლევებით ცხადი ხდება, რომ ჩვენს პლანეტაზე სამიდან ერთი ბავშვი ტყვიით მოწამვლის მსხვერპლია, სავარაუდოდ, რადგან ისეთ გამომწვევებთან უწევს კავშირი, როგორებიცაა საღებავი, ელემენტებისა და სამუხტი საშუალებების რეციკლირების ცენტრები, საკვები, კოსმეტიკური საშუალებები და ზოგიერთ შემთხვევებში – სუნელი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მიზანია - ტყვიის მონიტორინგის სისტემის სრულად შემუშავება, წყაროებისა და შეხების წერტილების გაღრმავებული კვლევის ჩატარება, რისკების შესამცირებლად სტრატეგიის შემუშავება, აღნიშნა მან.
ყველა ახალი ამბავი
0