ბოლო დროის მთავარი მოვლენა - „ქართულ ოცნებაში" ჩინეთში დელეგაციის ვიზიტი შეაფასეს

© Parliament of Georgiaმიხეილ სარჯველაძე
მიხეილ სარჯველაძე - Sputnik საქართველო, 1920, 18.01.2024
გამოწერა
ოპოზიციას მიაჩნია, რომ ჩინეთთან თანამშრომლობა საფრთხეს უქმნის საქართველოს პროდასავლური განვითარების გზას
თბილისი, 18 იანვარი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დელეგაციის წარმატებული ვიზიტი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ბოლო დროის ერთ-ერთი მთავარი მოვლენაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველი პარტიის დელეგაცია პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით იმყოფება ჩინეთში, სადაც უმაღლესი დონის შეხვედრებს მართავს. ოპოზიციამ „ქართული ოცნების“ და ჩინეთის კომუნისტური პარტიის დაახლოებას ძალიან სახიფათო უწოდა. ოპოზიციონერი დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ჩინეთი არ უნდა იყოს საქართველოს ერთადერთი საერთაშორისო პარტნიორი, ხოლო ქვეყნის საგარეო პოლიტიკა უნდა ემთხვეოდეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას.
„საქართველო სტრატეგიულ მიზნად სახავს „შუა დერეფნის“ ფუნქციის მოპოვებას. ეს ნიშნავს აღმოსავლეთის და დასავლეთის ქვეყნებს შორის არსებული ვაჭრობის ამ უზარმაზარ ჯაჭვში რაღაც უნიკალური როლი შეიძინოს საქართველომ. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ბოლო ხანების ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა გახლავთ ასეთ მაღალ დონეზე წარმატებული ვიზიტის ჩატარება ჩინეთში“, - განაცხადა სარჯველაძემ.
საქართველოს ხელისუფლება დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ე.წ. შუა დერეფნის განვითარებას, რომელშიც ჩინეთი დიდ როლს ასრულებს. შუა დერეფანი არის მარშრუტი, რომელიც ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის აკვატორიის, აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის გავლით გადის ევროპის ქვეყნებში. საქართველოს მთავრობის განცხადებით, დღეს შუა დერეფანი არის ყველაზე მიმზიდველი და საიმედო სატრანსპორტო რგოლი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ევროპასა და აზიას შორის.
როგორც მმართველი პარტიის დეპუტატმა გიორგი ცაგარეიშვილმა აღნიშნა, ჩინეთი შეერთებული შტატების შემდეგ მსოფლიოში მეორე ყველაზე ძლიერი ეკონომიკაა და გაეროს უშიშროების საბჭოს წევრია. ჩინეთს შეუძლია ბევრი რამ განსაზღვროს მსოფლიო პოლიტიკაში, დასძინა დეპუტატმა.
„ასეთ ამბიციურ ქვეყანასთან მეგობრული ურთიერთობა მხოლოდ ჩვენი საგარეო და შიდა პრობლემების გადასაჭრელად გამოდგება. ჩვენ ღრმად ვართ ამაში დარწმუნებული, რის გამოც ჩინეთთან ინტენსიური ურთიერთობები მიმდინარეობს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
საქართველო-ჩინეთის ურთიერთობები
საქართველომ და ჩინეთმა 2023 წლის ივლისის ბოლოს ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე – სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. გარდა ამისა, საქართველომ 2023 წლის 12 სექტემბერს ჩინეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა. ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ტურიზმის მიზნით და დარჩენა 30 დღის განმავლობაში.
ჩინეთმა და საქართველომ სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ერთობლივი განცხადება ჩინეთში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის დროს გამოაქვეყნეს. დოკუმენტი მოიცავს ოთხ ასპექტს მოიცავს - პოლიტიკურს, ეკონომიკურს, ეროვნებათაშორის და კულტურულ, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებს.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ გადაწყვეტილებას ორივე ქვეყნის საკეთილდღეოდ ისტორიული გადაწყვეტილება უწოდა და აღნიშნა, რომ ჩინური ინვესტიციების შთამბეჭდავ ზრდას ელიან.
ოპოზიციას არ აწყობს მჭიდრო ურთიერთობები საქართველოსა და ჩინეთს შორის - დეპუტატი>>>
ოპოზიციამ კი, თავის მხრივ, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება განიხილა, როგორც რისკი საქართველოს დასავლეთთან ურთიერთობისთვის. მათ მოუწოდეს ხელისუფლებას სიფრთხილით დაამყარონ ურთიერთობები ჩინეთთან - განავითარონ ეკონომიკური კავშირები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდნენ პოლიტიკურად.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ საქართველოს პროდასავლური საგარეოპოლიტიკური კურსი უცვლელია და ამასთან, ქვეყანას აქვს ის, რისი შეთავაზებაც შეუძლია დასავლეთისთვის. მაგალითად, ქვეყანა შუა დერეფნის ნაწილია, რომელიც განსაკუთრებულად აქტუალური გახდა უკრაინაში კონფლიქტისა და აზიიდან ევროპაში გადაზიდვების უწყვეტი ჯაჭვის ახალი გზების ძიების ფონზე.
ჩინეთი საქართველოს ხუთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორიდან ერთ-ერთია. ქვეყნებს შორის საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2023 წლის იანვარ-ნოემბერში 1,5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 9,5%-ით ნაკლებია 2022 წლის საანგარიშო პერიოდზე. 2023 წლის 11 თვეში საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი 57,1%-ით შემცირდა და 283,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჩინეთიდან საქართველოში იმპორტი 21,4%-ით გაიზარდა და 1,2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0