დავოსი: ღარიბაშვილი კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარეს შეხვდა

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 17.01.2024
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
თბილისი, 17 იანვარი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შვეიცარიის კონფედერაციაში, დავოსში ვიზიტი დაიწყო, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა პირველი შეხვედრა კომპანია Koç Holding-ის აღმასრულებელ თავმჯდომარესთან, ლევენთ ჩაკიროღლუსთან გამართა.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დელეგაციასთან ერთად 16 იანვარს გაემგზავრა, სადაც მონაწილეობას მიიღებს დავოსის 54-ე ყოველწლიურ მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში.
გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მსხვილი კომპანიების სხვა ხელმძღვანელებთან და აღმასრულებლებთან ერთად ფორუმის დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, პროფესორ კლაუს შვაბისა და მისი მეუღლის ჰილდას სახელით ტრადიციულ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.
ღარიბაშვილმა და ჩაკიროღლუმ შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ეკონომიკური ტენდენციები მიმოიხილეს. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბოლო წლებში საქართველოს მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგია. აღინიშნა, რომ ინვესტორებისთვის საქართველო არაერთი მიმართულებით არის ხელსაყრელი, მათ შორის IT სექტორში ქვეყანას აქვს ერთ-ერთი ყველაზე ხელსაყრელი საგადასახადო პირობები და დინამიკურად ვითარდება.
განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოში კომპანიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე - ახალ პროექტებსა და სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივები.
ირაკლი ღარიბაშვილი შვეიცარიაში დავოსის ფორუმზე გაემგზავრა>>>
მხარეებმა ასევე იმსჯელეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. პრემიერ-მინისტრმა ამ მიმართულებით ქვეყნის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მთავრობის პოლიტიკის შედეგად ბოლო წლებში მნიშვნელოვნად არის გაზრდილი პირდაპირი შემოსავალი ტურიზმიდან. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.
Koç Holding-ი არის უმსხვილესი თურქული კომპანია, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს 500 კომპანიას შორისაა. ის თურქეთის ბაზრის გლობალური მოთამაშეა. მას აქვს წამყვანი პოზიციები კონკურენტუნარიანი უპირატესობებით ენერგეტიკაში; საავტომობილო, ფინანსურ სექტორებში. კომპანიას საწარმოო ობიექტები აქვს 60-ზე მეტ ქვეყანაში, ექსპორტს ახორციელებს 150 -ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის - ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, უნგრეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ეგვიპტეში, საფრანგეთში, იტალიაში, რუმინეთში, ავსტრალიაში, ჩინეთში და ა.შ.
კომპანიაში დასაქმებულია 105,000 ადამიანი და მისი შემოსავალი 34,97 მილიარდ დოლარს შეადგენს. საქართველოში Koç Group-ი რამდენიმე სასტუმროს ფლობს.
დავოსის ეკონომიკური ფორუმი 15 იანვარს გაიხსნა და 19 იანვარს დასრულდება. ღონისძიების მთავარი თემა წელს „ნდობის აღდგენაა".
ფორუმი დავოსში (World Economic Forum) ერთ-ერთი უდიდესია მსოფლიოში. აქ იკრიბებიან სახელმწიფოს მეთაურები და უდიდესი კომპანიების წარმომადგენლები. სწორედ ეს ფორუმია ადგილი, სადაც იწყება მოლაპარაკებები შემდგომ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, თანხმდებიან კრედიტების გაცემაზე და იზიდავენ ინვესტიციებს.
ფორუმის დამაარსებელი და წამყვანია ჟენევის უნივერსიტეტის პროფესორი კლაუს შვაბი.
ყველა ახალი ამბავი
0