თბილისის მეტროპოლიტენი 58 წლისაა

© Courtesy of Tbilisi City Hall თბილისის მეტრო
თბილისის მეტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.01.2024
გამოწერა
თბილისის ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის ისტორია თითქმის ექვს ათწლეულს ითვლის.
თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისში ყველაზე პოპულარული საზოგადოებრივი ტრანსპორტის - მეტროს გახსნიდან დღეს 58 წელი გავიდა.
თბილისის მეტროპოლიტენის პირველი, „დიდუბე"–„რუსთაველის" 6,5 კმ-იანი მონაკვეთი ოფიციალურად 58 წლის წინ, 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა.
ეს არის პირველი მეტრო კავკასიაში და მეოთხე სსრკ-ში - მოსკოვის, სანქტ-პეტერბურგისა და კიევის შემდეგ.
მეტროს ინფრასტრუქტურა ყოველწლიურად ფართოვდებოდა და მეტროს ახალი სადგურები ემატებოდა. 1979 წელს გაიხსნა თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი. 2017 წელს კი მეტროს 23-ე სადგური „სახელმწიფო უნივერსიტეტი" შეემატა.
თბილისის მეტრო ყოველდღიურად 450-დან 550 ათასამდე მგზავრს ემსახურება.
კახა კალაძე: თბილისის მეტროს ვაგონები ახალი ვაგონებით ეტაპობრივად ჩანაცვლდება>>
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში დაგეგმილია მრავალი პროექტის განხორციელება, როგორც ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის, ასევე მოძრავი შემადგენლობის სრულად განახლების მიმართულებით, რაც მას მგზავრებისთვის უფრო კომფორტულს და მიმზიდველს გახდის
თბილისის მეტროპოლიტენის ისტორია
თავდაპირველად საბჭოთა ხელისუფლება თბილისში მეტროპოლიტენის აშენების წინააღმდეგი იყო. მაშინდელი სტანდარტებით, მიწისქვეშა ტრანსპორტი მხოლოდ იმ ქალაქებისთვის იყო საჭირო, სადაც მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ მაშინ თბილისის მოსახლეობა მხოლოდ 600 ათასს აღწევდა, 1951 წელს მშენებლობის დაწყების ბრძანება მაინც გამოიცა.
თბილისის მეტროს სადგურების მოდერნიზაცია 2025 წელს დაიწყება>>
საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველმა მდივანმა კანდიდ ჩარკვიანმა მეტროს მშენებლობის დაწყებაზე თანხმობის მიღება უშუალოდ იოსებ სტალინისგან შეძლო. სამუშაოები 1952 წელს დაიწყო, მაგრამ 1957 წელს მშენებლობა შეჩერდა.
მუშაობა კვლავ განახლდა ორი წლის შემდეგ. მშენებლობა, რომელიც ინჟინერ ვიქტორ გოცირიძის მეთვალყურეობით მიმდინარეობდა, მარტივი არ იყო. გეოლოგიური პირობები სერიოზულ პრობლემებს ქმნიდა.
საბოლოოდ თბილისის მეტროპოლიტენის პირველი მონაკვეთის გახსნა მშენებლობის დაწყებიდან მხოლოდ 14 წლის შემდეგ მოხერხდა. ეს მნიშვნელოვანი მოვლენა 1966 წლის 11 იანვარს მოხდა. იმ დღეს საზეიმოდ ამოქმედდა „დიდუბე"–„რუსთაველის" მონაკვეთი.
საინტერესო ფაქტები თბილისის მეტროპოლიტენის შესახებ:
ყველაზე ღრმა სადგულია „რუსთაველი" - ის 100 მეტრ სიღრმეშია განთავსებული.
ყოველდღე, 01:00-დან 05:00 საათამდე მეტროს გვირაბებიდან 25 ათასი ტონა წყლის ამოქაჩვა ხდება.
თბილისის მეტროპოლიტენში დაახლოებით 2,4 ათასი ადამიანია დასაქმებული.
დღეში საშუალოდ მატარებლები ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე გადიან 400 კილომეტრს, ხოლო საბურთალოს ხაზზე - 311 კილომეტრს.
მეტროს ხაზის საერთო სიგრძეა 57 კმ, აქედან პირველი ხაზის სიგრძეა 40, ხოლო მეორე ხაზის - 17 კმ.
ახმეტელი-ვარკეთილის მთელი ხაზის გასავლელად, ერთი მიმართულებით, საჭიროა ნახევარი საათი, ხოლო საბურთალოს ხაზის - 15-20 წუთი.
მატარებლები 60-70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობენ.
მეტროს მუშაობისთვის წელიწადში 65 მლნ კვტ/სთ არის საჭირო.
ყველა პლატფორმის სიგრძე სტანდარტულია და 102 მეტრს შეადგენს. გათვლილია ხუთვაგონიანი შემადგენლობისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0