პოლიტოლოგი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე

© photo: Sputnik / Stringerლალი მოროშკინა
ლალი მოროშკინა - Sputnik საქართველო, 1920, 07.01.2024
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმება მნიშვნელოვანი, მაგრამ დაგვიანებული იყო, მიიჩნევს პოლიტოლოგი.
თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა საქართველოსა და რუსეთს შორის აუცილებელია, ეს პროცესი უკვე უნდა დაიწყოს, ხოლო საქართველოს ხელისუფლებამ მეტი გაბედულება უნდა გამოიჩინოს, მიიჩნევს პოლიტოლოგი, პროფესორი ლალი მოროშკინა.
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ არსებობს. საქართველომ ის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ გაწყვიტა.
„ვფიქრობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები აუცილებლად უნდა აღდგეს. რომ არ აღდგეს, ეს აბსოლუტური სისულელეა. იმიტომ, რომ, როდესაც ჯერ კიდევ გაქვს უზარმაზარი ქართული დიასპორა რუსეთში, ამ ადამიანებს თავისი სახლი უნდათ, რადგანაც საელჩო ეს პატარა სახლისმაგვარია ამ ადამიანებისთვის. მიმაჩნია, რომ ეს პროცესი უკვე უნდა დაიწყოს, ამის გაჭიანურება არ შეიძლება, რადგან ისედაც ბევრი პროცესი გაჭიანურდა“, – განაცხადა მოროშკინამ Sputnik–საქართველოსთან ინტერვიუში.
საქართველოს ხელისუფლება, რომელიც მუდმივი წნეხის ქვეშაა, არსებული რთული სიტუაციიდან დიპლომატიურ გამოსვლას ცდილობს, აღნიშნა მოროშკინამ.
„მესმის, რომ არის ზეწოლა ამერიკული მხრიდან და ზეწოლა ევროპული მხრიდან. ამიტომ არის ასე მწირი ურთიერთობები რუსეთთან მიმართებით. მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს პროცესი შორს არაა. და ის, რომ საქართველო არ შეუერთდა სანქციებს, უკვე ბევრს ნიშნავს. პოლიტიკაში ისე არ ხდება, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვალოს“, – განაცხადა მოროშკინამ.
საქართველოს ომში ჩათრევის საფრთხე რეალური იყო – ქართველი ექსპერტები>>
პოლიტოლოგის აზრით, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის მოვლენების გამო სანქციების დაწესებაზე უარით, საქართველოს ხელისუფლებამ გამოთქვა კეთილი ნება მოსკოვთან შემდგომ ურთიერთობებზე.
„საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვუსურვო სულ ცოტა მეტი სითამამე რუსეთთან ურთიერთობებში და როგორც კი აღდგება დიპლომატიური ურთიერთობები, საქართველოს ეკონომიკა ბევრად გაიზრდება. და ეს მგონი ყველასთვის გასაგებია“, – აღნიშნა მოროშკინამ.
რუსეთს საქართველოს მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს შორის მეორე ადგილი უკავია. საქართველოსა და რუსეთს შორის საქონელბრუნვა 2023 წლის იანვარი–ნოემბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0,2%-ით შემცირდა და2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 2,7%-ით გაიზარდა, ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატის"მონაცემები.
პოლიტოლოგის აზრით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება, ასევე საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აკრძალვის გაუქმება მნიშვნელოვანი, მაგრამ დაგვიანებული იყო.
„რაც გაკეთდა, ძალიან კარგია და ძალიან დაგვიანებულიც, რადგან თაობა გაიზარდა, რომელმაც არ იცის რუსული ენა, რუსული კულტურა და მათთვის ეს მისაღები არაა, რადგან ამ თაობასთან იმ ადამიანებმა იმუშავეს, რომლებიც ოკეანის გაღმა არიან და თვალს ადევნებენ, რათა საქართველო და რუსეთი არასდროს შეთანხმდნენ“, – განაცხადა მოროშკინამ.
კარგია, რომ უვიზო რეჟიმი მოქმედებს, მაგრამ ეს რომ თუნდაც ხუთი წლის წინ ყოფილიყო, უკეთესი იქნებოდა, ხოლო 10 წლის წინ – კიდევ უკეთესი, აღნიშნა პოლიტოლოგმა.
„იმიტომ, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი ჩავიდოდა რუსეთში, ნახავდა რეალურ რუსეთს, შეიყვარებდა მას და მით უკეთესი იქნებოდა ურთიერთობებიც. მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წინაა, და მე, როგორც ოპტიმისტს, შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ–რუსულ ურთიერთობებს საუკეთესო მომნავალი აქვს“, – განაცხადა მოროშკინამ.
2023 წლის მაისის შუა რიცხვებში რუსეთმა გააუქმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და ასევე გააუქმა 2019 წელს დაწესებული ქვეყნებს შორის პირდაპირი ფრენების აკრძალვა.
პოლიტოლოგი: გლობალური პროცესები ხელს შეუწყობს ქართულ-რუსული ურთიერთობების გაუმჯობესებას>>
ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ 19 მაისს რუსეთიდან საქართველოში პირველი რეისი შეასრულა რუსული ავიაკომპანია „აზიმუტის" თვითმფრინავმა, ხოლო 20 მაისს მოსკოვში Georgian Airways-ის თვითმფრინავი გაფრინდა. 10 ივლისიდან პირდაპირი რეისების შესრულება რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა დაიწყო.
ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუსეთს შორის მოსკოვმა ცალმხრივად 2019 წელს შეწყვიტა. ამის საბაბი იყო თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოს პარლამენტის შენობაში რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სერგეი გავრილოვის გამოჩენის შემდეგ.
ყველა ახალი ამბავი
0