საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულო გახდა - მოქმედებს ჯარიმები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovსაბურავის გამოცვლა
საბურავის გამოცვლა - Sputnik საქართველო, 1920, 02.01.2024
გამოწერა
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი
თბილისი, 2 იანვარი – Sputnik. ზამთრის საბურავების გამოყენება 2024 წლის 2 იანვრიდან საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე სახელმწიფო მნიშვნელობის გზების გარკვეულ მონაკვეთებზე სავალდებულო გახდა.
მთავრობის დადგენილებით, პოლიცია აღნიშნულ პერიოდში არ გაატარებს ავტომობილს ზაფხულის საბურავებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზის ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძის, რიკოთის გვირაბი-წევას მონაკვეთებზე.
გარდა ამისა, კატეგორიულად აკრძალულია ზამთრის საბურავებით გადაადგილება მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის მლეთა–კობის მონაკვეთზე.
ასეთივე შეზღუდვები მოქმედებს ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზის დმანისის გადასახვევი- გუგუთის მონაკვეთზე, ხაშური-ახალციხე-ვალეს გზის ქვიშხეთი-ვალეს მონაკვეთზე, ასევე ზაჰესი-რუსთავის, ახალციხე–ნინოწმინდის მონაკვეთებზე.
ზაფხულის საბურავების მქონე ავტომობილებით გადაადგილება აკრძალულია ასევე ახალქალაქი- თურქეთის საზღვრის მონაკვეთზე.
რაც შეეხება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებს, მსგავსი შეზღუდვები ძალაში შევიდა შემდეგი გზების გარკვეულ უბნებზე (მთლიანობაში 1,3 კმ): ბათუმი (ანგისა)-ახალციხე, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი, ქუთაისი–ალპანა–მამისონი, თიანეთი-ზარიძეები-ჟინვალი, თბილისი–თიანეთი, თბილისი–მანგლისი, ვაზიანი–გომბორი–თელავი, ბაკურიანში, ჩოხატაური–ბახმარო და სხვ.
როგორი უნდა იყოს ზამთრის საბურავი
მოთხოვნების თანახმად, მთავრობის განსაზღვრული დადგენილებით, საბურავების დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი, დამზადების წელი უნდა ჩანდეს, საბურავის სარბენი ბილიკის ღარის (პროტექტორის) სიღრმე უნდა იყოს – არანაკლებ 3 მმ-ისა − M1, N1, N2, N3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; არანაკლებ 4 მმ-ისა − M2, M3 კატეგორიების სატრანსპორტო საშუალებებისათვის; საბურავზე დატანილი უნდა იყოს სიმბოლო − ფიფქი.
მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვი უნდა იყოს ქარხნული წესით დამზადებული, სატრანსპორტო საშუალების საბურავის ზომის შესაბამისი და თოვლით/ყინულით დაფარული გზის ზედაპირზე გამოსაყენებლად ვარგისი.
ახალი წესები მძღოლებისთვის - პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა>>
პოლიციის უფლებები
პოლიციელებს უფლება აქვთ, შეამოწმონ ავტომობილის საბურავები ნორმებთან შესაბამისობაზე და ამისთვის შეუძლიათ ავტომობილის სავალი ნაწილიდან გადაყვანა მოითხოვონ. დათვალიერება ხდება ვიზუალურად. პროტექტორის სიღრმის გასაზომად პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, გამოიყენონ სპეციალური მოწყობილობა.
თუ ავტომობილი მოთხოვნებს არ შეესაბამება, უფლება აქვთ, დააჯარიმონ მფლობელი, აუკრძალონ გამგზავრება და ჩამოართვან კიდეც ავტომობილი, თუ ის პოტენციურ საფრთხეს უქმნის საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს.
ჯარიმა შეადგენს 100 ლარს. ამასთან, მძღოლს დარიცხული 100–დან 5 ქულა ჩამოეჭრება.
პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა ადმინისტრაციული დარღვევაა, ხოლო პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევა – სისხლის სამართლის დანაშაული.
ყველა ახალი ამბავი
0