თავდაცვის სამინისტრო ქართული ჯარის შესახებ სტერეოტიპის დამსხვრევას ცდილობს

© photo: Sputnik / Stringerთავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 27.12.2023
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ინიციატივები დიდი მოთხოვნით სარგებლობს, აღნიშნა მინისტრმა
თბილისი, 27 დეკემბერი — Sputnik. ქართული ჯარის პოპულარიზაცია და თავდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები მიზნად ისახავს საზოგადოებაში ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ნეგატიური სტერეოტიპის დამსხვრევას, განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
როგორც ადრე მინისტრმა განაცხადა, ჯარის პოპულარიზაციის გზით საქართველო მიაღწევს თავის მიზანს - შექმნას უსაფრთხო გარემო, შეამციროს რისკები და ჰყავდეს ბრძოლისუნარიანი ჯარი, რომელიც ნებისმიერი შემადგენლობის მოწინააღმდეგეს შეეწინააღმდეგება.
„რამდენიმე წელიწადში ჩვენ მთლიანად შევცვლით საზოგადოებაში არსებულ კომუნისტურ და საბჭოთა სტერეოტიპს, რომ ჯარი არის ცუდია და ასეთი აზროვნება აღარ იარსებებს ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებაში“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა საზოგადოებაში ქართული ჯარის პოპულარიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა. როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ განმარტა, მუშაობა მიმდინარეობს როგორც განათლების მიმართულებით, ისე საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიის კუთხით.
„ჩვენ დავაწესეთ ახალი ინიციატივა „ჯარის ბანაკები“, სკოლებში შევიტანეთ საგანი „თავდაცვა და უსაფრთხოება“. ეს მიმართულება ძალიან საინტერესო და პოპულარულია. მოთხოვნა ძალიან დიდი გვაქვს როგორც საზაფხულო ბანაკების შემთხვევაში, ისე სკოლებში. ჩვენ, ფაქტობრივად, ყველა სკოლას მოვიცავთ წელს ან მაქსიმუმ მომავალ წელს, სადაც ჩავატარებთ აღნიშნულ საგნებს“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
ცვლილებები შეეხო კანონმდებლობასაც -2025 წლიდან ძალაში შევა თავდაცვის განახლებული კოდექსი. სიახლეები შეეხება როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას. ცვლილებების წყალობით, ჯარში სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწევთ როგორც სტუდენტებს, ისე სასულიერო პირებს.
ანუ მალე ოპოზიციური პარტია „გირჩის“ მიერ 2017 წელს შექმნილი ორგანიზაცია „საქართველოს ქრისტიანული, ევანგელისტური, პროტესტანტული ეკლესია – ბიბლიური თავისუფლება“ უსარგებლო გახდება. აქამდე ის სამხედრო ასაკის ათასობით მოქალაქეს ჯარიდან თავიდან არიდებაში დაეხმარა.
მთავარი სიახლეები
„თავდაცვის კოდექსი" არეგულირებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
ჯუანშერ ბურჭულაძე: ტოტალური გაწვევა არ იქნება, მაგრამ ჯარიდან თავს ვერ აირიდებ>>>
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური". გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი. სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის თანახმად, გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
თავდაცვის ძალების სიახლეები
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
ამასთან, კოდექსის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.
სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.
პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ კოდექსს: როდის ამოქმედდება სიახლეები>>>
ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.
ასე მაგალითად, კაპრალის ან კაპრალ-სპეციალისტის წოდების მინიჭებისთვის ორი წლის ნაცვლად ერთი წელი იქნება საჭირო, უფროსი სერჟანტის წოდებისთვის - სამი წელი ოთხის ნაცვლად.
უფროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები კი გაიზრდება. მაიორის წოდების მისაღებად კაპიტანს 4 წლის ნამსახური დასჭირდება, ხოლო მაიორს ვიცე-პოლკოვნიკის წოდებისთვის - 5 წელი.
ამავდროულად, ქართულ ჯარში რიგითებისთვის სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 45 წლამდე შემცირდება, მაგრამ სერჟანტებისთვის ჯარში სამსახურის მაქსიმალური ასაკი 50-დან 55 წლამდე გაიზრდება. ასეთივე იქნება სამხედრო ექიმების მაქსიმალური ასაკი.
ყველა ახალი ამბავი
0