პრეზიდენტმა ხელი მოაწერა თავდაცვის განახლებულ კოდექსს: როდის ამოქმედდება სიახლეები

© photo: Sputnik / Stringer26 მაისის ზეიმი
26 მაისის ზეიმი - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
პრეზიდენტის ადმინისტრაციას საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები აქვს.
თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განახლებულ „თავდაცვის კოდექსს", სადაც შეცვლილია სავალდებულო სამსახურში გაწვევის პრინციპი, განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში დავით თევზაძემ.
„თავდაცვის კოდექსი" 2025 წლიდან ამოქმედდება. სიახლეები შეეხება როგორც სავალდებულო სამსახურს, ისე საკონტრაქტო სამსახურს და საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურას.

„თავდაცვის კოდექსი"... საზოგადოებისთვის ერთ-ერთ ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას აწესრიგებს... დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად „საყარაულო ჯიხურებში“ უწევდათ, რის გამოც მათი დამოკიდებულება ჯარის მიმართ საგრძნობლად უარყოფითი გახდა", – განაცხადა თევზაძემ.

ამავე დროს, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საქართველოს თავდაცვის ძალების სტრუქტურასთან დაკავშირებით რიგი შენიშვნები გამოთქვა.
„დამაფიქრებელია, მით უმეტეს, არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რომ თავდაცვის სისტემების გააზრებისას „თავდაცვის კოდექსში" ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისათვის და საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი", – განაცხადა თევზაძემ.
გარდა ამისა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის აზრით, ეროვნული თავდაცვის საბჭოს „თავდაცვის კოდექსით" განსაზღვრული უფლებამოსილება და საქმიანობის წესი იმ მოცემულობას არ შეესაბამება, რომელიც კონსტიტუციითაა დადგენილი, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას.
მთავარი სიახლეები
„თავდაცვის კოდექსი" არეგულირებს სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, სამხედრო აღრიცხვასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, სამხედრო განათლებასთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებულ საკითხებს.
საქართველოს პრემიერმა თავდაცვის ახალი კოდექსი დადებითად შეაფასა>>
2025 წლიდან გაწვევა განხორციელდება მხოლოდ სამხედრო სამსახურში, რომელსაც ერქმევა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. გაწვევა განხორციელდება წვევამდელთა სიიდან შემთხვევითი შერჩევის პრინციპით.
წვევამდელთა სამსახური იქნება ანაზღაურებადი, ასევე იქნება გათვალისწინებული შვებულებები და დასვენების დღეები. წვევამდელი თავად აირჩევს სამსახურის გავლის სამიდან ერთ-ერთ ვარიანტს:
სამსახური საბრძოლო ქვედანაყოფში – ექვსი თვე:
სამსახური დაცვისა და უზრუნველყოფის ქვედანაყოფებში – რვა თვე;
სამსახური უმცროსი სამეთაურო წოდების მისაღებად და გარკვეული სპეციალობის დაუფლებისთვის – 11 თვე.
გარდა ამისა, ყველა გაწვეულს ეკუთვნის დასვენება ოფიციალურ უქმე დღეებში. გამონაკლისია წვრთნები ან განსაკუთრებული რეჟიმი, ასევე დისციპლინური სასჯელი. სამსახურის პერიოდში გაწვეულებს შეუნარჩუნდებათ სამუშაო ადგილი, ხელფასი საჯარო სამსახურის შემთხვევაში, ყველა ის შეღავათი, რომლებითაც ის სარგებლობდა გაწვევამდე, ასევე გაწვეული უფასოდ ისარგებლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.
სიახლის თანახმად, გადავადება შესაძლებელია მხოლოდ ერთხელ და ის 5 ათასი ლარი დაჯდება.
ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა კონფესიის მღვდელმსახურები გაივლიან ალტერნატიულ მსახურებას, ხოლო სტუდენტებს საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის შესაფერისი ვარიანტი – სამსახური წელიწადში ერთხელ ერთი თვის განმავლობაში, ან სწავლის პერიოდში ინტენსიური კურსი ოფიცრის წოდების მისაღებად.
მოქმედი კანონმდებლობით, წვევამდელთა სამსახური მოიცავს ერთ წელიწადს და შვებულებას არ ითვალისწინებს.
თავდაცვის ძალების სიახლეები
თავად სამხედრო სამსახური მოიცავს რეგულარულ და სარეზერვო სამსახურს. რეგულარულ სამხედრო სამსახურში პროფესიული და ვადიანი სამსახური იქნება, ხოლო სარეზერვო სამსახური გულისხმობს აქტიურ სარეზერვო სამსახურს და სამობილიზაციო რეზერვს.
პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსი" დაამტკიცა>>
ამასთან, აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა ტერიტორიულ სარეზერვო სამსახურად და სპეციალისტთა რეზერვად, ხოლო სამობილიზაციო რეზერვი შედგება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვისა და საერთო სამობილიზაციო რეზერვისგან.
ამასთან, კოდექსის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსი მხოლოდ თავდაცვის ძალებში მომსახურეებს ექნებათ, დანარჩენებს – სპეციალური წოდებები.
სამხედრო სამსახური თავსებადი იქნება მხოლოდ სამეცნიერო, პედაგოგიურ, შემოქმედებით, სამედიცინო საქმიანობასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან და საწარმოო საქმიანობასთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობასთან.
ამ შემთხვევაში შეთავსება სავალდებულო იქნება სპეციალური წოდების მქონე პირებისთვის.
აგრეთვე იცვლება სამხედრო მოსამსახურეთათვის წოდებების მინიჭების სისტემაც. უმცროსი ოფიცრის წოდების მინიჭების ვადები შემცირდება.
ყველა ახალი ამბავი
0