ბათუმში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს

© Batumi City Hallქარი ბათუმში
ქარი ბათუმში - Sputnik საქართველო, 1920, 25.12.2023
გამოწერა
თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. ბათუმში სტიქიით მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაო უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, იუწყება „აჭარის ტელევიზია".
აჭარაში კვირას, 24 დეკემბერს მოსულმა ძლიერმა ნალექმა და ქარმა პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის შედეგად დაზიანდა მრავალბინიანი სახლების სახურავები, თუნუქის შეფუთვები, ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები, მუნიციპალური ავტობუსის გაჩერებები. ქარმა ცენტრალურ უბნებში მოგლიჯა მრავალწლოვანი ხეები. დაზიანებულია რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანაც.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სალიკვიდაციო ღონისძიებები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ოპერატიულად ჩატარდა წაქცეული ხეებისგან გზების გათავისუფლებისა და დასუფთავების სამუშაო. ამ დრომდე საგანგებო რეჟიმში მუშაობენ მერიის სამსახურები.
მოგლეჯილი ხეები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა: ბათუმში ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა>>>
ძლიერმა ქარმა ზარალი მიაყენა ქობულეთის მუნიციპალიტეტსაც. მოგლეჯილია ხეები, გადახდილია სახლის სახურავები, დაზიანებულია ელექტროგადამცემი და გარეგანათების ბოძები.
უამინდობის გამო მოსახლეობას ზიანი მიადგა სოფლებშიც - მოგლეჯილი ხეების გამო ჩახერგილი იყო გზები რამდენიმე მიმართულებით. დაბა ჩაქვში ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც სახლს დაეცა, სახალვაშოში კი გადახდილი სახურავი ავტომობილს დაეცა.
ქობულეთის მერის წარმომადგენლის განცხადებით, ქალაქის მასშტაბით მოხდება სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის აღრიცხვა.
ყველა ახალი ამბავი
0