IT-ტექნოლოგიები საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორად ყალიბდება - დავითაშვილი

© Ministry of Economy of Georgiaლევან დავითაშვილი
ლევან დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 20.12.2023
გამოწერა
საქართველომ IT მომსახურების ექსპორტიდან უკვე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავლები მიიღო, განაცხადა ვიცე-პრემიერმა
თბილისი, 20 დეკემბერი — Sputnik. IT სექტორი (საინფორმაციო ტექნოლოგიები) საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში უკვე მნიშვნელოვან როლს ასრულებს, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
„IT-ის სექტორი ყალიბდება როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარგი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს ახალი სექტორია, რომელიც ადრე მნიშვნელოვან როლს ეკონომიკაში არ ასრულებდა, მაგრამ ჩვენ უკვე IT მომსახურების ექსპორტიდან შემოსავლები ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი მივიღეთ და დინამიურად განვითარებადი დარგია“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შარშან საქართველოს ჰქონდა რეკორდულად მაღალი ინვესტიციები - 2 მლრდ დოლარზე მეტი, წელსაც საკმაოდ დადებითი დინამიკა შეინარჩუნა ქვეყანამ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით.
„მნიშვნელოვანია, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები იყოს ხარისხიანი და ჩვენთან შემოდიოდნენ კომპანიები, რომლებსაც აქვთ გადამდები ეფექტი ამა თუ იმ დარგის განვითარების კუთხით“, - განაცხადა მან.
2022 წელს ინვესტიციების მოცულობამ, დაზუსტებული მონაცემებით, 2,1 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც 67,5%-ით აღემატებოდა 2021 წლის მონაცემებს.
დავითაშვილის თქმით, ეკონომიკური წინსვლა არის ერთადერთი გზა, რითაც მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები შეიძლება გაუმჯობესდეს. მან ასევე აღნიშნა, რომ 2023 წელი გამოირჩეოდა ეკონომიკური აქტივობით.
„პირველი 10 თვის მონაცემებით 7-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას ვინარჩუნებთ. ჩვენი მოლოდინია, რომ დაახლოებით 7 პროცენტთან ახლოს იქნება წლიური შედეგები, რაც ასევე ძალიან მაღალია და საქართველოს ეკონომიკური ზრდა გამოირჩევა არა მხოლოდ რეგიონში, არამედ უფრო ფართო რეგიონში“, - განაცხადა მან.
როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, პროგნოზების მიხედვით, შემდეგი ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის ყველაზე სწრაფად უნდა იზრდებოდეს.
საქართველოში ინვესტიციები მცირდება: „საქსტატის“ უახლესი მონაცემები >>
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის მიხედვით, ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტზე მაღალი უნდა იყოს. ჩვენს ბიუჯეტს შესაბამისად კონსერვატორულად ვგეგმავთ ხოლმე და მომავალი წლის ბიუჯეტიც 5-პროცენტიან ეკონომიკურ ზრდაზეა დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მოლოდინია, ეკონომიკური ზრდა შეიძლება, კიდევ უფრო მაღალი იყოს“, – აღნიშნა დავითაშვილმა.
მისი თქმით, დღეს საქართველოს ბიზნეს-სექტორს მნიშვნელოვანი ნდობა აქვს ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ და შესაბამისად, აქტივობაც ძალიან მაღალია.
„პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდისთვის და იმისთვის, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარება გვქონდეს, უმნიშვნელოვანესია, ჩვენს ქვეყანაში იყოს მშვიდობა და სტაბილური ვითარება. პოლიტიკურად სტაბილური ვითარება უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა, რომ ვისაუბროთ ეკონომიკაში შედეგებზე, ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებიც წარმატებით უნდა განხორციელდეს“, - განაცხადა მან.
გამოვლინდნენ თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები >>
დავითაშვილმა აღნიშნა, რომ წლების განმავლობაში ხელისუფლებამ აჩვენა მოსახლეობას და მათ შორის ბიზნესსაც, რომ ქვეყანაში არის პროგნოზირებადი გარემო ეკონომიკური და პოლიტიკური კუთხითაც.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატის" მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% შეადგინა. 2023 წლის იანვარ–ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
ყველა ახალი ამბავი
0