საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ომში ჩართვის მცდელობა აღკვეთა – პრემიერი

© Government of Georgiaირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 18.12.2023
გამოწერა
ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ არავინ იცის ზუსტად, როგორ დასრულდება უკრაინის კონფლიქტი და როგორი იქნება ამის შემდეგ მსოფლიო წესრიგი.
თბილისი, 18 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ აღკვეთა შიდა მტრულად განწყობილი ძალების მცდელობები, მოეწყოთ დესტაბილიზაცია და ქვეყანა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩაებათ, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის წლიური მუშაობის ანგარიშის წარდგენისას.
„საფრთხე იყო საკმაოდ რეალური, ეს არ იყო მოგონილი, იყო საფრთხე ქვეყნის დესტაბილიზაციის. ქვეყნის შიგნით მოქმედი რადიკალური ჯგუფები და მტრული ძალები, მე არ მოვერიდები ამის თქმას, პირდაპირ იყვნენ დაინტერესებული იმით, რომ ქვეყანა ჩაბმულიყო ამ საომარ ვითარებაში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
მას მაგალითები არ მოუყვანია, აღნიშნა, რომ ყველამ ისედაც კარგად იცის ყველაფერი.
პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ხალხისა და ქვეყნის ინტერესებით მოქმედებს და სწორედ ამის წყალობით მოხერხდა ქვეყნის გადარჩენა ყველაზე დიდი უბედურებისგან, რომელიც შეიძლება დასტყომოდა თავს – ომისგან.
„რა თქმა უნდა, მე შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ეს რისკები მთლიანად არის განეიტრალებული, ბუნებრივია ეს რისკები არსად არ წასულა, ჩვენ მაქსიმალური სიფრთხილით და გონიერებით ვაფასებთ რისკებს, ვახდენთ საფრთხეების იდენტიფიცირებას, შესაბამის პრევენციებს ვახორციელებთ და ვიცავთ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ამასთან, პრემიერმა დასძინა, რომ უკრაინის კონფლიქტის დაწყებიდან მთელი პერიოდი საქართველო 24–საათიან რეჟიმშია კავშირზე თავის დასავლელ პარტნიორებთან, რომლებიც, მისი თქმით, სრულად არიან ინფორმირებული საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკის, ამოცანებისა და მიზნების შესახებ. „არავითარი კითხვები აღარ არსებობს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ის ასევე შეეხო უშუალოდ კონფლიქტს უკრაინაში და განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსოფლიო წესრიგის შეცვლის მცდელობა, რომელიც მეორე მსოფლიო ომისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამყარდა.
მთავრობისა და ხალხის ერთიანობა - პრემიერი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის შედეგებზე>>
პრემიერმა აღნიშნა, რომ ზუსტად არავინ იცის, როგორ დასრულდება კონფლიქტი უკრაინაში და რა შედეგები შეიძლება ჰქონდეს მთელი ევროპისა და კერძოდ, რეგიონის უსაფრთხოების არქიტექტურას, როგორი იქნება მსოფლიო წესრიგი.
პრემიერმა 2008 წლის აგვისტოს ომი გაიხსენა და მას ქვეყნისთვის ძალზე დიდი ტრაგედია უწოდა.
„სამწუხაროდ, მაშინდელმა უპასუხისმგებლო მთავრობამ ვერ მოახერხა ამ ომის თავიდან არიდება. მე ეს არაერთხელ მითქვამს, რომ 2008 წელს რომ ყოფილიყო ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში, ეს ომი არ მოხდებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ქვეყანას 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაარსებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მართავდა.
ოპოზიცია და მისი პატრონები ყველაფერზე წავლენ - „ხალხის ძალის“ განცხადება>>
მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის თანამოაზრეებს „რადიკალურ ძალას“ უწოდებს, რომელიც ცდილობს ძალაუფლება არეულობების გზით დაიბრუნოს და ქვეყანა ომში ჩართოს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუსი) 18 სექტემბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ელოდება, უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით არეულობები მზადდება.
ევროკავშირმა გასულ კვირაში საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო.
ყველა ახალი ამბავი
0