ოპოზიცია და მისი პატრონები ყველაფერზე წავლენ - „ხალხის ძალის“ განცხადება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2023
გამოწერა
საქართველოში რევოლუციური სცენარის მომზადების უკან „გლობალური ომის პარტია“ დგას, მიიჩნევენ „ხალხის ძალაში".
თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. რადიკალურ ოპოზიციას 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვს, ამიტომ ის და მისი პატრონები არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ყველაფერზე წავლენ, ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ განაცხადა, რომ ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ–დეკემბერში იგეგმება დესტაბილიზაცია და არეულობები ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის გადაწყვეტილებას ელოდება კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე. არეულობები იგეგმება უცხოეთის ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით, აღნიშნავენ სუსში.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გუშინ გავრცელებულმა ინფორმაციამ კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რადიკალური ოპოზიციის უმძიმესი მდგომარეობის მიუხედავად, ყურადღების მოდუნება ერთი წამითაც არ შეიძლება. მეტიც, სწორედ იმის გამო, რომ რადიკალური ოპოზიცია ასეთი მოშლილი და დასუსტებულია და საპარლამენტო არჩევნების მოგების არავითარი შანსი არ აქვს, ის და მისი პატრონები არჩევნებამდე და მის შემდეგ ყველაფერ უკადრებელზე წავლენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ხალხის ძალა“ და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ „რადიკალურ ოპოზიციას“ უწოდებენ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ და მის თანამოაზრეებს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ძალზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა, მაგრამ მას არ უთქვამს მთავარი – ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. ცხადია, ოპოზიციას დამოუკიდებლად არავითარი არეულობის მოწყობის რესურსი არ აქვს“, – ნათქვამია განცხადებაში.

თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქმის მცოდნე ადამიანისთვის აშკარაა, რომ საქართველოსა და ხელისუფლების მთავარი მტრები არა ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ მათი უცხოელი პატრონები არიან.
დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს „გლობალური ომის პარტიის“ გავლენა აშშ-ის მთავრობაში შესუსტდა, რაც დადებითად აისახა მსოფლიო პოლიტიკაზე, აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ავტორების თქმით, 2016–2020 წლები გამონაკლისი იყო, როდესაც მსოფლიოში არ იყო ომები აშშ-ის მონაწილეობით და შეწყდა რევოლუციური პროცესები ქვეყნებში, რომლებიც ამერიკის ხელისუფლებისთვის ინტერესს წარმოადგენს.
უსაფრთხოების სამსახური: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება>>
თუმცა, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ტრამპის მარცხის შემდეგ „გლობალურმა ომის პარტიამ“ აღადგინა თავისი გადამწყვეტი გავლენა ამერიკის ხელისუფლებაზე და მსოფლიოში კვლავ არეულობები მოაწყო.

„საქართველოშიც ქვეყნის არევის სცენარი სწორედ ამერიკაში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ამოქმედდა. იმავე პერიოდში ჩაანაცვლა კელი დეგნანმა კარლ ჰარცელი „გლობალური ომის პარტიის“ ელჩის თანამდებობაზე“, – აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

„ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ ლიდერების განმარტებით, „გლობალური ომის პარტიის“ ქვეშ იგულისხმებიან უცხოეთში მყოფი გავლენიანი პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნას. ამავე დროს „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის მომხრეებს „ლოკალურ ომის პარტიას“ უწოდებენ.

„იმ პირობებში, როცა ვერც ხელისუფლება შეცვალა და ვერც მოქმედი ხელისუფლება დაითანხმა ომზე, ბუნებრივია, „გლობალური ომის პარტია“ ყველაფერს გააკეთებს, რომ ორი ფრონტის სცენარის ჩაშლისთვის ხელისუფლებაზე შური იძიოს და ხელისუფლებაში საკუთარი აგენტურა დააბრუნოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადების ავტორები აღნიშნავენ, გარედან მართული რევოლუციები მარტივი სქემით წარიმართება – შემოგაქვს ხელისუფლების არალეგიტიმურობის „ნარატივი“, ახდენ ძალოვანი სტრუქტურების დისკრედიტაციას და წინასწარ მომზადებული აგრესიული ჯგუფების მეშვეობით ორგანიზებას უწევ აქციებსა და დაუმორჩილებლობას.
ასეთი სქემებით, „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესების კარნახით მოქმედმა ამერიკულმა ადმინისტრაციებმა უმძიმეს მდგომარეობამდე მიიყვანეს არაერთი ქვეყანა, მათ შორის, სირია, ერაყი, ლიბია, იემენი და უკრაინა, აღნიშნულია განცხადებაში.

„ყველას გვახსოვს, რომ ზემოაღნიშნული რევოლუციები დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ეწყობოდა. თუმცა რეალობა ისაა, რომ ყველა ამ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობა დღეს ბევრად უფრო მძიმეა, ვიდრე თუნდაც რევოლუციებამდე იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ახსოვს, როგორი დემოკრატია და ადამიანების უფლებები მოიტანა საქართველოში „ვარდების რევოლუციამ“ – სასამართლოსა და ძალოვანი სტრუქტურების სრული მიტაცება ხელისუფლებაში მოსული უცხოური აგენტურის მიერ, ციხეების გადავსება, ადამიანების წამება და არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და სრული მონოპოლიზაცია, აღნიშნავენ „ხალხის ძალაში“.

„ეს მხოლოდ არასრული ჩამონათვალია იმ უბედურებისა, რომელიც საქართველოს სააკაშვილის რეჟიმმა დამართა. დღეს კი თავხედურად გვეუბნებიან, რომ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობას“ დავაბრუნებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„გლობალური ომის პარტიის“ სურვილია, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სახელით ხელისუფლებაში ის ძალა დააბრუნოს, რომელიც საქართველოში დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საბოლოოდ დაასამარებს, რაზეც მას გარედან უპირობო მწვანე შუქი ექნება ანთებული.
„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში>>
რაც მთავარია, „ნაცმოძრაობა“ თვალდახუჭული შეასრულებს ყველა დავალებას და, უკრაინული „მაიდნის“ ანალოგიურად, საქართველოს ომში რევოლუციის დასრულებისთანავე ჩართავს, რაც ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას უკრაინაზე მძიმე შედეგებს მოუტანს.

„ბუნებრივია, „გლობალურ ომის პარტიასა“ და მის აგენტურას საქართველოში რევოლუციის მოწყობის დიდი რესურსი არ აქვთ... თუმცა, მომდევნო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ერთი წამითაც არ შეიძლება ყურადღების მოდუნება, რომ ჩვენი ქვეყანა ბოროტი ძალების გლობალური და ლოკალური ინტერესების მსხვერპლად არ ვაქციოთ“, – ნათქვამია განცხადებაში.

სუსის გამოძიება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ ქართული წარმოშობის სამხედროების ჯგუფი, რომლებიც უკრაინაში კონფლიქტში მონაწილეობენ, და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის.
გეგმის ერთ-ერთი ავტორია გიორგი ლორთქიფანიძე. ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
უკრაინა კრიმინალების თავშესაფარი გახდა – რეაქცია გადატრიალების შესახებ სუსის განცხადებაზე>>
გეგმის განსახორციელებლად ლორთქიფანიძის დაქვემდებარებაში არიან ქართული წარმომავლობის პირები, მათ შორის, სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი, ასევე ექს-პრეზიდენტის ახლო გარემოცვის წევრი მამუკა მამულაშვილი, რომელიც უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაურია.
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში. მათი თქმით, სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებისა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით.
აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებზე და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.
დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება, აღნიშნულია სუსის განცხადებაში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.
ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის, ნათქვამია სუსის განცხადებაში.
სუსში აღნიშნეს, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც ქვეყანაში პროვოკაციები იგეგმება.
ყველა ახალი ამბავი
0