„ევრომაიდანი", აფეთქება და სროლა: ვინ და როგორ გეგმავს გადატრიალების მოწყობას საქართველოში

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2023
გამოწერა
თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილე ქართული წარმომავლობის სამხედრო მოსამსახურეების დიდი ჯგუფი და დაინტერესებული მხარის გავლენის ქვეშ მყოფი ქართველი ახალგაზრდების ნაწილი, რომელთა წვრთნაც მიმდინარეობს პოლონეთი-უკრაინის სახელმწიფო საზღვართან ახლოს, გამოყენებული იქნება საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით სამოქალაქო არეულობის ორგანიზებისთვის, ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
უწყების ცნობით, გეგმის ერთ-ერთი ავტორია მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე. აღნიშნულია, რომ საქართველოში სამოქალაქო არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება. დესტრუქციული პროცესების დაწყების თარიღად შერჩეულია მიმდინარე წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდი, როდესაც უნდა გამოქვეყნდეს ევროკომისიის შუალედური და ევროკავშირის საბოლოო დასკვნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
სუსი: საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება იგეგმება>>>
რევოლუციური სცენარისთვის ახალგაზრდული ჯგუფების მომზადების მიზნით გამოიყენება ორგანიზაცია „კანვასი" (CANVAS), რომლის ბირთვსაც წარმოადგენს ორგანიზაცია „ოტპორი", განაცხადეს სუსში.

„სწორედ ამ ორგანიზაციებმა მიიღეს წარსულში აქტიური მონაწილეობა სერბეთში განვითარებულ რევოლუციურ პროცესებში და, შესაბამისად, რეგულარულად გამოიყენებიან სხვადასხვა ქვეყანაში ახალგაზრდების მომზადებასა და დესტრუქციულ პროცესებში ჩართვის მიზნით", – ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული პირების მიერ განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელთა შორისაა ე.წ. „კარვების ქალაქის" მოწყობა, საქართველოს ცენტრალურ გამზირებსა და სტრატეგიულ ობიექტებთან ბარიკადების აღმართვა, სამთავრობო შენობების დაკავება-ბარიკადირება და სხვა მართლსაწინააღმდეგო მოქმედებები, რომლებიც შეიცავენ სერიოზული პროვოკაციის ელემენტებს.

„კერძოდ, დადასტურებულად ცნობილია, რომ ორგანიზატორების მიერ განიხილება 2014 წელს უკრაინაში გამართული „ევრომაიდნის“ მსგავსი სცენარის საქართველოში განხორციელება", – აღნიშნულია განცხადებაში.

გარდა ამისა, ცნობილია, რომ ე.წ. „კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე, სადაც გიორგი ლორთქიფანიძისა და მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრის მიხეილ ბატურინის ორგანიზებით აქციები გაიმართება, წინასწარ შერჩეულ კარავში განათავსებენ ასაფეთქებელ მოწყობილობას, რომლის აფეთქებაც განზრახული აქვთ დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზატორებს.

„მათი დანაშაულებრივი გეგმის მიხედვით, აღნიშნულმა უნდა გამოიწვიოს საპროტესტო აქციებში მონაწილე მშვიდობიან მოსახლეობასა და სამართალდამცველი ორგანოს წარმომადგენელთა რიგებში მსხვერპლი. ტერორისტული აქტის განხორციელების შემთხვევაში დესტრუქციული ძალები იმედოვნებენ, რომ მოხდება უმისამართო სროლა სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის, რაც ნოყიერ ნიადაგს შექმნის შემდგომი სამოქალაქო დაპირისპირებისთვის", – ნათქვამია სუსის განცხადებაში.

როგორც უწყებაში განმარტავენ, ორგანიზატორების მიერ ხსენებული პროვოკაციები პირველად არ დაგეგმილა საქართველოს წინააღმდეგ, თუმცა წარსულში ისინი აღკვეთილ იქნა სამართალდამცველების ეფექტური და პრევენციული რეაგირების შედეგად.

„არსებული მძიმე გეოპოლიტიკური ვითარების გამოწვევების გათვალისწინებით, განსხვავებით წინა შემთხვევებისგან, ამჟამინდელი გეგმა წარმოადგენს გაცილებით მაღალი რისკის შემცველ ფაქტორს, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც ქვეყნის უსაფრთხოებას, ასევე საქართველოს რიგითი მოსახლეობის სიცოცხლეს, კეთილდღეობასა და ჯანმრთელობას", – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აღნიშნული რისკების გასანეიტრალებლად, სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციაში ახორციელებს და განახორციელებს ყველა საჭირო პრევენციულ ღონისძიებას, განმარტეს უწყებაში.
დამატებითი ოპერატიული ინფორმაციის მიღების მიზნით სამსახური ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით მიმართავს პარტნიორი ქვეყნების შესაბამის უწყებებს.
ყველა ახალი ამბავი
0