დარჩიაშვილი - არცერთი ქვეყანა არ არის საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი

© AP Photo / Shakh Aivazovილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 12.12.2023
გამოწერა
საქართველოს პირველი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ევროპული საბჭო დადებით გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს
თბილისი, 12 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირის არცერთი ქვეყანა არ არის საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალის შემდეგ ჟურნალისტებთან.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.

„ჩვენ შეგვიძლია, ვუთხრათ ჩვენს მოსახლეობას, რომ არცერთი ქვეყანა არ არის, რომელიც წინააღმდეგია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების. ეს გვიქმნის ძალიან დიდ მოლოდინებს და დარწმუნებული ვარ, საბჭო ამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას სწორედ უახლოეს დღეებში, კვირის ბოლოსთვის მიიღებს", - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მინისტერიალზე, მრგვალი მაგიდის გარშემო იგრძნობოდა განწყობა, რომ ევროკავშირი საკმაოდ საინტერესოდ უყურებს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავალს.
„მთავარი გზავნილი, რომელიც მე ჩამოვიტანე საქართველოდან, არის ის, რომ საქართველო მზად არის, მომავალში გააგრძელოს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნის რანგში თავისი კონტრიბუცია", - განაცხადა დარჩიაშვილმა.
მიანიჭებენ თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს? პარლამენტის სპიკერის მოსაზრება>>>
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა 11 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში გამართულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მინისტერიალში. საქართველოს პირველმა დიპლომატმა შეხვედრა ასევე გამართა ევროკომისართან გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
საქართველოს მმართველი პარტიის ლიდერმა უნგრეთზე ოპოზიციის თავდასხმების მიზეზი განმარტა>>>
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ყველა ახალი ამბავი
0