ახლა ფასი აღარ აქვს: კობახიძემ მელიას „ნაცმოძრაობიდან“ წასვლა შეაფასა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 08.12.2023
გამოწერა
თბილისი, 8 დეკემბერი — Sputnik. თავმოყვარე კაცი აქამდეც უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, მაგრამ ნიკა მელია ამ პარტიას ვერ ელეოდა, განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.
მისი თქმით, მელიას იმედი ჰქონდა, რომ „ნაცმოძრაობაში“ პოზიციების აღდგენას მოახერხებდა და ამიტომაც იკავებდა თავს მისი დატოვებისგან მანამ, სანამ ის თავად პარტიამ არ გარიცხა თავისი რიგებიდან.
„ნიკა მელია არ გადიოდა „ნაცმოძრაობიდან“, ვიდრე არ გარიცხეს და ამის მერე თქვა, რომ გავიდა პარტიიდან. ეს თავიდან ბოლომდე მეტყველებს მის არათანმიმდევრულობაზე. თავმოყვარე კაცი აქამდეც უნდა გასულიყო „ნაცმოძრაობიდან“, თუმცა ის ამ უმძიმეს პოლიტიკურ პარტიას ვერ ელეოდა ამდენი ხნის განმავლობაში, ინარჩუნებდა იმედს, რომ მოახერხებდა „ნაცმოძრაობაში“ პოზიციების აღდგენას. ახლა, უკვე გარიცხულზე, [პარტიიდან] მის გასვლას არავითარი ფასი არ აქვს“, — აღნიშნა კობახიძემ.
მისი აზრით, ნიკა მელიას პერსპექტივები ქართულ პოლიტიკაში მაინცდამაინც დიდი არ არის, „თუმცა კარგი ისაა, რომ მას შეუძლია დაახლოებით ერთი პროცენტი წაართვას „ნაცმოძრაობას“, რაც დადებითად აისახება არჩევნების შედეგებზე“.
ნიკა მელიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და ახალ პარტიას აფუძნებს.
ყველა ახალი ამბავი
0