საქართველოს კანდიდატის სტატუსის უკრაინის საკითხთან დაკავშირება არასწორია - კობახიძე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
თბილისი, 7 დეკემბერი — Sputnik. საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების დაკავშირება უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებების დაწყებასთან, აბსოლუტურად ხელოვნური და არასწორია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბუდაპეშტში ვიზიტის დროს.
ქართველმა ოპოზიციონერებმა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანს, რომელიც ეწინააღმდეგება დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების თემაზე მოლაპარაკებების დაწყებას, საქართველოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში დაბრკოლება უწოდეს. მათი თქმით, ორბანი არის პრორუსი პოლიტიკოსი, რომელიც აშანტაჟებს ევროკავშირს და არის მმართველი პარტია „ქართული ოცნების" ერთადერთი მოკავშირე.
„რა თქმა უნდა, წარიმართება მოლაპარაკებები ევროკავშირსა და უნგრეთს შორის, ეს არის ევროკავშირისა და უნგრეთის საკითხი, ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ბუნებრივია, ამ მოლაპარაკებებმა გავლენა არ უნდა მოახდინოს საქართველოს საკითხზე, მით უმეტეს, რომ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პირდაპირ დაკავშირება ამ მიმართულებით არ არის სწორი", - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე აღნიშნა, რომ გასულ წელს უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭეს, თუმცა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, ეს არ გამხდარა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საფუძველი მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ორივე ქვეყანასთან შედარებით საგრძნობლად წინაა.
„აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად ხელოვნურია საქართველოს საკითხის დაკავშირება იმ მოლაპარაკებებთან, რომელიც წარიმართება უკრაინის საკითხის გარშემო. ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. ჩვენ გვაქვს რწმენა, რომ 14-15 დეკემბერს მივიღებთ დადებით გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მან.
კობახიძის თქმით, ამ რწმენას აძლიერებს ის დისკუსიებიც, რომლებიც უნგრეთში პარტნიორებთან და კოლეგებთან მიმდინარეობს.
„ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ევროპულმა საბჭომ მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება საქართველოსთან დაკავშირებით... ჩვენთვის, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია ჩვენი საკითხი, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და იმედი მაქვს, რომ მას მიენიჭება ეს სტატუსი. ჩვენ, ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ ასევე უკრაინას მოლდოვას, ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი წინსვლაც", - განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტამდე ცოტა ხნით ადრე „ქართული ოცნების" ლიდერი უნგრეთში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, რათა ევროპულ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილოს.
„მივიღეთ ძალიან მყარი პირობა. რომ უნგრეთი მხარს დაუჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას... უნგრეთის პოზიცია არის ის, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გადაწყვეტილება, რომელიც უნდა იყოს მიღებული საქართველოს სასარგებლოდ ევროპული საბჭოს სხდომაზე და უნგრეთი იქნება ძალიან მყარი მხარდამჭერი", - განაცხადა კობახიძემ.
მანამდე ორბანმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტს საერთოდ არ სურს დეკემბრის სამიტის დღის წესრიგში უკრაინის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დაყენება, რადგან წინასწარ ცხადია, რომ წევრ ქვეყნებს შორის თანხმობა არ იქნება. მან ასევე გამოთქვა მოსაზრება, რომ უკრაინის გაწევრიანებაზე საუბარი შეიძლება განიხილებოდეს 5-10 წელიწადში, კიევთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების გაფორმების პირობით.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
მავნებლები! - მმართველ პარტიაში ორბანის მისამართით ოპოზიციის კრიტიკას უპასუხეს>>
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ოპოზიციის გეგმები გახსნა>>
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0