პრობლემები საქართველოს განათლების სისტემაში - ახალი კვლევა და სკანდალური გადადგომა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის ხედები
თბილისის ხედები - Sputnik საქართველო, 1920, 07.12.2023
გამოწერა
საქართველო ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება განათლების საშუალო მაჩვენებლებს 81 ქვეყანაში, ნათქვამია კვლევაში
თბილისი, 7 დეკემბერი – Sputnik. მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის PISA 2022 წლის ციკლის შედეგები საკმაოდ მოულოდნელი აღმოჩნდა - მე-10 კლასის მოსწავლეებს არ შეუძლიათ სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოპოვება და ამოცანების ამოსახსნელად რთული ფორმების გამოყენება.
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის ანგარიშის თანახმად, საქართველომ ვერ გააუმჯობესა განათლების მაჩვენებლები 2018 წლიდან და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ექვსიდან მხოლოდ მეორე დონეს მიაღწიეს, რაც იმას ნიშნავს, რომ შეუძლიათ უმარტივესი ამოცანების ამოხსნა სრულად წარმოდგენილი ინფორმაციის პირობებში და იმოქმედონ რუტინულად არსებული ინსტრუქციის მიხედვით.
აღინიშნა, რომ განათლების დონე 2015 წელთან შედარებით 6,5%-ით დაეცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კრიტერიუმით, 3,4%-ით - მათემატიკის კრიტერიუმით და 6,7%-ით - კითხვის კრიტერიუმით.
საქართველოში ეროვნული სასწავლო გეგმა შეიცვალა - რა სიახლეები ელის სკოლებს? >>
ამასთან, საქართველო ყველა კრიტერიუმით ჩამორჩება განათლების საშუალო მაჩვენებლებს 81 ქვეყანაში. მათემატიკაში ქვეყანამ დააგროვა 390 ქულა მსოფლიოში საშუალო ქულა 472-თან შედარებით, კითხვაში - 374 ქულა მსოფლიოში საშუალო 476-თან შედარებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში - 384 (მსოფლიოში საშუალო ქულა - 485).
კვლევამ გამოავლინა განათლების სერიოზული პრობლემები სოფლის სკოლებში. ქალაქებში განათლების დონე უფრო მაღალია, განსაკუთრებით მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში და აღწევს მესამე საფეხურს - ესაა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის გამოყენების უნარი, რთული ორგანზომილებიანი ფორმებისა და დიაგრამების გამოყენება.
გარდა ამისა, კერძო სკოლებში განათლების დონე სამივე კრიტერიუმით - მათემატიკა, კითხვა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - მნიშვნელოვნად აღემატება საჯარო სკოლების მაჩვენებლებს, თუმცა 2018 და 2015 წლების მაჩვენებლებთან შედარებით შემცირებულია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თანამდებობა დატოვა >>
კვლევის ყველა მონაცემი გამოაქვეყნა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა, რომელმაც საქართველოში ორგანიზაციისთვის ტესტირება ჩაატარა. მეორე დღესვე ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ გადადგომის შესახებ განაცხადა.
და მიუხედავად იმისა, რომ თავად გორგოძე ამტკიცებს, რომ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მიიღო, ბევრ ექსპერტს ამაში ეჭვი ეპარება, რადგანაც მისი უწყების მიერ გამოქვეყნებული შედეგები ძალიან სკანდალური აღმოჩნდა.
იმავდროულად, განათლების სამინისტრო კვლევის შედეგებს კორონავირუსის პანდემიის დროს განათლების პრობლემას უკავშირებს.
„კოვიდის პერიოდში არა მხოლოდ ჩვენი, მთლიანად ქვეყნების მონაცემები არის გაუარესებული... რაც შეეხება საქართველოს - ჩვენ არ გვახარებს ის, რომ არ არის გაუმჯობესებული, მაგრამ გაუარესებული მონაცემებიც არ არის“, - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა
დღეს საქართველოში მიმდინარეობს აქტიური მუშაობა განათლების ახალ რეფორმაზე სასწავლო პროცესის სტიმულირების მიზნით. განათლების სამინისტრომ უკვე შეცვალა ეროვნული სასწავლო გეგმა, მათ შორის მეთოდოლოგიისა და შეფასების სისტემის თვალსაზრისით.
ცვლილებების მიზანია სკოლებსა და მასწავლებლებს მეტი თავისუფლება მიენიჭოთ სწავლების სისტემების დაგეგმვისას. მანამდე, თითოეული საგნისთვის არსებობდა მკაფიო ინსტრუქციები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს წარიმართოს სწავლება და როგორ უნდა დაიგეგმოს გაკვეთილები. სკოლებმა ასევე მიიღეს უფლება დამოუკიდებლად შეადგინონ გაკვეთილების ბადე და შექმნან შეფასების საკუთარი სისტემები.
ყველა ახალი ამბავი
0