დეპუტატი: საქართველო არ უნდა გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი

© photo: Sputnik / Stringerევროპის მოედანი
ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.12.2023
გამოწერა
პარლამენტის დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. საქართველო არ უნდა გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი და ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი სხვა საკითხთან არ უნდა იყოს მიბმული, განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ.
უნგრეთი ეწინააღმდეგება თანამეგობრობის წევრი-ქვეყნების მეთაურების დეკემბრის სამიტზე უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას. პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა შესაბამისი წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს გაუგზავნა.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანამ მიიღოს დადებითი პასუხი, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ახლა საქართველოზე მიმდინარეობს კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება, საქართველოს საკითხი რომელიმე სხვა საკითხს არ მიებას“, - განაცხადა სამხარაძემ.
პარლამენტის დეპუტატმა იმედი გამოთქვა, რომ 15 დეკემბერს ევროპული საბჭო საქართველოსთან მიმართებით დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.
„ჩვენ სურვილი გვაქვს, როგორც საქართველომ, ასევე უკრაინამ და მოლდოვამ დადებითი პასუხი მიიღონ, თუმცა ასევე მნიშვნელოვანია, რომ თუ კონკრეტული საკითხებია უკრაინასთან მიმართებაში, ამ შემთხვევაში, საქართველო არ გახდეს უკრაინის საკითხის მძევალი", - აღნიშნა სამხარაძემ.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები
საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 2006 წლიდან განვითარდა. განსაკუთრებით მჭიდრო ეს ურთიერთობები 2009 წელს გახდა, როდესაც საქართველო „აღმოსავლეთ პარტნიორობის" პროგრამის მონაწილე გახდა.
პროგრამა მიზნად ისახავს ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას ექვს ქვეყანასთან – აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასთან და უკრაინასთან.
საქართველოს ევროკავშირის შიგნით უთანხმოებები არ შეეხება - პაპუაშვილი>>>
პროგრამის ფარგლებში 2014 წლის ივნისში საქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შეთანხმებას, რომლის განუყოფელი ნაწილია შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ზონის შესახებ.
2017 წლის 28 მარტიდან ევროკავშირმა საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან ვიზიტებზე ვიზები გააუქმა.
2022 წლის 3 მარტს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირში განაცხადი შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა.
საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი მხარს დაუჭერს ევროკომისიის გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილებას 2023 წლის 14-15 დეკემბერს მიიღებენ.
ყველა ახალი ამბავი
0