აშენდება თუ არა ყაზბეგში „კამარა ჰესი"? მინისტრის განმარტება

© photo: Sputnik / Fred Grindberg / გადასვლა მედიაბანკშიმდინარე თერგი
მდინარე თერგი - Sputnik საქართველო, 1920, 05.12.2023
გამოწერა
თუ ინვესტორი თვლის, რომ ახალი პაკეტით შეუძლია მოსახლეობას მეტი შესთავაზოს და მხარდაჭერა მიიღოს, ჰიდროელექტროსადგური აშენდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა.
თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. ყაზბეგის რეგიონში „კამარა ჰესის" მშენბლობის საკითხი ინვესტორის პასუხისმგებლობაა და თუ მოსახლეობა პროექტს მხარს დაუჭერს, იგი განხორციელდება, განაცხადა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბრიფინგზე.
დავითაშვილმა პროექტის ირგვლივ არსებული ვითარების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა. BMG-ის ინფორმაციით, ყაზბეგის მოსახლეობა „კამარა ჰესის" მშენებლობას აპროტესტებს, რადგანაც მიაჩნიათ, რომ პროექტის განხორციელების შედეგად მდინარე თერგი კალაპოტს მხოლოდ რამდენიმე კილომეტრის შემდეგ დაუბრუნდება, რაც მიუღებელია. მოქალაქეები სამშენებლო კომპანია Kamara Energy-ის წარმომადგენლებთან შეხვედრას მოითხოვენ, რომელიც 27 ნოემბერს უნდა გამართულიყო.
„თუ იქნება მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, პროექტი განხორციელდება. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინვესტორის პასუხისმგებლობაა. ინვესტორმა თავის დროზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მონაწილეობა მიეღო კონკურსში", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, როდესაც საუბარია მოსახლეობასთან ურთიერთობებზე, მრავალი საკითხზე მსჯელობა კომპლექსურად ხდება - ეს არის სოციალური თემები, კომპენსაციისა და ეკონომიკური საკითხები და ა.შ.
„თუ ინვესტორი თვლის, რომ მას ახალი პაკეტით შეუძლია უფრო მეტი შესთავაზოს მოსახლეობას და მხარდაჭერა მიიღოს, ჩვენ ამას მივესალმებით, თუმცა, ჰესი აშენდება თუ ამ ნაწილში კონსენსუსი იქნება. ეს ეხება კონკრეტულად აღნიშნულ შემთხვევას“,- აღნიშნა დავითაშვილმა.
კამარა ჰესი - CFD აუქციონის ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია. მისი სიმძლავრე 16,62 მეგავატია, ხოლო ტარიფი 6,85 ცენტი.
CFD არის კონტრაქტი ფასების სხვაობაზე. მთავრობის მიერ შეთავაზებული მოდელი ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან გარანტიებს განსაზღვრულ საკონტრაქტო ფასსა და საბაზრო ფასს შორის სხვაობის დაფარვით კომპანიებისთვის, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალი ელექტროსადგურების მშენებლობას საქართველოში. ეს ეხება ჰიდრორესურსებს, ასევე სხვა განახლებად რესურსებს, როგორიცაა მზისა და ქარის ენერგია.
ყაზბეგში ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტს კომპანია „კამარა ენერჯი" ახორციელებს, რომელიც ყაზბეგში ინვესტიციების განხორციელებით კერ კიდევ 2021 წელს იყო დაინტერესებული, თუმცა, მაშინ პროექტთან მიმართებით გარემოს დაცვის სამინისტროს შენიშვნები ჰქონდა და სკოპინგ-ანგარიშზე დასკვნა არ გასცა.
ენერგეტიკის განვითარება
ელექტროენერგიის მზარდი მოხმარების პირობებში ენერგეტიკის სექტორის განვითარება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტია. ამასთან დაკავშირებით დაინერგა განახლებადი ენერგეტიკის მხარდაჭერის ახალი სქემა, რომელიც მოიცავს აუქციონის წესით მომდევნო სამი წლის განმავლობაში ჯამში 1,5 ათასი მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას.
რა ეტაპზეა ახალი ჰესების მშენებლობის პროექტი? მინისტრის განმარტება>>>
პირველ აუქციონზე გაიმარჯვა 27-მა კომპანიამ, რომლებმაც 15 ჰიდროელექტროსადგურის, 2 ქარის ელექტროსადგურისა და 10 მზის ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტი უნდა განახორციელონ.
27 ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ შესაძლებელი იქნება დაახლოებით 1,1 მლრდ კვტ/სთ ენერგიის გამომუშავება ყოველწლიურად, ხოლო ამ პროექტებში განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა ჯამურად 400 მლნ დოლარს გადააჭარბებს.
განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემა ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას ელექტროსადგურის ექსპლუატაციის დაწყებიდან 15 წლის განმავლობაში ფასთა შორის სხვაობის ე.წ. CFD ხელშეკრულებით.
ყველა ახალი ამბავი
0