საქართველოს ხელისუფლება თავისუფალი არჩევნების ჩასატარებლად მზადაა - დარჩიაშვილი

© Ministry of Foreign Affairs of Georgiaილია დარჩიაშვილი
ილია დარჩიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 5-პროცენტიანი გამსვლელი ბარიერით 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება
თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. საქართველო მზად არის, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე უზრუნველყოს სამართლიანი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დირექტორ მატეო მეკაჩისთან შეხვედრაზე.
შეხვედრა ეუთოს მინისტერიალის ფარგლებში ჩრდილოეთ მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გაიმართა. საგარეო უწყების ინფორმაციით, დარჩიაშვილმა ODIHR-ის დირექტორს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ასევე ევროკომისიის გაფართოების თაობაზე ანგარიშში არსებული რეკომენდაციების რეალიზაციის გეგმის შესახებ.

„საუბრისას აღინიშნა ODIHR-ის ჩართულობის მნიშვნელობა მთელი რიგი რეფორმების წარმატებული იმპლემენტაციისთვის. ყურადღება გამახვილდა ODIHR-ის ჩართულობაზე საქართველოში მიმდინარე საარჩევნო პროცესებში, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს 2024 წელს ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების გათვალისწინებით. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მზადყოფნას უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილეს ორგანიზაციასთან საქართველოს ნაყოფიერი თანამშრომლობის ტრადიციაზე, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ქვეყანაში წარმატებულ დემოკრატიულ რეფორმებს ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, სახელწმიფო ინსტიტუტების, საარჩევნო ადმინისტრირებისა და სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.
ევროკომისიამ 8 ნოემბერს გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელი 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ - ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა დათქმით, რომ ქვეყანამ ცხრა ნაბიჯი უნდა გადადგას. ნაბიჯებს შორისაა თავისუფალი არჩევნების ჩატარება, ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, დეპოლარიზაცია და სხვ.
„ქართულმა ოცნებამ" განმარტა, რატომაა საშიში დისტანციური ელექტრონული არჩევნები>>
ევროკომისიის ცხრა პირობაზე მუშაობა უფრო ადვილი იქნება, რადგანაც საქართველოს ხელისუფლებამ წინა 12 პირობიდან 80% უკვე შეასრულა.
საქართველო და ევროკავშირი
საქართველომ ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი 2022 წლის 3 მარტს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად შეიტანა.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა. იმავე დღეს კანდიდატის სტატუსი მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს.
საქართველოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებაზე უარი უსამართლო გადაწყვეტილება იყო და რომ საქართველო, ყველა კრიტერიუმით, ჯერ კიდევ მაშინ უსწრებდა უკრაინას და მოლდოვას.
არჩევნები
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
საქართველოს პარლამენტი პირადობის ძველი მოწმობების პრობლემის გადაწყვეტაზე მუშაობს>>
2024 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები პირველი და უნიკალური იქნება ქვეყანაში კენჭისყრისა და არჩევნების სისტემის თთალსაზრისით.
ეს იქნება პირველი არჩევნები, როდესაც ელექტრონული სისტემა დაინერგება საარჩევნო უბნების უმრავლესობაში და უბნების 90%-ს მოიცავს. მოსახლეობა ისევ უბნებზე მისცემს ხმას, მაგრამ ახალი ბიულეტენებით, ხმებს კი სპეციალური მანქანით დაითვლიან. ახალი სისტემა უკვე მოქმედებდა 2023 წლის გაზაფხულსა და შემოდგომაზე რიგგარეშე არჩევნების დროს ზოგიერთ უბანში.
ასევე ეს იქნება პირველი არჩევნები საქართველოში, რომელიც მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება. 150 ადგილი პარლამენტში პარტიებისთვის მიცემული ხმების საფუძველზე შეივსება. პარტიამ 5%-იანი გამსვლელი ბარიერი უნდა გადალახოს.
საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად, რომელიც მთავრობის ერთპიროვნულად დამტკიცების შესაძლებლობას იძლევა, პარტიამ ამომრჩევლების (როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ) ხმების სულ ცოტა 50% უნდა მიიღოს.
ყველა ახალი ამბავი
0