საქართველოს ეკონომიკა კვლავ იზრდება – ოქტომბრის სტატისტიკა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 01.12.2023
გამოწერა
ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, მშენებლობის, ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროებმა.
თბილისი, 1–ლი დეკემბერი – Sputnik. საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ოქტომბერში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,2% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მასალებში.
2023 წლის იანვარი–ოქტომბერში მშპ-ის რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 6,9% შეადგინა.
2020 წელს ეკონომიკის 6,8%-ით ვარდნის შემდეგ 2021 წლის აპრილიდან ქვეყანაში აღდგენის საკმაოდ სწრაფი პროცესი მიმდინარეობს, რაც პრაქტიკულად ყველა ეკონომიკურ პარამეტრზე აისახება. ესაა ექსპორტისა და იმპორტის, ფულადი გადმორიცხვებისა და საწარმოების ბრუნვის ზრდა.
დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,5% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 10,4% იყო.
როგორი იქნება საქართველოს ეკონომიკის ზრდა 2027 წლისთვის: პრემიერის პროგნოზი>>
„საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ფინანსური და სადაზღვევო საქმიანობის, ვაჭრობის, მშენებლობის, ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტის, ტრანსპორტისა და დასაწყობების სფეროებმა.
კლების ტენდენცია დაფიქსირდა გადამამუშავებელი მრეწველობისა და უძრავი ქონების სფეროებში.
რა გაიზარდა და რამდენით
ექსპორტის ზრდამ 2023 წლის ათ თვეში, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12,5% შეადგინა, იმპორტის – 17,8%.
გასულ თვეში ქვეყანაში დაახლოებით 6,4 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა – 11,8%-ით ნაკლები, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.
„6%-ით გაიზარდა ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მოცულობა და 12 მილიარდ 260 მილიონ ლარს გადააჭარბა“, – განაცხადა „საქსტატის" აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, ზრდა ფინანსურ და სადაზღვევო სექტორებში ძირითადად განპირობებულია კომერციული ბანკების როგორც საპროცენტო, ისე არასაპროცენტო შემოსავლების ზრდასთან.
ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად ავტომობილებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან არის დაკავშირებული. 2023 წლის ოქტომბერში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2,8-ჯერ გაიზარდა და ძირითადად ყირგიზეთის, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით.
გარდა ამისა, გაზრდილია საბითუმო ვაჭრობა. კერძოდ, დაახლოებით 33%-ით გაიზარდა ბუნებრივი აირის იმპორტის მოცულობა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. გაზრდილია ასევე საცალო ვაჭრობა საკვები პროდუქტებით, თამბაქოს ნაწარმითა და სასმელებით.
როგორ შეიცვალა ფასები სამრეწველო პროდუქციაზე - სტატისტიკა განახლდა>>
რაც შეეხება ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორს, აქ ზრდის ტენდენცია დაკავშირებულია საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან, ასევე სახმელეთო და სატვირთო ტრანსპორტის მომსახურების მოცულობის ზრდასთან.
ზრდა მშენებლობის სექტორში ძირითადად დაკავშირებულია სამოქალაქო მშენებლობასთან, როგორიცაა გზების, ავტობანების, ხიდების, გვირაბების მშენებლობა; ასევე გამანაწილებელი საინჟინრო ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებული საინჟინრო სამუშაოების მოცულობასთან.
უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 48% გაიზარდა ცემენტის იმპორტის მაჩვენებელი.
ყველა ახალი ამბავი
0