საქართველო CAREC-ის მინისტერიალს მასპინძლობს

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
ღონისძიება ყოველწლიურად იმართება და წარმოადგენს CAREC-ის მაღალი დონის სტრატეგიის შემუშავებისა და პოლიტიკის ორგანოს.
თბილისი, 30 ნოემბერი - Sputnik. საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) რიგით 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
საქართველო ცენტრალური აზიის რეგიონალური ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის მე-11 სრულუფლებიანი წევრი 2016 წელს გახდა. 2015 წლიდან ქვეყანა CAREC-ში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობდა, 2023 წელს კი CAREC-ის თავმჯდომარე-ქვეყანა გახდა.
მინისტერიალს, რომელიც 30 ნოემბერს სასტუმრო „ბილტმორში" გაიმართება, დაესწრებიან ვიცე-პრემიერი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი მასაცუგუ ასაკავა, ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები.
საქართველოში პირველი სამუშაო ვიზიტით აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტი ჩამოვიდა>>>
წლევანდელ მინისტერიალზე დასამტკიცებლად იქნება წარმოდგენილი დოკუმენტი „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე“.
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ-ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
პროგრამის წევრი-ქვეყნები არიან: საქართველო, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მონღოლეთი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი.
CAREC-ის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის და განვითარების ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ისლამური განვითარების ბანკი, გაეროს განვითარების პროგრამა და მსოფლიო ბანკი.
CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.
ყველა ახალი ამბავი
0