100 მლრდ დოლარი კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლისთვის - ADB-ს პრეზიდენტმა გეგმებზე ისაუბრა

© Government of Georgiaმასაცუგუ ასაკავა
მასაცუგუ ასაკავა - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2023
გამოწერა
კლიმატთან დაკავშირებული ვითარება რეგიონის ქვეყნებში ინფრასტრუქტურას საფრთხის ქვეშ აყენებს, აღნიშნა აზიის განვითარების ბანკის პრეზიდენტმა.
თბილისი, 30 ნოემბერი — Sputnik. აზიის განვითარების ბანკი (ADB) კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის გაძლიერებაზე 2030 წლამდე 100 მილიარდი დოლარის მიმართვას აპირებს, განაცხადა ADB-ს პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ თბილისში ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) პროგრამის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
საქართველო 2023 წელს CAREC-ის თავმჯდომარე ქვეყანაა და 30 ნოემბერს CAREC-ის 22-ე მინისტერიალს მასპინძლობს თბილისში. ღონისძიების მსვლელობისას დასამტკიცებლად განიხილავენ დოკუმენტს „CAREC-ის ხედვა კლიმატის ცვლილების საკითხზე".
„როგორც აზიისა და წყნარი ოკეანის კლიმატის ბანკი, ჩვენი ამბიციაა, ჯამურად, 100 მილიარდი დოლარით კლიმატის ცვლილებებთან გამკლავების ძალისხმევის დაფინანსება 2019-2030 წლების პერიოდში", - განაცხადა ასაკავამ.
მისი თქმით, გასული წლის მდგომარეობით, 21 მილიარდი დოლარი უკვე გაწერილია, საიდანაც 6,5 მილიარდი მიმართული იყო ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებისთვის.
„ასევე მხარი დავუჭირეთ კაპიტალურ რეფორმებს, რომელთა განსახორციელებლად აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებას მოჰყვება დამატებით 100 მლრდ დოლარი მომდევნო ათწლეულის განმავლობაში. ეს არის ჩვენი შესაძლებლობების 40 პროცენტიანი ზრდა კრიზისების, მათ შორის კლიმატის ცვლილებების დასაძლევად", - აღნიშნა მან.
ასაკავას თქმით, კლიმატური შოკები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა.
„ჩვენ ეს ვნახეთ ამ რეგიონული პროგრამით გაერთიანებულ ქვეყნებში წყალდიდობებით, განსაკუთრებული სიცხითა და გვალვით გამოწვეული ბოლოდროინდელი განადგურების მაგალითზე. ეს საფრთხის ქვეშ აყენებს კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, ეკონომიკურ აქტივობას და არსებობას", - განაცხადა ასაკავამ.
მან აღნიშნა მინისტერიალის თემის აქტუალობა, რამდენადაც რეგიონი განვითარების გადაუდებელ გამოწვევებს აწყდება, რომლებსაც ვერცერთი ქვეყანა ვერ გადაწყვეტს დამოუკიდებლად.
ასაკავას თქმით, ქვეყნები, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მიწოდების ჯაჭვის ცვალებადი მდგრადობის გამო, მზარდი გაურკვევლობის წინაშე იმყოფებიან.
„შედეგად, ენერგეტიკისა და სურსათის უსაფრთხოება საფრთხეშია. ამასთანავე, იცვლება სატრანსპორტო და სავაჭრო გზები", - განაცხადა მან.
ასაკავამ მინისტერიალის დღის წესრიგიდან ორი საკითხი გამოყო, რომლებიც მონაწილეების ერთობლივ მუშაობას გააძლიერებს.
„პირველი მათგანია ჩვენი ძალისხმევის აქცენტები და მათი მნიშვნელობა ისეთ სფეროებში, რომლებიც კლიმატის კრიზისის დაძლევისთვის გადამწყვეტია: ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნა და დეკარბონიზაცია, კლიმატის ცვლილებებზე გათვლილი აზრიანი ინფრასტრუქტურა და პოლიტიკა, კატასტროფებისადმი მედეგობა, ინსტიტუციური შესაძლებლობები და კოორდინაცია", - განაცხადა ასაკავამ.
მეორე საკითხი, ADB-ს პრეზიდენტის თქმით, ფინანსური დანაკლისის ამოვსების მნიშვნელობაა. მისი მონაცემებით, ცენტრალური აზიის ეკონომიკური თანამშრომლობის რეგიონული პროგრამის ქვეყნებს 2030 წლამდე ერთ ტრილიონ დოლარზე მეტი დასჭირდებათ წელიწადში ინფრასტრუქტურის სექტორში მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ეკონომიკური ზრდის შესანარჩუნებლად და რეგიონის მრავალმხრივ გამოწვევებზე რეაგირებისთვის.
„ყოველივე ეს კი საჭიროიებს ინოვაციურ მიდგომებს, კერძო სექტორიდან კაპიტალის მობილიზებას, მაღალი ხარისხის ინვესტიციების განხორციელებას და ამ უნარის გაზრდას", - განაცხადა ასაკავამ.
მან იმედი გამოთქვა, რომ შეძლებენ რეალური პროგრესის მიღწევას ბანკის შესაფერისი რეგიონული პროექტების მხარდაჭერის ინიციატივების სახით, რომლებიც ორიენტირებულია კლიმატის ცვლილებებთან გამკლავებაზე, ეკონომიკის დივერსიფიცირებაზე, მიწოდების ჯაჭვების გაძლიერებასა და მდგრადობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა აღიარებს ენერგიაზე გაზრდილ მოთხოვნას და კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის აუცილებლობას.
„ამიტომ განახლებადი ენერგიის წყაროებში უახლეს ინიციატივებს ვნერგავთ, წყლის, ქარის, მზისა და სხვა მდგრადი წყაროების ჩათვლით. ჩვენი მიზანია მოვიზიდოთ ინვესტორები, რათა მეტი ელექტროსადგური შეიქმნას და გამოყენებულ იქნეს საქართველოს უხვი, მწვანე ენერგიის პოტენციალი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
გარდა ამისა, პრემიერის თქმით, საქართველო მუშაობს ენერგოეფექტურობის სფეროში პროექტების შესამუშავებლად და მზადაა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის შესაბამისი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც თავსებადი იქნება ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების დღის წესრიგთანაც.
CAREC-ის პროგრამა
CAREC-ის პროგრამა 11 ქვეყნისა და განვითარების პარტნიორის ერთობლივი ინიციატივაა და მიზნად ისახავს წევრ-ქვეყნებში ეკონომიკური ზრდისა და სიღარიბის შემცირების ხელშეწყობას.
პრემიერი: ADB-ის პროგრამა შეესაბამება საქართველოს მისწრაფებას, გახდეს ლოჯისტიკური ჰაბი>>
CAREC 2030 – გრძელვადიანი სტრატეგიული ჩარჩოა ადამიანების, პოლიტიკისა და პროექტების გაერთიანებისთვის რეგიონში მდგრადი განვითარების მიზნით.
მინისტერიალი თბილისში გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა. პრემიერ ღარიბაშვილის გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვიდა ADB-ს პრეზიდენტი ასაკავა. მინისტერიალს ესწრებიან ასევე CAREC-ის მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო უწყებების უმაღლესი თანამდებობის პირები. ამჟამად პროგრამაში 10 ქვეყანა მონაწილეობს.
ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება და CAREC-ის სტრატეგიისა და პოლიტიკის შემუშავების მაღალი დონის ორგანოა.
საქართველო CAREC-ის მინისტერიალს მასპინძლობს>>
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს 2007 წლიდან ეხმარება და ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მრავალმხრივი პარტნიორია. ბანკის მიერ საქართველოსთვის გაცემული სესხების მოცულობა 4,7მლრდ დოლარს შეადგენს.
საქართველოში ADB-ს განვითარების პრიორიტეტებია მრავალმხრივი და სტაბილური ეკონომიკური ზრდა, სიღარიბის შემცირება, რეგიონული კავშირებისა და საჯარო სერვისების მიწოდების გაუმჯობესება.
ყველა ახალი ამბავი
0