ირაკლი ჩიქოვანი: 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ნაცმოძრაობა“ აღარ იარსებებს

© Government of Georgiaმთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი
მთავრობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ირაკლი ჩიქოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2023
გამოწერა
„ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია არც იდეოლოგია, არც მიზანი, განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნება დამასრულებელი და ის როგორ პარტია აღარ იარსებებს, განაცხადა „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჩიქოვანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება. პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს. პარტიების რეიტინგებში ლიდერობას „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ ინარჩუნებენ.
„ნაციონალური მოძრაობისთვის ეს“ არის დამასრულებელი არჩევნები, იციან, რომ ამ არჩევნებში წააგებს და ამ არჩევნების შემდგომ როგორც პარტია, ის არ იარსებებს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
დეპუტატის თქმით, „ნაცმოძრაობას“ არ გააჩნია არც იდეოლოგია, არც მიზანი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას განცხადებამ.
ალასანიამ აშშ-ში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ დემოკრატიასაც აქვს თავისი ცუდი თვისებები. მან ამის მაგალითად დაასახელა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის თემა - როდესაც ლაპარაკია, რომ მათ მხოლოდ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ, „რატომ ვამბობთ საჯაროდ უარს არამშვიდობიან გზაზე?", განაცხადა მან. ალასანიას თქმით, ის ამჯობინებს გაყოფილ, გახლეჩილ, ერთმანეთს დატაკებულ საქართველოს, რადგან „ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები".
უცხოეთში სულ უფრო ნაკლებად უჭერენ მხარს რევოლუციურ სცენარს საქართველოში: რამაზ საყვარელიძე >>
„მე ვთვლი, რომ ეს გზავნილი იყო იმ პოლიტიკური სუბიექტების მიმართ, რომლებსაც გარკვეული ინტერესები აქვთ ქართულ პოლიტიკაში“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
პარტიების რეიტინგი
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი"-20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
ყველა ახალი ამბავი
0