ეკოაქტივისტების აქცია თბილისში: მინისტრის განმარტება სადავო ლიცენზიასთან დაკავშირებით

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
მინისტრმა აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ ოჯახებს და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის რაჭაში სამონადირეო მეურნეობის შესაქმნელად გაცემული ლიცენზიის გაუქმების საკითხი თვის ბოლომდე გადაწყდება, განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ეკოაქტივისტების საპროტესტო აქციაზე საპასუხოდ.
ეკოაქტივისტების პროტესტი თბილისში უკვე მესამე დღეა მიმდინარეობს. ეკოაქტივისტები მოითხოვენ ხელისუფლების მიერ ბიზნესმენ დავით ხიდაშელისთვის 2022 წლის მარტში 49 წლის ვადით გაცემული ლიცენზიის გაუქმებას. საუბარია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104.712 ჰექტარ ტყის ტერიტორიაზე. ისინი ასევე მოითხოვენ ადგილობრივ მოსახლეობასთან რაჭაში დაცული ტერიტორიის შექმნის საკითხის განხილვას. პროტესტი 46 დღის წინა დაიწყო და აქციები აქამდე რაჭაში იმართებოდა.

„ძალიან მალე, უმოკლეს დროში იქნება მიღებული გადაწყვეტილება გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ამ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში და, ვფიქრობ, არსებობს ყველა წინაპირობა იმის, რომ ლიცენზია ძალადაკარგულად გამოცხადდეს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

გარდა ამისა, მან აქციის მონაწილეებს მოუწოდა, დაუბრუნდნენ ოჯახებს და გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას დაელოდონ.
„მინდა მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, ვინც დღეს პროტესტის მონაწილეები არიან, ქალბატონებს, ბატონებს, რომ თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ, დაველოდოთ გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებას, რომელიც სამართლებრივი პროცესია და პირობას გაძლევთ, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება ძალიან სწრაფად, არაუგვიანეს თვის ბოლოსი“,- განაცხადა მინისტრმა.
მისი თქმით, ლიცენზია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 2022 წლის მარტში გასცა საჯარო აუქციონის წესით, რომელშიც კონკრეტულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
ეკოაქტივისტების აქცია თბილისში: აქციის მონაწილეებს კიდევ ერთი მოთხოვნა აქვთ >>
„ამ პროცესს თან სდევდა გარკვეული კვლევები, შესაბამისი სამუშაოები და აუქციონის გამოცხადებამდე ერთი თვით ადრე პრესაში, ასევე გარემოს ეროვნული სააგენტოს გვერდზე და სხვა საშუალებებით ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. პროცესი საჯარო იყო და იმ კანონმდებლობის შესაბამისი, რომელიც ამ ქვეყანაში ამ საკითხს არეგულირებს“,- განაცხადა ოთარ შამუგიამ.
მინისტრის თქმით, ის მთელი პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რაჭაში ტყე იყიდება, არის სიცრუე.
„არსებული კანონმდებლობით ტყის გაყიდვა შესაძლებელი არ არის“, - განაცხადა მან.
ორშაბათს აქციის მონაწილეებმა სამინისტროს შენობასთან კარავი გაშალეს და განაცხადეს, რომ აინტერესებთ უწყების გეგმები რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ტყეებთან დაკავშირებით. ეკოაქტივისტებს თან ჰქონდათ ბანერები წარწერებით „რაჭა არ იყიდება“, „ვის კითხეთ? ტყე ხალხის საკუთრებაა“.
მათთან მალევე მივიდა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი, რომელმაც აქტივისტები დაარწმუნა, რომ კარავს არავინ აიღებს, თუ ის გარემოს დაცვის სამინისტროს შენობის ფარგლებს გარეთ არის განთავსებული.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის თქმით, უწყება რამდენიმე საშვს დაუშვებს და აქციის მონაწილეების წარმომადგენლები შენობაში შესვლას შეძლებენ.
რაჭაში ტყე არ გაყიდულა, სამონადირეო მეურნეობა არ მოეწყობა - სამინისტროს პასუხი აქტივისტებს>>
ეკოაქტივისტების თქმით, აქციები მათი მოთხოვნების შესრულებამდე გაგრძელდება.
თავად ხიდაშელმა ჯერ კიდევ ზაფხულში განაცხადა, რომ საუბარია ნადირობის ლიცენზიაზე და ეს არანაირად არ ეხება ტყით ან მიწით სარგებლობას. ბიზნესმენმა თქვა, რომ ტერიტორიის დასუფთავებაზე ბევრი ადამიანის დასაქმებას აპირებდა და მეტიც, ადგილობრივ მოსახლეობას შესთავაზა წილებიც შესთავაზა, მაგრამ სურვილი არავის გამოუთქვამს. ხიდაშელმა აღნიშნა, რომ ეს ლიცენზია მხოლოდ ვალდებულებებს ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0