2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერს დაწევენ? მხარეების არგუმენტები

© photo: Sputnik / Stringerპარლამენტის სხდომათა დარბაზი
პარლამენტის სხდომათა დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 20.11.2023
გამოწერა
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის" ერთ-ერთ წევრ თეონა აქუბარდიას კი მიაჩნია, რომ ოპოზიცია ყველა სცენარისთვის უნდა იყოს მზად.
თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერის დაწევის საკითხი სულ უფრო აქტუალური ხდება - ოპოზიციის წარმომადგენლები ბარიერის დაწევის აუცილებლობაზე აკეთებენ აქცენტს, მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი საკუთარ კონტრარგუმენტებს ასახელებენ.
ოპოზიცია აცხადებს, რომ 2024 წლის შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიების უმეტესობა 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავს. უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და რიგი სხვა პარტიების განცხადებით, საარჩევნო ბარიერის ქვედა ზღვარი 2% უნდა იყოს.
„ქართული ოცნება" წინააღმდეგია
დაბალი ბარიერი ქვეყნის ინტერესებისთვის მხოლოდ კონტრპროდუქტიული იქნება, დარწმუნებულია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე.
„ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ ბარიერის გადასალახავად საკმაოდ ძლიერები არიან და შესაბამისად, აქვთ ამბიციური გეგმები. მეორე მხრივ, კი ისინი მოითხოვენ ბარიერის დაწევას. რა თქმა უნდა, ყველას ესმის, რომ გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც ბევრ შემთხვევაში საკმაოდ ანგაჟირებული არიან, აქვთ პრობლემები", - განაცხადა სარჯველაძემ.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენდა, ბლოკებისთვის კი იმდენ პროცენტს, რამდენი პარტიაც იყო ბლოკში გაერთიანებული. შესაბამისად, მეათე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში ცხრა პარტია შევიდა. მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" წევრის, პარლამენტის დეპუტატ ბექა ოდიშარიას თქმით, ყოველივე ამან ქვეყანა მიიყვანა პოლარიზაციამდე და არა დეპოლარიზაციამდე.
„წარსულში ამ პარტიების ლიდერები იბრიქებოდნენ, რომ მათ არ აქვთ ბარიერის გადალახვის პრობლემა, ახლა კი რამ შეაშინათ, არ ვიცი. გამოძებნონ საერთო ენა და მოიქცნენ ისე, როგორც „სტრატეგია აღმაშენებელმა" გააკეთა. ისინი მიხვდნენ, რომ მარტი ვერ შეძლებდნენ ბარიერის გადალახვას და „ნაცმოძრაობას" შეუერთდნენ", - განაცხადა ოდიშარიამ.
კობახიძე: 5%-იანი საარჩევნო ბარიერი დადგენილია ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობაში>>>
„ქართული ოცნება" „რადიკალურ ოპოზიციად“ და „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოიხსენიებს პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „ლელო საქართველოსთვის", „სტრატეგია აღმაშენებელი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა", „საქართველოსთვის" და სხვ. ამასთან, თავად პარტიები, „სტრატეგია აღმაშენებლის“ გარდა, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციას გამორიცხავენ.
ოპოზიციის არგუმენტები
ამასთან, ოპოზიციური პარტია „გირჩის" ერთ-ერთი წევრი ჰერმან საბო დარწმუნებულია, რომ რაც უფრო მეტი პარტია შევა პარლამენტში, მით უფრო კარგი იქნება ქვეყნის განვითარებისთვის.
„ბუნებრივი ბარიერი - არჩევნების ყველაზე სწორი და ადეკვატური წესრიგია, რადგანაც თუ 20 ათას ადამიანს სურს, რომ მათი ხმა პარლამენტში ვიღაც პეტრემ წარმოადგინოს, მათ უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა „დაიქირავონ" პეტრე, დასვან პარლამენტში, რათა მან ისაუბროს იმაზე, რაც ამ ადამიანებს აწუხებთ", - განაცხადა საბომ.
ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფ „რეფორმების ჯგუფის" ერთ-ერთ წევრ თეონა აქუბარდიას კი მიაჩნია, რომ ოპოზიცია ყველა სცენარისთვის უნდა იყოს მზად.
„ამ რეალობაში მთავარი ამოცანაა ძალების კონცენტრაცია და ხალხთან ერთად ხალხთან ერთად გამარჯვების წინაპირობების შექმნა“, - განაცხადა აქუბარდიამ.
პარტიების რეიტინგი
ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით კომპანია GORBI-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პოლიტიკური პარტიების რეიტინგში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" ხმების 55%-ით შთამბეჭდავი სხვაობით ლიდერობს.
მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობა"/„სტრატეგია აღმაშენებელი" - 20%. მესამე ადგილს ხმების 4%-ით იყოფენ კოალიცია „გირჩი-მეტი თავისუფლება", „დროა" და „ლელო საქართველოსთვის".
არჩილ თალაკვაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2023
„ოცნება" ოპოზიციას რეიტინგში ორჯერ უსწრებს წინ - თალაკვაძე სოციოლოგიურ გამოკითხვაზე
ტელეარხ „ფორმულას" კვლევის შედეგების თანახმად, პარლამენტში მოხვედრის შანსი აქვს ოთხ პარტიას: „ქართულ ოცნებას" (37%), „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას"/ „სტრატეგია აღმაშენებელს" (21%), ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის" (9%), პარტიებს „ლელო საქართველოსთვის" (5%), „გირჩი/დროა" – 4%.
კვლევის თანახმად, 3%-იანი მხარდაჭერა მიიღო „ხალხის ძალამ", „მოქალაქეებმა" და „ალტ-ინფომ". „პატრიოტთა ალიანსმა" ხმების 2%, „ევროპულმა საქართველომ" 1%, დანარჩენმა პარტიებმა კი გამოკითხულთა ხმების 1% მიიღეს.
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში ჩატარდება. დეპუტატებს ახალი სისტემით პირველად აირჩევენ – არჩევნები მთლიანად პროპორციული იქნება და ელექტრონული სისტემით ჩატარდება. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 5% იქნება.
პარტია, რომელიც ხმების უმრავლესობას მიიღებს, შეძლებს პრემიერ–მინისტრის წარდგენას, რომელიც მთავრობას ჩამოაყალიბებს.
ყველა ახალი ამბავი
0