ომბუდსმენი „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე მომიტინგეების დაკავების საკითხს შეისწავლის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისი
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 19.11.2023
გამოწერა
ეკოაქტივისტებმა თბილისში საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის ერთი ჟურნალისტი
თბილისი, 19 ნოემბერი - Sputnik. სახალხო დამცველის აპარატმა უკვე დაიწყო 18 ნოემბერს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მიმდინარე აქციის დროს მომიტინგეების დაკავების კანონიერების საკითხის შესწავლა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის მოსაწყობად ლიცენზია გასცა, ეკოაქტივისტებმა ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, სადაც ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავეს, მათ შორის „რიონის ხეობის მცველების“ ლიდერი ვარლამ გოლეთიანიც. ისინი აპროტესტებდნენ ტყის შესაძლო გაყიდვა მეურნეობის მოსაწყობად. 13-ვე ადამიანი ადმინისტრაციული წესით წვრილმანი ხულიგნობისთვის და პოლიციის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობისთვის არის დაკავებული.
უწყების ცნობით, სახალხო დამცველის რწმუნებულმა გუშინვე მოინახულა თბილისის და რუსთავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული შვიდი დაკავებული. სახალხო დამცველის აპარატი შეშფოთებას გამოხატავს იმის გამო, რომ დაკავებულთა შორის არის ჟურნალისტიც, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების დროს პროფესიულ საქმიანობას ახორციელებდა.
„სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა. მედიის წარმომადგენლის დაკავებამ თავისი საქმიანობის განხორციელებისას, გარდა იმისა, რომ წარმოადგენს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლას, შესაძლოა იქონიოს მსუსხავი ეფექტი შეკრებების დროს შესაბამისი ინფორმაციის გაშუქებაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ჟურნალისტი, ხოლო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა შესაბამისი რეაგირება მოახდინოს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტზე.
უწყების ინფორმაციით, აქციის მონაწილეთა პროტესტის საგანს წარმოადგენს რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში 104.712 ჰა ტყეზე 49-წლიანი ლიცენზია, რომელიც 2022 წლის მარტში გაიცა. გარემოს დაცვის უფლებაზე ზედამხედველობა კი სახალხო დამცველის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
პოლიციამ თბილისში „რიონის ხეობის მცველების“ აქციაზე 13 პირი დააკავა >>
„აპარატი თვალყურს ადევნებს ხსენებულ ლიცენზიასთან დაკავშირებით მიმდინარე სამართლებრივ პროცესებს და საკითხის შესწავლის შედეგებს საზოგადოებას მოგვიანებით გააცნობს“, – ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გუშინდელ აქციაზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა, მათ შორის „რიონის ხეობის მცველები“, რომლებიც ცნობილი არიან პროტესტით „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო შეხვედრა გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან და აღნიშნული საკითხის განხილვა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან აქცია ამ წუთებშიც გრძელდება, 17 საათზე დაგეგმილია პროტესტი დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. პარალელურად აქცია ქუთაისშიც გაიმართება.
რაჭაში ტყე არ გაყიდულა, სამონადირეო მეურნეობა არ მოეწყობა - სამინისტროს პასუხი აქტივისტებს >>
გუშინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც გაავრცელა განცხადება, რომ გადაწყვიტა გააუქმოს რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია. უწყების განმარტებით, რაჭაში ტყე არ გაყიდულა. კერძოდ, ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის.
სამინისტროში განაცხადეს, რომ სიტუაცია განუმარტეს ადგილობრივ მოსახლეობას, მაგრამ „სამონადირეო ლიცენზიის ძალადაკარგულად გამოცხადების საკითხის განხილვა მოხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით, შესაბამის ვადებში“.
ყველა ახალი ამბავი
0