Credit Suisse-ს ივანიშვილის სასარგებლოდ 750 მილიონი დოლარის დეპოზიტზე განთავსება დაეკისრა

© AP PhotoBank Credit Suisse in Zürich
Bank Credit Suisse in Zürich - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2023
გამოწერა
ივანიშვილმა Credit Suisse-თან სასამართლო დავა წამოიწყო 2015 წლიდან, მას შემდეგ რაც ასობით მილიონი დოლარის დაკარგვა აღმოაჩინა
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სინგაპურის საერთაშორისო კომერციულმა სასამართლომ შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას მოსარჩელეების - მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ქვეყნის ყოფილი პრემიერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სასარგებლოდ სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე 742,7 მილიონი დოლარის განთავსება დაავალა, ნათქვამია სასამართლოს დასკვნაში.
სასამართლოს გადაწყვეტილება 2 ნოემბრიდან 21 დღის ვადაში უნდა აღსრულდეს.
ეს არის ივანიშვილისთვის კომპენსაციის თაობაზე 2023 წლის 26 მაისის და 2023 წლის 19 სექტემბრის სასამართლო გადაწყვეტილების შეჩერების პირობა. გადაწყვეტილების შეჩერების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა მოპასუხე Credit Suisse Trust Limited-მა, რომელმაც მანამდე აპელაცია შეიტანა. სააპელაციო სასამართლო საკითხს 2024 წლის აპრილის დასაწყისში განიხილავს.
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ბიძინა ივანიშვილისთვის მისი ქონების ნაწილის დაკარგვის გამო 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა.
ამავე სასამართლოს 19 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ივანიშვილისთვის კუთვნილი კომპენსაციის ოდენობა 781,5 მილიონ დოლარამდე შემცირდა ზარალის გამოთვლის დაწყების თარიღის - 2007 წლის დეკემბრის ნაცვლად 2008 წლის მარტის ცვლილებისა და ასევე 2021 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში საკონტროლო პორტფელის მაჩვენებლების მნიშვნელოვანი შემცირების გამო.
ბოლო სასამართლო სხდომაზე, 2 ნოემბერს, მოსამართლემ აღნიშნა ის ფაქტი, რომ ბრალდებულმა ივანიშვილების ოჯახის წინაშე ვალდებულების დარღვევა მხოლოდ სასამართლო პროცესის მეათე დღეს აღიარა.
„ის, რომ სწორედ მეათე დღეს დაფიქსირდა ვალდებულების დარღვევის აღიარება, ერთი მხრივ, მისასალმებელია, მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს უნდა განიხილებოდეს მოპასუხეთა პასუხისგებაში მიცემის იმ ძალზე ხანგრძლივი ისტორიის ფონზე“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო პროცესი სინგაპურის სასამართლოში 2017 წლიდან მიმდინარეობს.
„ამ სასამართლო პროცესის წინაისტორიის კიდევ ერთი ასპექტია ნდობის ნაკლებობა... ამ განცხადებით შემოტანილი ფიცის ქვეშ წარმოდგენილი ჩვენებები მეტყველებს ყველა მხარეს შორის ურთიერთნდობის არარსებობაზე“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მედიის ცნობით, 2004 წლის ბოლოს ივანიშვილმა Credit Suisse-ში 1 მილიარდ დოლარზე მეტი თანხა განათავსა, ხოლო თითქმის ათი წლის შემდეგ, 2015 წელს, შეიტყო მის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. გაირკვა, რომ 2008 წლიდან ბიზნესმენი „კრედიტ სუისის“ მენეჯმენტისგან იღებდა გაყალბებულ რეპორტებს მის ანგარიშზე არსებული თანხის ოდენობის შესახებ. მხოლოდ პირდაპირი ზარალი დაახლოებით 1 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
ივანიშვილი VS Credit Suisse - ექს-პრემიერს კვლავ უზღუდავენ წვდომას მის სახსრებზე >>
შედეგად, თაღლითობაში Credit Suisse-ის მენეჯერი პატრის ლესკოდრონი დაადანაშაულეს. მან აღიარა, რომ კლიენტების მიერ მისი მცდარი საინვესტიციო გადაწყვეტილებების შედეგად მიყენებულ ზარალს მალულად ფარავდა სხვა კლიენტების ანგარიშებიდან მოხსნილი თანხებით. თავად Credit Suisse-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თავისი მენეჯერის ქმედებების შესახებ.
ამასთან, ივანიშვილის იურისტებს არაერთხელ განუცხადებიათ, რომ ლესკოდრონი მსგავს ქმედებებს სხვისი დახმარების გარეშე ვერ ჩაიდენდა, და რომ Credit Suisse-ის მენეჯმენტმა ამის შესახებ ივანიშვილზე გაცილებით ადრე შეიტყო, მინიმუმ 2010 წელს, მაგრამ არ აღკვეთა ეს.
2018 წელს ლესკოდრონს მიესაჯა ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ ის ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. 2020 წელს, სამოქალაქო დავის არსებითი განხილვის დაწყებამდე, ლესკოდრონმა თავი მოიკლა.
მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესები
ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd. დაარღვია თავისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, როდესაც ვერ დაიცვა ტრასტის აქტივები.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ეს თანხა უნდა იქნას მოყვანილი შესაბამისობაში იმ თანხასთან, რომლის გადახდა ივანიშვილისთვის ბერმუდის სასამართლომ ერთი წლის წინ დააკისრა (607 მლნ დოლარი), რათა ერთსა და იმავე ქმედებისთვის ორმაგი გადახდა გამოირიცხოს.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.
რაც შეეხება თაღლითური სქემისთვის მიუწვდომელ თანხებს, ივანიშვილმა ისინი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში – Julius Baer-ში, ხოლო მათი მართვა დაავალა ისევ ბანკ Credit Suisse-ის ტრასტებს, მისივე რეკომენდაციით. ამ თანხების ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულ გერნზის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვაში.
მაისში ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, მაგრამ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის პრაქტიკული რეალიზება.
უფლება აქვს, მაგრამ წვდომა - არა: ივანიშვილი სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდება >>
ტრასტებმა ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
ივანიშვილის ინტერესების დამცველ საადვოკატო კანტორაში მიაჩნიათ, რომ ის Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ღია პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ექს-პრემიერის ადვოკატების თქმით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ბანკის და შვეიცარიის მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციის მიზანმიმართულ განადგურებას.
ყველა ახალი ამბავი
0