ივანიშვილი VS Credit Suisse - ექს-პრემიერს კვლავ უზღუდავენ წვდომას მის სახსრებზე

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2023
გამოწერა
სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად, ამერიკული და დასავლეთ ევროპული ფონდები ბიძინა ივანიშვილის ოჯახს თანხებს არ ურიცხავენ.
თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა წარმატებას მიაღწია ყველა სასამართლო პროცესში ერთ-ერთი უმსხვილესი შვეიცარიული ბანკის Credit Suisse-ის წინააღმდეგ, მაგრამ პრობლემები გრძელდება არასასამართლო საკითხებზე, ნათქვამია იურიდიული კომპანია Metric-ის განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის ინტერესებს იცავს.
ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული გლობალური სასამართლო პროცესი Credit Suisse-ის და მისი შვილობილი კომპანიების წინააღმდეგ 2016 წლიდან გრძელდება. ერთ შემთხვევაში საუბარია თაღლითობის შედეგად მიყენებულ ზიანზე, როდესაც ივანიშვილის ანგარიშებიდან 400 მლნ დოლარი გაქრა, მეორეში კი Credit Suisse-ის ორ ტრასტზე, რომლებმაც 2022 წლის 4 მარტიდან მოთხოვნილი ტრანზაქციების განხორციელებაზე უარი განაცხადეს.

„სხვადასხვა იურისდიქციაში მიმდინარე სასამართლო საქმეებთან მიმართებით, თუ მხედველობაში არ მივიღებთ საქმის განხილვის ვადებს, პრეტენზიები არ არსებობს. ყველა იურისდიქციაში მოცემული მომენტისთვის წარმატებები სახეზეა“, – ნათქვამია იურიდიული კომპანიის განცხადებაში.

მიუხედავად ამისა, ივანიშვილისთვის კვლავ მიუწვდომელია მისი სახსრების ის ნაწილი, რომელიც მან გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში Julius Baer. საუბარია გადარჩენილი აქტივების დიდ ნაწილზე.
ამ აქტივების სხვა ბანკში გადატანის მიუხედავად მათ მართავდა Credit Suisse-ის ტრასტი, რომელიც კუნძულ გერნზის იურისდიქციაში შეიქმნა (ბრიტანეთის სამეფოს ტერიტორია).
2022 წლის მარტიდან ამ ტრასტმა ივანიშვილს საკუთარ ფულთან წვდომა შეუზღუდა. თავდაპირველად ტრასტმა ვალდებულებების შეუსრულებლობა „აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენებით“ ახსნა.
„ერთადერთი გამოსავალი არსებული მდგომარეობიდან იყო ტრასტის ხელშეკრულების შეწყვეტა და ტრასტის დაშლა, თუმცა Credit Suisse-ის ტრასტი მოცემულ შემთხვევაშიც შეეცადა საკითხის ხელოვნურად გაჭიანურებას. კერძოდ, ტრასტმა მიუთითა, რომ სასამართლოს უნდა მიეღო გადაწყვეტილება, ტრასტის დაშლა ეწინააღმდეგებოდა თუ არა არასრულწლოვნების და (ივანიშვილის) მომავალი/დაუბადებელი შთამომავლების ინტერესებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც საადვოკატო კომპანიაში აღნიშნეს, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებისთვის განჭვრეტადი იყო სასამართლო გადაწყვეტილების შედეგი, მაინც გახდა საჭირო სასამართლოსთვის მიმართვა.

„Credit Suisse-ის ტრასტი მაქსიმალურად შეეცადა გაეჭიანურებინა სასამართლო პროცედურებიც. ფაქტიურად, ერთი წლის თავზე (2023 წლის 24 მარტი) დადგა ის შედეგი, რომელიც თავიდანვე პროგნოზირებადი იყო და რომლის სასამართლოში განსახილველად მხოლოდ ერთი სხდომა იყო საჭირო; ერთ სხდომაში მოხდა კიდეც საქმის განხილვა“, – ნათქვამია განცხადებაში.

ივანიშვილი Credit Suisse-ის ტრასტისგან კომპენსაციას მიიღებს >>
Credit Suisse-ის ტრასტმა სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანიდან მხოლოდ დაახლოებით ორ-ნახევარი თვის შემდეგ, 2023 წლის 14 ივნისს მიიღო რეზოლუცია ტრასტის დაშლისა და აქტივების განაწილების შესახებ.
„აღნიშნულის საფუძველზე შვეიცარიულმა ბანკმა (Julius Baer) უნდა უზრუნველყოს აქტივების მოსარჩელეებისთვის გადაცემა/განაწილება. Julius Baer-მა გაანაწილა აქტივების დაახლოებით 5%; დარჩენილი აქტივების (95%) გადაცემის მიმართულებით კი შეექმნა დაბრკოლება“, – ნათქვამია განცხადებაში.
კერძოდ, გადასაცემი აქტივების 95% განთავსებულია ერთ-ერთ Hedge Fund-ში, რომელსაც, თავის მხრივ, აქტივების უდიდესი ნაწილი გადანაწილებული აქვს ამერიკულ, შედარებით მცირე კი – დასავლეთ ევროპის ფონდებში.

„Julius Baer-ის მხრიდან ადგილი ჰქონდა არაერთხელ მიმართვას, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ პროცედურულად რამდენიმე წუთში არის საკითხის დარეგულირება შესაძლებელი (მხოლოდ ტექნიკური მოქმედებებია ფონდების მხრიდან განსახორციელებელი), თითქმის ერთი თვეა, როგორც ჩვენთვის ცნობილი ხდება, ამერიკული და დასავლეთ ევროპის ფონდები აფერხებენ მოსარჩელეებისთვის აქტივების გადაცემას“, – ნათქვამია განცხადებაში.

იურიდიულმა კომპანიამ აღნიშნა, რომ საუბარია იმ აქტივების გადაცემაზე, რომელზეც ფაქტიურად გადაწყვეტილება მიღებული აქვს სასამართლოს, მათ შორის, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას, რეზოლუციის სახით.

მრავალრიცხოვანი სასამართლო პროცესები

ივანიშვილი უკვე 7 წელია (2016 წლიდან) სხვადასხვა დროს აწარმოებდა და აწარმოებს სასამართლო დავებს ახალ ზელანდიაში, სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებზე, გერნსის კუნძულებზე (დავა საბანკო ტრასტის გაუქმებასა და თანხის გადარიცხვაზე ბენეფიციარისთვის) და უშუალოდ შვეიცარიაშიც, ანუ ყველა იმ იურისდიქციაში, სადაც Credit Suisse-ის მენეჯმენტმა შეგნებულად განფინა და მიმოფანტა ივანიშვილის მიერ განთავსებული თანხები.
სინგაპურის სასამართლომ შვეიცარიულ ბანკს Credit Suisse Group AG ქართველი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილისთვის 926 მილიონი დოლარის ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაავალდებულა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სინგაპურის კომპანიამ Credit Suisse Trust Ltd. დაარღვია თავისი ვალდებულება მოსარჩელის მიმართ, როდესაც ვერ დაიცვა ტრასტის აქტივები.
სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ეს თანხა უნდა იქნას მოყვანილი შესაბამისობაში იმ თანხასთან, რომლის გადახდა ივანიშვილისთვის ბერმუდის სასამართლომ ერთი წლის წინ დააკისრა (607 მლნ დოლარი), რათა ერთსა და იმავე ქმედებისთვის ორმაგი გადახდა გამოირიცხოს.
ბერმუდის სააპელაციო სასამართლომ 2023 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა ბერმუდის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას ბიძინა ივანიშვილის ოჯახის სასარგებლოდ დაეკისრა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა.
რაც შეეხება თაღლითური სქემისთვის მიუწვდომელ თანხებს, ივანიშვილმა ისინი გადაიტანა სხვა შვეიცარიულ ბანკში – Julius Baer-ში, ხოლო მათი მართვა დაავალა ისევ ბანკ Credit Suisse-ის ტრასტებს, მისივე რეკომენდაციით. ამ თანხების ძირითადი ნაწილი მდებარეობს კუნძულ გერნზის იურისდიქციაში არსებული ტრასტის მართვაში.
მაისში ივანიშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ სასამართლო გადაწყვეტილებით აღდგა წვდომა აქტივების, მათ შორის, ფულადი სახსრების დიდ ნაწილზე, მაგრამ იმის გამო, რომ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბებული, ვერ ხერხდება სასამართლო გადაწყვეტილებით მინიჭებული უფლების, აქტივებზე წვდომის პრაქტიკული რეალიზება.
უფლება აქვს, მაგრამ წვდომა - არა: ივანიშვილი სასამართლოს წერილობით გადაწყვეტილებას ელოდება >>
ტრასტებმა ივანიშვილს მის საკუთარ თანხებზე წვდომა 2022 წლის მარტიდან, უკრაინაში კონფლიქტის დაწყებიდან შეუზღუდეს. რამდენიმე თვის წინ ივანიშვილმა მიაღწია იმას, რომ მეორე, სინგაპურის იურისდიქციაში არსებულმა ტრასტმა მას თანხები დაუბრუნა.
ივანიშვილის ინტერესების დამცველ საადვოკატო კანტორაში მიაჩნიათ, რომ ის Credit Suisse-ის ხელმძღვანელობის მხრიდან ღია პოლიტიკური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. გარდა ამისა, ექს-პრემიერის ადვოკატების თქმით, Credit Suisse-ის მენეჯმენტის ყველა ქმედება მიუთითებს იმაზე, რომ ადგილი აქვს ბანკის და შვეიცარიის მთელი საბანკო სისტემის რეპუტაციის მიზანმიმართულ განადგურებას.
ყველა ახალი ამბავი
0