რაში სცოდავს USAID–ის ადგილობრივი ორგანიზაცია – მდინარაძე

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
სასჯელის პრევენციული მხარე თუ ისაა, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და გარკვეული სანქციების დადებაზე, ეს კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას ნიშნავს, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლები საქართველოში ბევრს სცოდავენ, რადგან მათ ცენტრალური ოფისიდან ამგვარი მითითებები – ხელი შეუწყონ ძალადობრივი რევოლუციის მოწყობას, არა აქვთ, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, 20 ოქტომბერს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) ვებ-გვერდზე თავისუფალი გამოხატვის მხარდაჭერის ფონდის (FESF) შექმნის შესახებ ინფორმაცია განთავსდა, მითითებული იყო, რომ მათი დონორები არიან ამერიკელი მილიარდერი ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“, ასევე აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID). თუმცა, ვებ-გვერდიდან მალევე მოაშორეს USAID და ამ დროისათვის ის უკვე აღარ არის მითითებული, როგორც ამ პროგრამის დონორი.
„USAID-ზე ერთი რაღაც უნდა ვიცოდეთ... ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები ძალიან ბევრს სცოდავენ, იმიტომ, რომ გარკვეული ლოგიკაც და ინფორმაციაც არის იმასთან დაკავშირებით, რომ ცენტრალური ოფისიდან მათ არ აქვთ ისეთი მითითებები, რომ აქ ძალადობრივი რევოლუციის ხელშეწყობაზე იფიქრონ - კარგია, რომ ეს ნელ-ნელა ირკვევა“, – განაცხადა მდინარაძემ.
მიმდინარე წლის მარტში, როდესაც თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციები იმართებოდა, GDI-მ დააფუძნა თავისუფალი გამოხატვის მხარდაჭერის ფონდი (FESF). არასამთავრობო ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ფონდის მიზანია დაეხმარონ ცალკეულ ინდივიდებს, გადალახონ ფინანსური ტვირთი, რომელიც მათ თავისუფალი გამოხატვის არაძალადობრივ რეალიზაციასთან დაკავშირებით დაეკისრათ. დახმარება ვრცელდება იმ პირებზე, რომლებსაც საპროტესტო აქციების შემდეგ ჯარიმები დაეკისრათ.
„შენ არღვევ, მე ვიხდი“ - გახსნილია საქართველოში არეულობების წახალისების ახალი სქემა>>
მდინარაძის თქმით, როდესაც რომელიმე ორგანიზაცია ან ადამიანები პოტენციურ დამნაშავეს ან სამართალდამრღვევს ეუბნება, შენ თუ რამეს დააშავებ და ამას მოჰყვება ფინანსური თუ სხვა პასუხისმგებლობა, და ამას მე ავიღებ ჩემ თავზე, „ეს არის სახელმწიფოს ჩამოშლის პირდაპირი და არა ირიბი მცდელობა“.
„ამას აკეთებენ ორგანიზაციები, რომლებიც ფულს უხდიან სამართალდამრღვევს“, – განაცხადა მდინარაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სასჯელის პრევენციული მხარე თუ ისაა, რომ ადამიანმა პირადად არ უნდა იფიქროს სამართალდარღვევაზე და გარკვეული სანქციების დადებაზე, ეს კანონების უგულებელყოფას ნიშნავს.
„ამ სანქციის მოხსნა, ამ შემთხვევაში კი, ჯარიმის გადახდა, კანონების და სახელმწიფოს კონსტიტუციური წესრიგის უგულებელყოფას და პირდაპირ მტრობას ნიშნავს. ამიტომაც არის, რომ უკვე რამდენი დღე გავიდა, კიდევ არ ვიცით, ვისი ფულია ზუსტად, ხან USAID–ს დააბრალეს“, – განაცხადა მდინარაძემ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, ფონდში ამ ეტაპზე ხელმისაწვდომი თანხა 18,3 ათას ევროს აღემატება.ბოლო მონაცემებით, გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერის ფონდში 15 განაცხადია შესული, აქედან მხარდაჭერა აღმოუჩინეს 12-ს.
GDI-ს თავმჯდომარის ედუარდ მარიკაშვილის თქმით, მათ აქვთ ორი გრანტი – ხუთ–ხუთი ათასი დოლარი. ესაა East-West Management-ის ცენტრალური ოფისიდან და ეს არ არის USAID-ის თანხა. მეორე ხუთი ათასია „ღია საზოგადოების“ ფონდიდან, აღნიშნა მარიკაშვილმა.
მისი თქმით, ასევე ჩაირიცხა 20 ათასი ევრო ევროპული ფონდიდან დემოკრატიისთვის (European Endowment for Democracy).
დასავლეთის ფონდები საქართველოში რადიკალიზმს აფინანსებენ?>>
სწორედ ამ ორგანიზაციამ გამოყო 2021 წელს ფული ნიკა მელიას გირაოსთვის, რომელიც იმ მომენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე იყო, და ჩარიცხა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ანგარიშზე. მელია 2019 წლის 20–21 ივნისის საპროტესტო აქციებზე პარლამენტთან მთავარი ბრალდებული იყო ჯგუფურ ძალადობაში.
რაც შეეხება აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტსა და USAID-ს, ამ ორგანიზაციების დასახელება ნახსენებია ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებებში საქართველოში 2023 წლის ოქტომბერ–დეკემბერში არეულობების მზადების შესახებ სახელმწიფო გადატრიალების მიზნით, როდესაც ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდება. სუსის ინფორმაციით, არეულობები უცხოური ქვეყნების კოორდინაციითა და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება.
დაასვენეთ ეს ქვეყანა - ირაკლი კობახიძე რევოლუციურ სცენარებზე>>
სუსი აცხადებს, რომ საქართველოში 25 სექტემბერს USAID-ის მოწვევით ტრენინგების ჩასატარებლად ჩამოსული სერბი მოქალაქეების ნამდვილი მიზანია კავშირის დამყარება ახალგაზრდულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რომლებმაც საქართველოში რევოლუციური პროცესების ბირთვის როლი უნდა შეასრულონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ქვეყანაში USAID-ის პროგრამის ფარგლებში აღმოსავლეთი–დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ.
USAID-ში განაცხადეს, რომ CANVAS-თან უკვე ორ წელზე მეტია თანამშრომლობენ და რომ სწორედ მათ მოიწვიეს ორგანიზაციის წარმომადგენლები საქართველოში. ამჯერად CANVAS-თან თანამშრომლობა ითვალისწინებდა კულტურისა და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების დახმარებას კულტურისა და ხელოვნების ინსტიტუტების დამოუკიდებლობის ადვოკატირებაში.
ყველა ახალი ამბავი
0