კალაძემ მსჯავრდებული სააკაშვილის კლინიკაში ყოფნა რეალითი-შოუს შეადარა

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედიდში, სადაც მკურნალობის კურსს გადის, 2022 წლის მაისიდან იმყოფება.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებები არის რეალითი-შოუს ნაწილი, რომელსაც ბოლო დროს იგი კლინიკა „ვივამედიდან" დგამს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ორშაბათს, 30 ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ დღეს ქვეყანა უნდა იყოს მობილიზებული, რადგან საფრთხე ემუქრება. მისი თქმით, საქართველოში დივერსიული ჯგუფი შემოვიდა, ამიტომ მას სურს შექმნას სამოქალაქო თავდაცვისთვის „ცხელი ხაზი".
„ყველა ხვდება არსებულ რეალობას და საზოგადოება ამით ერთობა. არსებობს შოუ „პრაიმ-ჰაუსი“ (რეალითი-შოუ „რუსთავი 2"-ზე), ესეც იგივეა ოღონდ სააკაშვილის მონაწილეობით კლინიკა „ვივამედიდან". ხალხიც ერთობა. რამდენად სერიოზულად უნდა აღიქვას ეს ადამიანმა, ვერ წარმომიდგენია“, - განაცხადა კალაძემ ჟურნალისტებთან.
პოლიტიკოსის თქმით, პირადად მისთვის სააკაშვილის განცხადება საინტერესო არაა.
„ეს უბრალოდ იმ შოუს ნაწილია, რომელსაც ეს ადამიანი მთელი ამ ხნის განმავლობაში დგამდა. თავიდან დღეში ათჯერ კვდებოდა, მერე სუსტდებოდა და თუ რაიმე დაავადება იყო, ყველა დაავადება ამ ადამიანს ჰქონდა. უცებ აღდგა და ერთ დღეში გამოჯანმრთელდა, ეს საოცრებაა“, - განაცხადა კალაძემ.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
პაპუაშვილი: სააკაშვილის საქართველოში ჩამოყვანა დივერსია იყო>>>
ადვოკატები ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდნენ. მათ ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
კლინიკა „ვივამედის" დირექტორმა ნინო ნადირაძემ სასამართლოზე დაადასტურა, რომ სააკაშვილს კახექსია აქვს, მაგრამ, მისი თქმით, კახექსიის მიზეზია არა მალაბსორბცია (ნაწლავებში შეწოვის დარღვევა), როგორც ამას დაცვის მხარის ექსპერტები ამტკიცებენ, არამედ ნორმალურ კვებაზე უარის თქმა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
სააკაშვილის ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ყველა ახალი ამბავი
0