ისრაელში საქართველოს საელჩო მუშაობის ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს დროშა
საქართველოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 31.10.2023
გამოწერა
სამი კვირის განმავლობაში, მას შემდედგ რაც პალესტინა-ისრაელის კონფლიქტი დაიწყო, საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.
თბილისი, 31 ოქტომბერი – Sputnik. ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების მიღების ჩვეულ რეჟიმს 31 ოქტომბრიდან დაუბრუნდება, განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა ლაშა ჟვანიამ Palitranews-ის ეთერში.
ჟვანიას თქმით, საელჩო ამ რეჟიმში იმუშავებს იქამდე, ვიდრე ისრაელის თავდაცვის სამინისტრო რაიმე სახის განსაკუთრებულ შეზღუდვას არ დააწესებს.
„აქამდე, სამი კვირის მანძილზე შეწყვეტილი გვქონდა ყველა სხვა საკონსულო მომსახურების გაწევა ჩვენი ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის“, - განაცხადა ჟვანიამ.
როგორც დიპლომატმა აღნიშნა, თუ ვინმეს სურს პასპორტის ან პირადობის მოწმობის მიღება, მინდობილობის გაკეთება ან მოქალაქეობის მიღებასთან დაკავშირებით დახმარება, შეუძლიათ მიმართონ საელჩოს.
ჟვანიას განცხადებით, ისრაელის ზოგიერთ ქალაქში ცხოვრების ჩვეული რიტმი გრძელდება - ოფისები და საწარმოები ღიაა, მიმდინარეობს სასწავლო პროცესიც.
ბოლო სამი კვირის განმავლობაში ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. კერძოდ, მოქალაქეებს დახმარებას უწევდნენ ბილეთების შეძენაში და აცნობდნენ ინფორმაციას დამატებითი ავიარეისების შესახებ.
როგორც ჟვანიამ მანამდე განაცხადა, საელჩო მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს მოქალაქეებთან და მზადაა საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს მათ.
ელჩის თქმით, ისრაელიდან საქართველოში ბოლო 24 დღის განმავლობაში 15 ათასი ადამიანი ჩამოვიდა, მათგან 1,5 ათასი საქართველოს მოქალაქეა.
ისრაელიდან საქართველოში 15 ათასი ადამიანი ჩამოვიდა>>>
7 ოქტომბერს დილით ისრაელის ტერიტორიაზე ღაზას სექტორიდან უპრეცედენტო სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა - პალესტინის მოძრაობის ჰამასის სამხედრო ფრთამ განაცხადა, რომ დაიწყო ოპერაცია „ალ-აქსას წარღვნა". გარდა ამისა, მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ, ორგანიზაციის მებრძოლებმა შეაღწიეს სამხრეთ ისრაელის სასაზღვრო რაიონებში.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) ღაზის სექტორში კონტრტერორისტული ოპერაცია „რკინის ხმლები" წამოიწყეს. ჯარი სრულ სამხედრო მზადყოფნაში იქნა მოყვანილი და ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. უკვე 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავდასხმიდან რამდენიმე დღეში ისრაელის სამხედროებმა თავისი კონტროლის ქვეშ მოაქციეს ღაზას საზღვართან მდებარე ყველა დასახლებული პუნქტი და საჰაერო დარტყმების განხორციელება დაიწყეს. ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკადა გამოაცხადა: წყლის, საკვების, ელექტროენერგიის, მედიკამენტების და საწვავის მიწოდება შეჩერდა.
ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ, ადგილობრივი ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 8 ათას ადამიანს გადააჭარბა, რომელთაგან ნახევარი ბავშვია, 18 ათასზე მეტი დაშავდა. პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ყველა ახალი ამბავი
0