კიევს სურს სააკაშვილის დაბრუნება საქართველოს ხელისუფლებაში ომის დასაწყებად - სარჯველაძე

© photo: Sputnik / Maxim Bogodvid / გადასვლა მედიაბანკშიუკრაინის საკონსულო
უკრაინის საკონსულო - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2023
გამოწერა
სააკაშვილის საკითხმა უარყოფითად იმოქმედა ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებზე და ეს არის პრობლემა, განაცხადა დეპუტატმა.
თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. დღეს უკრაინაში დიდი გავლენა აქვს ძალას, რომელსაც სურს საქართველოში ხელისუფლებაში იხილოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ ერთი მიზნით, რათა მან ომი დაიწყოს, განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ არაერთხელ მოუწოდეს უკრაინის წარმომადგენლებმა, მათ შორის, ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ალექსი დანილოვმა.
„ყველაფერი გასაგებია, საიდან მოდის ეს ყველაფერი და ვის რა ინტერესი გააჩნია. დღეს, უკრაინის ხელისუფლებაში ძალიან დიდი გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც სურვილი აქვს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში იხილოს მიხეილ სააკაშვილი მარტო იმიტომ, რომ მან ომი გააჩაღოს“, - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი თქმით, სააკაშვილის თემამ ნეგატიურად იმოქმედა ორ ქვეყანას შორის კარგ ურთიერთობებზე და ეს პრობლემაა.
„ძალიან ცუდად გამოიყურება, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის კარგი ურთიერთობები გადააყოლეს სააკაშვილის გულშემატკივრობას - ეს არის პრობლემა“, - განაცხადა სარჯველაძემ.
ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის „ბულინგი“ და გადასცეს ის უკრაინას, რომლის მოქალაქეც ის არის.
სააკაშვილი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას - კონსილიუმის დასკვნა >>
საქართველოს ელჩმა გიორგი ზაქარაშვილმა უკრაინა 6 ივლისს დატოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყნის საგარეო უწყებამ პრეზიდენტ ზელენსკის დავალებით ქართველ დიპლომატთან მტკიცე პროტესტი გამოთქვა პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. ელჩს თბილისთან კონსულტაციებისთვის ქვეყნის 48 საათში დატოვება შესთავაზეს.
სტრასბურგის სასამართლომ, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატებმა მისი გათავისუფლების მიზნით მიმართეს, „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
პრემიერი: საქართველოს ხელისუფლება არ დაუშვებს ქვეყნის უკრაინიზაციას ან ავღანეთიზაციას >>
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში", სადაც მას არასაკმარისი კვებით გამოწვეულ კახექსიაზე მკურნალობენ.
2023 წლის მარტში, ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა პოლიტიკოსმა მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ხელისუფლების შეცვლისა და „პროდასავლური, პროუკრაინული ძალის“ საქართველოში მოსაყვანად. ეს, მერაბიშვილის თქმით, აუცილებელია იმისათვის, რომ უკრაინა მარტო არ იყოს.
საქართველო-უკრაინის ურთიერთობები
2020 წელს მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელად დანიშვნის გამო საქართველოსა და უკრაინას შორის არსებული ისედაც დაძაბული ურთიერთობა უკრაინაში კონფლიქტის ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. უკრაინული მხარე მკვეთრად აკრიტიკებს საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო, მეტიც, სანქციების გვერდის ავლაში რუსეთის დახმარებაში ადანაშაულებს.
საქართველოს მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ უკრაინის მაღალი რანგის ოფიციალური პირები ცდილობენ საქართველოს ომში ჩათრევას, რათა საკუთარი მდგომარეობა შეიმსუბუქონ. „ქართული ოცნების" ლიდერების თქმით, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი თანამოაზრეებიც ამისკენ ისწრაფვიან.
ურთიერთობების გაუარესების კიდევ ერთი მიზეზი გახდა უკრაინის მიერ საქართველოს ცალკეული მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ დაწესებული სანქციები.
ეს მიუღებელია: პრემიერი რუსეთისთვის სანქციების დაწესების თაობაზე ლატვიის მოწოდებაზე >>
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებით, უკრაინამ სანქცირებულთა სიაში შეიყვანა ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე ქეთევან ხარაიძე, უჩა მამაცაშვილი და მისი ვაჟი ტიტე მამაცაშვილი, შემდეგ კი – ქართული ავიაკომპანია Georgian Airways და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
გარდა ამისა, უკრაინას საქართველოში ელჩი ამ დრომდე არ დაუნიშნავს. ბოლო ელჩმა იგორ დოლგოვმა თანამდებობა 2022 წლის 24 ივნისს დატოვა. საქართველოში უკრაინის დროებით რწმუნებულად ალექსანდრ შულგა დანიშნეს.
ყველა ახალი ამბავი
0