აქციის დარბევა და ექს-პრეზიდენტის მიმართვა - როგორ ჩაიარა სააკაშვილის სასამართლო პროცესმა

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი სასამართლო სხდომას კლინიკა „ვივამედიდან" დისტანციურად ჩაერთო.
თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურამ წარმოადგინა ვიდეომტკიცებულებები, რომლებიც უკავშირდება საქართველოში ბოლო 15 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმეს – 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევას. საქმეში ბრალდებულის სტატუსი აქვთ საქართველოს ექს-პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს.
საქმეს, რომელშიც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და გადამეტებაში ბრალდებული არიან საქართველოს ხელისუფლების მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროინდელი მაღალი თანამდებობის პირები ექს-პრეზიდენტის მეთაურობით, სამი მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია დაახლოებით ცხრა წელია განიხილავს.
ამჯერად სასამართლო სხდომაზე მოწმეების დაკითხვა არ მომხდარა. ბრალდების მხარემ მტკიცებულების სახით 7 ნოემბრის აქციის მონაწილეთა დაშლის ვიდეოჩანაწერი წარმოადგინა. თუმცა, დაცვის მხარემ წარმოდგენილ კადრებში ვერავითარი სისტემური დანაშაულებრივი ქმედებები და აქციის დარბევა ვერ დაინახა.

„იქ შეიძლება იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული, მაგრამ ამას არ ჰქონია სისტემური ხასიათი. ჩვენ ვნახეთ რამდენიმე დაზარალებული და სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები დაზიანდნენ. თუმცა, სულ საუბარი იყო რამდენიმე დაზიანებულ ადამიანზე, რომელთაც ჰქონდათ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანებები", – განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.

რაც შეეხება მთავარ ბრალდებულს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესზე მისვლა მსჯავრდებულმა სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო და სხდომას დისტანციურად ჩაერთო კლინიკა „ვივამედიდან“, სადაც გასული წლის მაისიდან გადის მკურნალობის კურსს.
ექს-პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა, რომელიც ნახევარ საათზე მეტხანს გაგრძელდა, პოლიტიკურ განცხადებებს მიუძღვნა. ტრადიციულად, სააკაშვილმა გააკრიტიკა დღევანდელი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი და აღნიშნა, რომ საქართველო არასოდეს ყოფილა ასეთი დაუცველი.
სააკაშვილი საჭიროებს მუდმივ სამედიცინო მეთვალყურეობას - კონსილიუმის დასკვნა>>>
სააკაშვილის მიმართვის ადრესატი ასევე იყო ოპოზიცია. სააკაშვილის თქმით, ხელისუფლების ცვლილება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ოპოზიცია „ერთმანეთთან კოორდინირებულად და შეთანხმებულად იმოქმედებს“. როგორც ექს-პრეზიდენტმა აღნიშნა, მომავალი საპარლამენტო არჩევნები 1990-იანი წლების შემდეგ იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები საქართველოს ისტორიაში.
მან ასევე გააკრიტიკა ელექტრონული საარჩევნო სისტემა, რომელიც გამოყენებული იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და მას „გაყალბებაზე აგებული სისტემა" უწოდა. ამავდროულად თავის გამოსვლაში სააკაშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ აპირებს აქტიურ მონაწილეობას „საქართველოს გადარჩენის პროცესში“.
სააკაშვილის მიმართვის სამიზნე იყვნენ რუსეთის მოქალაქეებიც, რომლებსაც ექს-პრეზიდენტმა „უზარმაზარი უბედურება" და „საქართველოსთვის გაზრდილი საფრთხის წყარო" უწოდა.
მისი თქმით, როგორც კი საქართველოში ხელისუფლება შეიცვლება, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში შეძენილი ბინების გასაყიდად ერთი წელი უნდა მიეცეთ და ეს ბინები საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებზე შეღავათიან ფასად უნდა გაიყიდოს. სააკაშვილის თქმით, „რუსებს საქართველოში გრძელვადიანი მომავალი არ ექნებათ“.
აღნიშნულ საქმეზე სააკაშვილის გარდა ფიგურანტები არიან იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, ასევე თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი. უკანასკნელი ორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
საქმის დეტალები
ყოფილ მაღალჩინოსნებს (ადეიშვილს, კეზერაშვილს, მერაბიშვილს და უგულავას) ბრალი ედებათ 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევაში, ტელეკომპანია „იმედში" შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების მითვისებაში.
გამოძიების ინფორმაციით, 2007 წლის 4 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის დავალებით შსს-ს შენობაში, მერაბიშვილის კაბინეტში გაიმართა საგანგებო თათბირი, რომელსაც ესწრებოდნენ ადეიშვილი, კეზერაშვილი, უგულავა, ასევე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი დათა ახალაია და გუბერნატორები.
შეხვედრაზე გადაწყდა – შედგენილიყო აქციის მონაწილეთა სიები, რომელთა მიმართ უნდა განხორციელებულიყო დაშინება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლა, ადამიანების ცემა და დაკავება სხვადასხვა მეთოდით, მათ შორის ნარკოტიკების ჩადების გზით.
მერაბიშვილისთვის თათბირზე მიცემული დავალება (ხალხის დაშინების, ცემის და დაკავების შესახებ) შესრულდა 2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც გაცემული იქნა ბრძანება აქციის დარბევის შესახებ.
მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება>>>
გამოძიების მონაცემებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე რუსთაველის გამზირსა და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველი ორგანოების მხრიდან მოხდა ოპოზიციონერი მომიტინგეების დარბევა (სახალხო დამცველის, პოლიტიკური პარტიების წევრების და ჟურნალისტების ჩათვლით) და არალეტალური იარაღის უკანონო გამოყენება.
იმავე დღეს, დასახული გეგმის შესაბამისად, ტელეკომპანია „იმედის" შენობაში ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, უკანონოდ შეიჭრა შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმი, რომელმაც გაანადგურა პირდაპირი ჩართვის აპარატურა, გამორთო ტელეკომპანია „იმედის" მაუწყებლობა, ხოლო „ტელეიმედის" თანამშრომლები ცემა-ტყეპით შენობიდან გამოყარა.
გამოძიების ვერსიით, სააკაშვილის დავალებითა და მაღალჩინოსნების, მათ შორის, გიგი უგულავას, დავით კეზერაშვილისა და სხვების უშუალო ჩარევით პატარკაციშვილის ოჯახს ზეწოლითა და დაშინებით წაართვეს ტელეკომპანია „იმედი", მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
სააკაშვილს, მერაბიშვილს, ადეიშვილს, კეზერაშვილს და უგულავას ბრალი ედებათ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ყველა ახალი ამბავი
0