მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის შეწყალება პრეზიდენტის პოლიტიკური თვითლიკვიდაცია იქნება

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 06.09.2023
გამოწერა
მმართველ პარტიაში არ გამორიცხავენ, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სალომე ზურაბიშვილთან სააკაშვილის შეწყალების საკითხით ვაჭრობს.
თბილისი, 6 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არ დაემორჩილება ოპოზიციის შანტაჟს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხზე, რადგანაც ეს იქნება მისი პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოახლოებულ პროცესთან დაკავშირებით გერმანულმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ ქართული ოპოზიცია იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე უარის თქმის სანაცვლოდ პრეზიდენტისგან მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ითხოვს.

„მე არ მგონია, რომ ყველაფრის მიუხედავად სალომე ზურაბიშვილი დაექვემდებაროს შანტაჟს და სააკაშვილი შეიწყალოს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ მას ემუქრებიან – წინააღმდეგ შემთხვევაში იმპიჩმენტის საკითხს დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა მდინარაძემ ბრიფინგზე.

მდინარაძის თქმით, შეუძლებელია იმის დაჯერება, რომ ზურაბიშვილი „ამაზე წავა“ .

„ეს იქნება პოლიტიკური თვითლიკვიდაცია, რომლის მსგავსი პოლიტიკურ ისტორიას ძალიან ცოტა ახსოვს. მოქმედი პრეზიდენტი იმიტომ იწყალებს რომელიღაც დამნაშავეს, რომ მას ემუქრებიან იმპიჩმენტის საკითხის მხარდაჭერით. შეუძლებელია ამის დაჯერება და ვარაუდი, რომ ზურაბიშვილი ამაზე წამსვლელია მიუხედავად იმისა, რაც უკვე გააკეთა“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ამასთან პოლიტიკოსმა არ გამორიცხა, რომ ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტთან სააკაშვილის შეწყალების საკითხით მართლაც ვაჭრობს.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უარყვეს მოლაპარაკება პრეზიდენტთან, ამასთანავე განაცხადეს, რომ პარტია იმპიჩმენტის მხარდაჭერას არ აპირებს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა“ და მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრებით, მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია, „ქართული ოცნებას" კი ოპოზიციის იმედი არ აქვს. მმართველი პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ზურაბიშვილი და „რადიკალური ოპოზიცია" ერთ მხარეს არიან.
იმპიჩმენტის მიზეზი და პროცედურები
„ქართულ ოცნებაში“ განაცხადეს, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია, როდესაც საზღვარგარეთ ვიზიტებზე მთავრობის უარს ყურადღება არ მიაქცია. უარის მიზეზად ხელისუფლებამ დაასახელა ის, რომ ზურაბიშვილი რადიკალურ ოპოზიციასთან ერთად მოქმედებს და მხოლოდ ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
სააკაშვილის შეწყალება თუ იმპიჩმენტი: „ნაციონალური მოძრაობა“ პრეზიდენტს აშანტაჟებს?>>>
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ“.
როგორც გუშინ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ დოკუმენტების მომზადება ოთხშაბათისთვის დასრულდება, რის შემდეგაც ისინი საპროცედურო საკითხთა კომიტეტს გადაეცემა, შემდეგ – საკონსტიტუციო სასამართლოს.
სააკაშვილი საქართველოში
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ხოლო 2022 წლის მაისის შემდეგ – კლინიკა „ვივამედში".
სურს, მაგრამ არ შეუძლია - დეპუტატი სააკაშვილის ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებაზე>>>
სააკაშვილის ადვოკატები რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ იმაზე, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის მიზეზით მისი გათავისუფლებისთვის მიეღწიათ. მათი განცხადებით, სააკაშვილს აქვს დემენცია დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რაც მისი გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზით მის გათავისუფლებას სასამართლოს გზით ცდილობდა. ადვოკატებმა ამერიკელი ექსპერტებიც მოიწვიეს, რომლებმაც სასამართლოში განაცხადეს, რომ სააკაშვილი მძიმე ლითონებით იყო მოწამლული და კვდებოდა, მაგრამ ქართულმა სასამართლოებმა იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის არგუმენტები უფრო დამაჯერებლად მიიჩნიეს და ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებაზე უარი განაცხადეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მსჯავრდებული სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ იურიდიულ კომპანია Akerman LLP-ს სააკაშვილის ინტერესების ლობირებისთვის 917,1 ათას დოლარზე მეტი გადაუხადა. აქედან 300 ათასი დოლარი კომპანიამ გადაუხადა უცხოელ ექსპერტებს, რომლებმაც სასამართლოს ჩვენება მისცეს სააკაშვილის გათავისუფლების სასარგებლოდ.
ადვოკატებმა საქართველოში ორი ინსტანციის სასამართლოში მის გათავისუფლებას ვერ მიაღწიეს და სტრასბურგის სასამართლოს მიმართეს.
მაისის ბოლოს სტრასბურგის სასამართლომ „სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" საქმეზე უარი უთხრა სააკაშვილს ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე. ამავდროულად სახელმწიფოს არ დაევალა ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში მისი გადაყვანა.
ივნისის შუა რიცხვებში ექს-პრეზიდენტმა პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ განაცხადა. სააკაშვილის წარმომადგენელმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ 22 აგვისტოდან ექს-პრეზიდენტი მისი დახმარებით რეგიონებში წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს და მზადაა მოსახლეობის პრობლემები მოისმინოს.
ყველა ახალი ამბავი
0