შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას გამბედაობა არ ჰყოფნის

© Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2023
გამოწერა
ქართველი ხალხი არასდროს არავის პატიობს ღალატს და ამომრჩეველი ამას შესაბამისად შეაფასებს, განაცხადა სპიკერმა.
თბილისი, 27 ოქტომბერი – Sputnik. ოპოზიციას არ ჰყოფნის გამბედაობა, დაასახელოს ის, ვინც ქვეყანას ღალატობს, როდესაც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ აგიტაციას ეწევა, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„იმდენი გამბედაობაც კი არ აქვთ, რომ ეს პირები დაასახელონ. ერთმანეთისკენ თითს იშვერენ, მაგრამ იმდენი გამბედაობა არ აქვთ, რომ ის ადამიანები დაასახელონ, ვინც მართლაც ამ ქვეყნის ღალატში იყო ჩართული. ერიდებათ, რომ მოღალატეები დაასახელონ, რაც მათ ღირებულებებზე მეტყველებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ოპოზიციის მოქმედებას ალოგიკური უწოდა.
„რატომღაც ჰგონია (სამნიძეს), რომ კანდიდატის სტატუსისთვის ბრძოლაა, როცა ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მიდიხარ და ეუბნები – რამდენად ცუდი ქვეყანა გვაქვს, რამდენად მაჩანჩალა ქვეყანა ვართ. ამას ამბობენ უკრაინის, მოლდოვის, ბოსნია-ჰერცეგოვინის და სხვა კანდიდატების ფონზე, რომელთაც ყველანაირი მონაცემებით ვუსწრებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციამ ამ პერიოდში თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და არჩევნებზე ღირსეულ პასუხს მიიღებს.
„ოცნებაზე“ უარესები არიან - გახარიას პარტიაში ოპოზიციონერების მოქმედებები გააკრიტიკეს >>
„რა თქმა უნდა, ეს წელიწად-ნახევრიანი მონაკვეთი ჩაიწერება საქართველოს ისტორიაშიც, რომელიც ოპოზიციის რეალური სახეა. ამ რეალურ სახეს ქართველი ამომრჩეველი 2024 წლის არჩევნებში პასუხს გასცემს. ქართველი ხალხი ღალატს არავის არასოდეს არ პატიობს და როცა ზურგში დანის ჩარტყმა ხდება ქვეყნისთვის, ამას ქართველი ამომრჩეველი შესაბამისად შეაფასებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე >>
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ დროის მოკლე პერიოდში მაქსიმუმი გააკეთა, განსაკუთრებით, ოპოზიციის მხრიდან საბოტაჟის და დაბრკოლებების გათვალისწინებით.
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმაც ასევე განაცხადა, რომ ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ წელიწად-ნახევარში კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეიძლებოდა.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები: ევროკავშირში საქართველოს მნიშვნელობა ესმით >>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია. ესენია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
ამის შემდეგ მუშაობა რეკომენდაციების შესრულებაზე გაგრძელდა.
ყველა ახალი ამბავი
0