„ოცნებაზე“ უარესები არიან - გახარიას პარტიაში ოპოზიციონერების მოქმედებები გააკრიტიკეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგების მოქმედებები დაგმო.
თბილისი, 26 ოქტომბერი – Sputnik. ქართველი ოპოზიციონერები, რომლებიც უცხოელ პარტნიორებს არწმუნებდნენ, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭონ, ზრუნავენ მხოლოდ თავიანთ ვიწრო პარტიულ ინტერესებზე, ისინი ბევრად უარესები არიან, ვიდრე მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“, განაცხადა ექს-პრემიერ გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა.
პარლამენტის დეპუტატმა, „რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ ამ დღეებში განაცხადა, რომ საქართველოს უცხოელი პარტნიორების ინფორმაციის თანახმად, ზოგიერთი ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი საზღვარგარეთ ვიზიტების დროს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მოპოვების წინააღმდეგ გამოდის. სამნიძის თქმით, სტატუსის მონიჭება ძალზე მნიშვნელოვანია და არა აქვს მნიშვნელობა, ვინ არის ახლა ხელისუფლებაში.

„თუ ვინმე ამას აკეთებდა, დადიოდა ევროკავშირში და ჩვენს მეგობრებს არწმუნებდა, სტატუსი არ მოგვცეთ, რადგან ამას „ოცნება“ გამოიყენებსო, ისინი „ოცნებაზე“ გაცილებით უარესები არიან... ასეთ ადამიანებს აინტერესებთ მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი ვიწრო პარტიული და ეგოისტური ინტერესი და არა ქვეყნის ინტერესი", – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ოთხშაბათს ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია 8 ნოემბერს მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც 14-15 დეკემბერს საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს. ევროკომისიას საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულების შეფასება მოუწევს, რომელიც მან „საშინაო დავალებად“ 2022 წლის ივნისში მიიღო.
პრეზიდენტი, ექს-პრემიერი და ექს-ომბუდსმენი საარჩევნოდ პარტიას ქმნიან - კობახიძე >>
ევროკომისიის მიერ ივნისში მიღებული შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ 12-დან სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია: გენდერული თანასწორობა და ბრძოლა ქალთა წინააღმდეგ ძალადობასთან, სტრასბურგის გადაწყვეტილებების გათვალისწინება და დამოუკიდებელი სახალხო დამცველის არჩევა.
შვიდი რეკომენდაცია ნაწილობრივ არის შესრულებული. შეზღუდული პროგრესია მიღწეული კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0