ამიერკავკასიას ხანგრძლივი მშვიდობა სჭირდება - სომხეთის პრემიერი

© Government of Georgiaნიკოლ ფაშინიანი
ნიკოლ ფაშინიანი - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
სომხეთის პრემიერმა „მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტსა და მის პრინციპებზე ისაუბრა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. ამიერკავკასიის რეგიონს ხანგრძლივი მშვიდობა ესაჭიროება, მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის მშენებლობა ძალიან რთული იქნება, განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობაში დღეს გაიხსნა. მასში 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი მონაწილეობს, მათ შორის არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები.

„გზები ჩვენს მეზობელ ორ ქვეყანასთან დაკეტილია, რაც აშკარად მიუთითებს სირთულეებზე ურთიერთობებში. მაგრამ აქ არ მოვსულვარ რთულ ურთიერთობებზე სასაუბროდ. აქ ვარ იმიტომ, რომ განვაცხადო – მშვიდობის გარეშე ნებისმიერი გზის შენება იქნება ძალიან რთული. ასევე ნათელია, რომ ჩვენი რეგიონი, ამიერკავკასია ხანგრძლივ მშვიდობას საჭიროებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, მშვიდობა – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც ქვეყნები არსებობენ და ფუნქციონირებენ ღია საზღვრებით, დაკავშირებული არიან ეკონომიკური და კულტურული კავშირებით, აქვთ ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც ერთმანეთს უზიარებენ დიალოგის საშუალებით.
ეს ყველაფერი ღია საზღვრებთან ერთად, იქნება ეს ეკონომიკური, კულტურული თუ პოლიტიკური კავშირები, ვერ იარსებებს მსგავსი გზების გარეშე.

„სწორედ ამიტომ შეიმუშავა სომხეთის მთავრობამ "მშვიდობის გზაჯვარედინის" პროექტი, რომლის მიზანია, განვითარდეს კომუნიკაცია სომხეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, ირანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებს შორის სხვადასხვა საგზაო ინფრასტრუქტურის, ნავთობგადამტანი, ელექტორგადამცემი ხაზების მოდერნიზაციითა და აშენებით", – განაცხადა ფაშინიანმა.

მისი თქმით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურა, რომელიც კვეთს სომხეთის ჩრდილოეთ და სამხრეთ ტერიტორიებს, უკვე არსებობს უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში.

„რამდენიმე გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, და ამ გზების გააქტიურება იქნება მოკლე და ეფექტური გზა კასპიისა და ხმელთაშუა ზღვების დასაკავშირებლად", – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც სომხეთის პრემიერმა აღნიშნა, თუ ამას კომპლექსურად შევხედავთ, მნიშვნელოვანია „მშვიდობის გზაჯვარედინის" პრინციპების მონიშვნა.
პირველი პრინციპია – ყველა ინფრასტრუქტურა, მათ შორის საგზაო, სარკინიგზო, საჰაერო, ნავთობგადამტანი თუ ელექტროგადამცემი ინფრასტრუქტურა მუშაობს და ფუნქციონირებს შესაბამისი ქვეყნების იურისდიქციების ფარგლებში, სადაც ისინი გადიან.
მეორე პრინციპი – თითოეული ქვეყანა საკუთარი სახელმწიფო ინსტიტუციების საშუალებით უზრუნველყოფს საბაჟო კონტროლს, ინფრასტრუქტურის უსაფრთხოებას, მათ შორის მათი ტერიტორიების კვეთას, იქნება ეს საავტომობილო თუ ნებისმიერი საშუალებით.

„აქვე ვიტყვი, რომ უახლოეს პერიოდში სპეციალური ერთეული ჩამოყალიბდება სომხეთის სამართალდამცველი სტრუქტურის ფარგლებში, რომელიც უფლებამოსილი იქნება საერთაშორისო კომუნიკაციების უსაფრთხოებაზე, რომელიც გაივლის სომხეთს, იქნება ეს სატრანსპორტო საშუალებები თუ პირები, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებებს ატარებენ", – განაცხადა ფაშინიანმა.

მესამე პრინციპი – ეს ინფრასტრუქტურა შეიძლება იქნას გამოყენებული, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტრანსპორტირებისთვის.
მეოთხე პრინციპი – ყველა ქვეყანას შეუძლია ერთმანეთის ინფრასტრუქტურის გამოყენება ნაცვალგების და თანასწორობის პრინციპის საშუალებით, სწორედ ამ ბოლო ორ პრინციპზე დაყრდნობით შესაძლებელია სასაზღვრო თუ საბაჟო პროცედურების ოპტიმიზაცია.

„აქვე მინდა ხაზი გავუსვა სომხეთის მზადყოფნას, ხელახლა გახსნას, ააშენოს ან განაახლოს რეგიონული კომუნიკაციები ამ პრინციპებზე დაყრდნობით", – აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, ეს პრინციპები საჭიროა, რათა თავიდან ავიცილოთ გაურკვევლობა თუ განსხვავებული ინტერპრეტაცია.

„უახლოეს მომავალში ასევე ოფიციალურად წარმოვადგენთ ამ პროექტს ჩვენი რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის და იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი ძალისხმევით, ასევე ინვესტორების ჩართულობით ამ პროექტის განხორციელებას შევძლებთ", – განაცხადა სომხეთის პრემიერმა.

ფაშინიანის თქმით, "მშვიდობის გზაჯვარედინი" მშვიდობის დღის წესრიგის უმნიშვნელოვანესი ნაწილია.

„ამ ეტაპზე ვმუშაობთ შეთანხმების პროექტზე აზერბაიჯანთან მშვიდობისა და ურთიერთობის ნორმალიზაციის უზრუნველსაყოფად. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი დასრულდება შემდეგ რამდენიმე თვეში", – აღნიშნა მან.

პრემიერის განცხადებით, ის საჭიროდ მიიჩნევს, წარმოადგინოს მშვიდობის საკითხზე კიდევ ორი დამატებითი ასპექტი, რაზეც აზერბაიჯანთან შეთანხმდნენ.

„სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას... ეს უზრუნველყოფს იმას, რომ ორივე მხარის განცხადებები არ დატოვებს არანაირ სივრცეს საიმისოდ, რომ მეორე მხარემ არ აღიაროს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, გარდა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებისა", – განაცხადა ფაშინიანმა.

პრემიერი ასევე დაეყრდნო ალმათის 1991 წლის დეკლარაციას, რომელსაც, მისი თქმით, შემდეგი მნიშვნელობა აქვს: სსრკ წყვეტს არსებობას და 12 რესპუბლიკა, რომლებიც ხელს აწერენ დეკლარაციას, მათ შორის, სომხეთი და აზერბაიჯანი, აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.

„აღიარებენ იმ დროისათვის არსებულ ადმინისტრაციულ საზღვრებს, ანუ, საზღვრები, რომლებიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, ხდება სახელმწიფო საზღვრები. ამ პრინციპებზე დაყრდნობით, იმედი გვაქვს, რომ შემდეგ რამდენიმე თვეში უკვე აზერბაიჯანთან მოვაწერთ ხელს შეთანხმებას მშვიდობაზე და განვაახლებთ ჩვენს ურთიერთობებს", – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორც მან აღნიშნა, „მშვიდობის გზაჯვარედინის" ინიციატივა მთლიანად შეესაბამება „აბრეშუმის გზის“ ლოგიკას.
„მოხარული ვიქნებით, სომხეთის ტერიტორიაზე მივიღოთ ადამიანები, საქონელი, გავიყვანოთ ნავთობსადენები, ელექტროკაბელები", – განაცხადა ფაშინიანმა და ღონისძიების მონაწილეებს ნაყოფიერი ორდღიანი მუშაობა უსურვა.
პრემიერი: საქართველო გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად>>
ფორუმი 27 ოქტომბერს დასრულდება. საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრების გარდა, პანელურ დისკუსიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპისა და აზიის სახელმწიფოების მთავრობების მაღალი თანამდებობების პირები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები.
გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობენ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო, მათ შორის, ფინანსური და დონორი ორგანიზაციების, რეგიონის ქვეყნების, სპარსეთის ყურის, აშშ-ისა და ჩინეთის წამყვანი კომპანიების ათობით წარმომადგენელი.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე თანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ათი სესია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ის წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა>>
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვასა და ორმხრივ შეხვედრებს (B2B).
"თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. მას შემდეგ მსგავსი სამი ღონისძიება გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0