პრემიერი: საქართველო მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად გარდაიქმნება

© AP Photo / Andreea Alexandru
  - Sputnik საქართველო, 1920, 26.10.2023
გამოწერა
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა.
თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. საქართველო არის ბუნებრივი ხიდი ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე, რომელიც ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის“ გახსნაზე.
თბილისის „აბრეშუმის გზის“ მეოთხე ფორუმი, რომელსაც 63 ქვეყნის 2 ათასამდე წარმომადგენელი ესწრება, მათ შორის სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრები, თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში 26 ოქტომბერს ოფიციალურად გაიხსნა.

„საქართველო – ეს არის ბუნებრივი ხიდი, რომელიც მდებარეობს ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე და ის ყოველდღიურად გარდაიქმნება მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად. ჩემმა მთავრობამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა ინფრასტრუქტურის მოდერნიზებაში, რათა გაძლიერებულიყო კავშირები და ასევე დამკვიდრებულიყო ეფექტური სავაჭრო გზები“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ფორუმის მიზანია ლოჯისტიკური კავშირების გაზრდა, ასევე „შუა დერეფნის“ ინიციატივაში ქვეყნების უფრო მეტი ჩართულობის ხელშეწყობა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს მასშტაბით „შუა დერეფანი“ სწრაფად ვითარდება, როგორც ტრადიციული გზების ალტერნატივა.

„ჩვენ უკვე ვხდებით ერთ-ერთი ყველაზე საიმედო ვარიანტი აღმოსავლეთი–დასავლეთის სატრანსპორტო მარშრუტზე, ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ჩვენს აზერბაიჯანელ და ყაზახ კოლეგებთან, რათა აღმოიფხვრას დაბრკოლებები და გაძლიერდეს ინფრასტრუქტურული შესაძლებლობები, გამარტივდეს პროცედურები და გამოყენებულ იქნას ერთიანი სატარიფო პოლიტიკა“, – განაცხადა პრემიერმა.

როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქართველო ვითარდება როგორც რეგიონული ჰაბი.
საქართველოს მთავრობის მეთაური მიესალმა თავის სომეხ და აზერბაიჯანელ კოლეგებს – ნიკოლ ფაშინიანსა და ალი ასადოვს და აღნიშნა, რომ საქართველოს მოქმედი მთავრობის მშვიდობიანი სამეზობლო ინიციატივის მეშვეობით საქართველო მზადაა იმუშაოს მეზობელ და მეგობარ ქვეყნებთან, რათა საბოლოოდ დამკვიდრდეს გრძელვადიანი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში.

„დღეს მოხარული ვარ, ვუმასპინძლო ჩემს ორივე ძვირფას კოლეგას, პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს და პრემიერ-მინისტრ ასადოვს. ზედმეტია იმის თქმა, რომ გრძელვადიანი მშვიდობა სარგებელს მოუტანს ჩვენს ყველა ქვეყანას, ფართომასშტაბიან ფარგლებში რეგიონს, და ასევე დამსახურებულ კეთილდღეობას შესძენს ჩვენს ქვეყნებს", – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველომ იცის ომის ფასი და აღიარებს, თუ რამდენად ღირებულია მშვიდობა.

„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი მთავრობა მთელი ათწლეულის განმავლობაში უპრეცედენტოდ ახერხებდა მშვიდობის და სტაბილურობის შენარჩუნებას, ამის შედეგად ჩვენი ქვეყნისა და პარტნიორებისთვის სიტუაცია უფრო სანდო და პროგნოზირებადი ხდებოდა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი მიზანია ომის თავიდან აცილება და მშვიდობის უზრუნველყოფა.
როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, მიუხედავად გეოგრაფიული, რეგიონული და გლობალური პრობლემებისა, უკრაინის კონფლიქტისა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობისა, გონივრული პოლიტიკისა და პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციის წყალობით შესაძლებელი გახდა ქართველი ხალხისა და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა და, ამასთან, საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიან წევრად დარჩენა.
საქართველოში „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი" გაიხსნა>>>
ფორუმი 27 ოქტომბერს დასრულდება. გარდა საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანისა და მონტენეგროს პრემიერ-მინისტრებისა, პანელურ სესიებში მონაწილეობას მიიღებენ ევროპული თუ აზიური ქვეყნების მთავრობათა მაღალი რანგის წარმომადგენლები, ვიცე-პრემიერები და ეკონომიკური პროფილის მინისტრები.
გარდა ამისა, ფორუმში მონაწილეობას იღებენ დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო, მათ შორის, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ათობით წამყვანი კომპანიის წარმომადგენელი როგორც რეგიონის ქვეყნებიდან, ისე სპარსეთის ყურიდან, აშშ-დან და ჩინეთიდან.
ღონისძიების მონაწილეები იმსჯელებენ გლობალურ ეკონომიკურ გამოწვევებზე, მათი გადაჭრის გზებზე, ასევე ურთიერთთანამშრომლობის ასპექტებსა და პერსპექტივებზე. ღონისძიების ფარგლებში ჩატარდება ათი სესია: ვაჭრობა, ტრანსპორტი, ენერგეტიკა, ტურიზმი, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიები. ფორუმის ფარგლებში გამართული სესიების მოდერატორები BBC-ს, Bloomberg-ის, DW-ის წამყვანი ჟურნალისტები იქნებიან.
ფორუმის მეორე დღე მიეძღვნება საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების განხილვასა და ორმხრივ შეხვედრებს (B2B).
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ 2015 წელს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააარსა. მას შემდეგ მსგავსი სამი ღონისძიება გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0