მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს - კობახიძე საქართველოსთვის სტატუსის მონიჭებაზე

© photo: Sputnik / Stringerირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2023
გამოწერა
ქართული ოპოზიცია ყველანაირად ცდილობს ამ მოვლენას ხელი შეუშალოს, დარწმუნებულია პოლიტიკოსი.
თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი საქართველოს, დიდი ალბათობით, დეკემბერში მიენიჭება – მმართველ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“ ოპტიმიზმის მეტი საფუძველი გაუჩნდა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
ევროკომისია ნოემბრის დასაწყისში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„სტატუსთან დაკავშირებით მოლოდინები არის გაუმჯობესებული, მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს და, პრაქტიკულად, უკვე მწიფდება ეს გადაწყვეტილება. ძალიან მაღალი ალბათობით დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მოგვანიჭებენ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება ქართულ ოპოზიციას, კობახიძის თქმით, მისი ერთადერთი მიზანი სტატუსის მიღებაში ხელის შეშლაა.
როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერმა აღნიშნა, ოპოზიცია თავისი ზრახვების დამალვას ცდილობს, მაგრამ ხანდახან რეალური მიზნები მაინც წამოსცდებათ ხოლმე, როგორც ეს პოლიტიკური გაერთიანების „გაერთიანებული ოპოზიცია – ძალა ერთობაშია“ წევრის გუბაზ სანიკიძის შემთხვევაშია. ამ უკანასკნელმა ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ ქართველი ხალხი სტატუსს არ იმსახურებს.
საქართველოს წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსს მივულოცავთ - „ხალხის ძალა">>
„საგულდაგულოდ ცდილობენ დამალონ ეს ყველაფერი, მაგრამ პერიოდულად აქვთ წამოცდენები იმასთან დაკავშირებით, რომ არ სურთ კანდიდატის სტატუსი ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, გუბაზ სანიკიძის ეს განცხადებაც მორიგი წამოცდენაა, რომელიც ამ თემას უკავშირდება. რეალურად, ეს არის სინამდვილე, რაც საზოგადოებამ უნდა შეაფასოს“, – განაცხადა კობახიძემ.
მანამდე „გაერთიანებული ოპოზიციის“ კიდევ ერთმა წევრმა მურმან დუმბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ დაიმსახურა.
საქართველო სტატუსის მოლოდინში
2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეოლიგარქიზაცია, დეპოლარიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის სრული დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა და ა.შ.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი: ქართველმა ოპოზიციონერებმა დუმბაძე გააკრიტიკეს>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. საერთოდ ვერ მიაღწია პროგრესს „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ყველა ახალი ამბავი
0