Georgian Airways თელ-ავივში ფრენებს აჩერებს

© photo: Sputnik / Stringer AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი
 AirZena - Georgian Airways-ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო, 1920, 21.10.2023
გამოწერა
აღნიშნულია, რომ ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი არ იკეტება და ფრენების განხორციელებას აგრძელებს
თბილისი, 21 ოქტომბერი — Sputnik. ქართული ავიაკომპანია Georgian Airways 22 ოქტომბრიდან აჩერებს ფრენებს თელ-ავივის მიმართულებით, თუმცა ისრაელის ავიაკომპანიები თბილისის მიმართულებით პირდაპირ რეისებს რეგულარულად ახორციელებენ, ნათქვამია ისრაელში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.
ფრენების შეჩერების მიზეზად დასახელებულია „საერთაშორისო სადაზღვევო კომპანიების ცალკეული რეგულაციები“. გარდა ამისა, საელჩოში განაცხადეს, რომ უსაფუძვლოა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ისრაელის საერთაშორისო აეროპორტი იკეტება.
ამასთან, კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” ამატებს ყოველდღიურ რეისებს ლარნაკა-თბილისის მიმართულებით და ამ ტრანზიტული მარშრუტით სარგებლობა ასევე შეუძლიათ ისრაელიდან საქართველოში გამგზავრების მსურველთ.
საელჩოში ასევე აღნიშნეს, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში ისრაელი-საქართველოს მიმართულებით შესრულებულ რეისებზე შეინიშნებოდა დაბალი მოთხოვნა და იყო თავისუფალი ადგილები.
განგაშის სიგნალი გამოფრენის წინ: ისრაელიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე რეისი შესრულდა >>
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 3 ათასამდე გაიზარდა, კიდევ 60-მდე ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 11 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ყველა ახალი ამბავი
0