განგაშის სიგნალი გამოფრენის წინ: ისრაელიდან საქართველოში კიდევ რამდენიმე რეისი შესრულდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 18.10.2023
გამოწერა
გამოფრენამდე განგაშის სიგნალის ხმა თელ-ავივის აეროპორტშიც ისმოდა.
თბილისი, 18 ოქტომბერი — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა თელ-ავივიდან კიდევ რამდენიმე ავიარეისი მიიღო, იუწყება ტელეკომპანია „იმედი".
მგზავრების თქმით, ისრაელში კვლავ დაძაბული და მძიმე მდგომარეობაა. ეპიცენტრი კვლავ ღაზის სექტორია. გამოფრენამდე განგაშის სიგნალის ხმა თელ-ავივის აეროპორტშიც ისმოდა.
როგორც მგზავრებმა აღნიშნეს, საქართველოს საელჩო ისრაელში თანამოქალაქეების დასახმარებლად ყველაფერს აკეთებს.
უფრო ადრე საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან ღაზის სექტორის ტერიტორიაზე, ამიტომ ქვეყნის საელჩო ისრაელში სპეციალურად გახსნილი დერეფნით უცხოელების ევაკუაციაში არ მონაწილეობს.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ასევე არ არის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ კონფლიქტის დაწყებიდან საქართველოს რომელიმე მოქალაქე დაშავდა.
ისრაელიდან მოქალაქეები საქართველოში ჩამოსვლას განაგრძობენ>>
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა" ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის" მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები" დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
ისრაელის მთავრობის ბოლო მონაცემებით, „ჰამასის" თავდასხმებს 7 ოქტომბრიდან დღემდე 1400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა და დაშავდა 4,1 ათასი. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ("ჰამასის" მიერ კონტროლირებადი) ბოლო მონაცემებით, ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპული პალესტინელების რიცხვი 3 ათასამდე გაიზარდა, კიდევ 60-მდე ადამიანი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე დაიღუპა. დაშავებულია 11 ათასამდე ადამიანი ღაზაში და 1,2 ათასამდე – იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე.
ყველა ახალი ამბავი
0