საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტი - რა მოხდება სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ

© photo: Sputnik / Stringerსაკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 16.10.2023
გამოწერა
პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს, დაწერა ექსპერტმა
თბილისი, 16 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღის განმავლობაში უნდა აირჩეს, ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში წერს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ ორშაბათს დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის დარღვევა იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს პრეზიდენტმა 2023 წლის 31 აგვისტოს, 1 სექტემბერს და 6 სექტემბერს საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების დროს საგარეო ურთიერთობათა სფეროში წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელა საქართველოს მთავრობის გარეშე, რითაც დაარღვია საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის დანაწესი. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადახედვას არ ექვემდებარება.
„გადაყენების შემთხვევაში ახალი პრეზიდენტი 45 დღეში უნდა ავირჩიოთ; არჩევის წესი ახალია. პრეზიდენტს პირდაპირი გზით აღარ ავირჩევთ. ამას გააკეთებს საარჩევნო კოლეგია“, - წერს ვახუშტი მენაბდე.
ზურაბიშვილი პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არჩეული საქართველოს ბოლო პრეზიდენტია. შემდგომში საქართველოში სახელმწიფოს მეთაურს აირჩევენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, რომელიც შედგება პარლამენტის წევრებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ამასთან, საპრეზიდენტო უფლებამოსილების ვადა შეადგენს არა ხუთ წელს, როგორც აქამდე იყო, არამედ ექვსს.
ექსპერტის თქმით, პარლამენტმა 14 დღეში უნდა გადაწყვიტოს, დაუჭერს თუ არა პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარს.
„ამისთვის 100 ხმაა საჭირო. ოფიციალურად „ოცნება“ ამდენ მანდატს ვერ აკონტროლებს“, - აღნიშნა მენაბდემ.
საქართველოს პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილების მიუხედავად გადადგომას არ აპირებს >>
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს.
როგორც ექსპერტმა განმარტა, პარლამენტი არ არის ვალდებული ავტომატურად გამოუცხადოს იმპიჩმენტი პრეზიდენტს მას შემდეგ, როდესაც სასამართლო კონსტიტუციის დარღვევას დაადასტურებს.
„შეუძლია თქვას, რომ მიუხედავად ამისა, მიზანშეწონილად არ მიიჩნევს პრეზიდენტის გადაყენებას“, - დაწერა მენაბდემ.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უკვე განაცხადა, რომ საკანონმდებლო ორგანო პრეზიდენტ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის გზით გადაყენების საკითხს განიხილავს და მიმდინარე სასესიო კვირაში კენჭს უყრის.
მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ" პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
რისთვის სურს მმართველ პარტიას პრეზიდენტის გადაყენება - თამარ ჩუგოშვილის მოსაზრება >>
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სასამართლოს კოლეგია სამი დღის განმავლობაში ისმენდა მხარეების არგუმენტებს იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
ყველა ახალი ამბავი
0