საქართველოსთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ევროპის ენერგოუსაფრთხოებისთვის – სიიარტო

© AP Photo / Valentina Petrovaპეტერ სიიარტო
პეტერ სიიარტო - Sputnik საქართველო, 1920, 14.10.2023
გამოწერა
ევროკავშირი თავისი ელექტრომომარაგების ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, განახლებად ენერგიებზე გადაყვანას ცდილობს, განაცხადა დიპლომატმა.
თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. უნგრეთს შეუძლია მნიშვნელოვანი როლის შესრულება კავკასიის განახლებადი ენერგიის ევროპაში მოზიდვის საკითხში, რომლისთვისაც საქართველოსთან თანამშრომლობა ენერგეტიკული უსაფრთხოების კუთხით მნიშვნელოვანია, განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
„საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლისთვის და ჩვენ, უნგრელებს, შეგვიძლია, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ კავკასიური განახლებადი ენერგიის ევროპაში შემოტანაში“, – განაცხადა სიიარტომ.
მისი განმარტებით, ევროკავშირი ცდილობს თავისი ენერგომომარაგება გადაიყვანოს მდგრად, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, განახლებად ენერგიის წყაროებზე, მაგრამ თავისი ენერგეტიკული მოთხოვნილებების სრულად დაკმაყოფილება გარე წყაროების გარეშე არ შეუძლია.
„კავკასიის რეგიონი, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი ასეთი გარე წყარო. კავკასია შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის განახლებადი ენერგიის წარმოებას და ევროკავშირს ეს ენერგია უსაფრთხოდ მუშაობისთვის დასჭირდება. ახლა საკითხავია, მიაღწევს თუ არა კავკასიაში წარმოებული განახლებადი ენერგია ევროპამდე? ეს უბრალოდ ინფრასტრუქტურის საკითხია“, – განაცხადა სიიარტომ.
საქართველომ და უნგრეთმა ათ შეთანხმებას მოაწერეს ხელი - მთავრობათშორისი კომისიის შედეგები>>
მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმება, რომელსაც გასულ წელს მოაწერეს ხელი აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა და რომელიც მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანას ითვალისწინებს.
წყალქვეშა კაბელით ელექტროენერგია საქართველოდან და აზერბაიჯანიდან ევროპას მიეწოდება.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
უნგრეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობების განვითარებით>>
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0