საქართველო ევროკავშირის სტატუსის მოლოდინში: პრემიერ-მინისტრისთვის უარი მიუღებელი იქნება

  - Sputnik საქართველო, 1920, 12.10.2023
გამოწერა
ევროკავშირს არანაირი საფუძველი არ აქვს, უარი უთხრას საქართველოს სტატუსზე, დარწმუნებულია ირაკლი ღარიბაშვილი.
თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. გასული ათი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა ევროპასთან დაახლოებისთვის, ამიტომ ირაციონალური და გაუგებარი იქნება, თუ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს არ მისცემენ, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.

„საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ეს არის ჩვენი ხალხის და ჩენი ქვეყნის არჩევანი. საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო 10 წელიწადში მაქსიმუმი გააკეთა. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაუგებარი იქნება, ყოველგვარ არგუმენტაციას, რაციონალურს იქნება მოკლებული ევროპის გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ყველა მიმართულებით წამყვანი ქვეყანაა.
„სამწუხაროდ, უნდა აღინიშნოს, რომ შარშან საკმაოდ უსამართლოდ მოგვექცნენ – ჩვენ, ჩვენს ქვეყანას და ამას თავისი სახელი დაარქვა ბატონმა ვიქტორმა (უნგრეთის პრემიერმა ორბანმა) ბუდაპეშტში, როცა ამ გადაწყვეტილებას უწოდა ამორალური და უსამართლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაქსიმუმი გავაკეთეთ, რომ შეგვესრულებინა 12-ვე რეკომენდაცია, რომლებიც იქნა გადმოცემული ევროკომისიის მიერ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, თუ საუბარია დამსახურებაზე, საქართველომ დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი, ვინაიდან ორჯერ, სამჯერ უსწრებს ნებისმიერ სფეროში ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც უკვე მიანიჭეს კანდიდატის სტატუსი.
„ქართველებს ყველაზე მეტად – მე ამას წინათ აღვნიშნე – არ გვიყვარს და ვერ ვეგუებით უსამართლობას და ჩაგვრას. კიდევ ერთხელ მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩვენი ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ვინ არის ნამდვილი მეგობარი - ირაკლი ღარიბაშვილმა ვიქტორ ორბანის ვიზიტი შეაფასა >>
პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ დღეს საქართველო იმყოფება საკმაოდ რთულ ვითარებაში. გეოპოლიტიკური ვითარება ძალიან არის შეცვლილი მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო.
„2012 წლიდან მოყოლებული ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების, ჩვენი მთავრობის სწორი, პრაგმატული და პატრიოტული პოლიტიკის შედეგად დღეს ქვეყანაში გვაქვს ერთადერთი, უპრეცედენტო, მშვიდობიანი და სტაბილური პერიოდი, რამაც მოიტანა კონკრეტული, ხელშესახები, ძლიერი ეკონომიკური აღმასვლა და კეთილდღეობა მოუტანა ჩვენს ხალხს“, – აღნიშნა პრემიერმა.
ეს განცხადებები პრემიერმა გააკეთა უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც უკვე მესამე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
„ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და ჩვენ დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათშორისი სამიტი, რომელიც, შეიძლება ითქვას, არის უნიკალური. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გაიმართა. ბუდაპეშტში ვიზიტის დროს მიღწეული იქნა შეთანხმება პირველი მთავრობათშორისი სამიტის ჩატარების შესახებ. ბუდაპეშტში ასევე სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

„მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება, ბატონო ვიქტორ, პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ნამდვილი მეგობარი, ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის და ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ორბანის ვიზიტი საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას ადასტურებს - დარჩიაშვილი>>
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსა და უნგრეთს აერთიანებთ ტრადიციული ღირებულებების ერთგულება, რამაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში.

„უნგრეთში ვთქვი და მინდა გავიმეორო, უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ დროს, ასეთ არაპროგნოზირებად დროს უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და ემსახურება საკუთარი ხალხის ინტერესებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველომ და უნგრეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 მაისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.
ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოსა და უნგრეთს შორის 2013 წლიდან ეკონომიკურ თანამშრომლობაზე სახელმწიფოთშორისი კომისია ფუნქციონირებს.
შეთანხმებას, რომლის თანახმად შავი ზღვის ფსკერზე გაყვანილმა ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს, საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა 2022 წლის დეკემბერში მოაწერეს ხელი.
საქართველოს ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა საქართველოს დიდი პოტენციალის შესახებ განახლებადი ენერგიების თვალსაზრისით და მის, როგორც სატრანზიტო ჰაბის მიმზიდველობაზე.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ევროპისა და კავკასიის რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას, განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარებას და გაზრდის სატრანზიტო შესაძლებლობებს.
პრემიერი: ელექტროკაბელი ევროპაში შავი ზღვის გავლით ბოლო 30 წლის უმნიშვნელოვანესი პროექტია>>
ევროკავშირი პროექტისთვის 2,3 მილიარდ ევროს გამოყოფს. მსოფლიო ბანკი შავის ზღვის ფსკერის დეტალური კვლევისთვის საქართველოს დამატებით 75 მლნ დოლარს გამოუყოფს.
თუ პროექტი განხორციელდება, ათასი მეგავატი სიმძლავრის 1195 კმ-იანი კაბელი საქართველოს აღმოსავლეთ ბალკანეთთან დააკავშირებს, რაც სამხრეთ კავკასიას და ევროპას საშუალებას მისცემს, ისარგებლონ ფართო საექსპორტო შესაძლებლობებით და განახორციელონ ელექტროენერგიის იმპორტი ელექტროენერგიის ბაზრის საათობრივი ფასების გათვალისწინებით.
ყველა ახალი ამბავი
0