მიხეილ სარჯველაძე: პრეზიდენტის იმპიჩმენტი შესაძლებელია კენჭისყრის შედეგად აღსრულდეს

  - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2023
გამოწერა
მთავრობის თანხმობის გარეშე ევროპაში ვიზიტები ზურაბიშვილს შეიძლება პრეზიდენტის სავარძლის ფასად დაუჯდეს.
თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" არ გამორიცხავს, რომ პარლამენტში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის მიღწევას კენჭისყრის შედეგად შეძლებს, განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ.
მმართველმა პარტიამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც სალომე ზურაბიშვილი, მთავრობის უარის მიუხედავად, 31 აგვისტოს ევროპულ ტურნეში და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა. მინისტრთა კაბინეტში უარი იმით ახსნეს, რომ ხელისუფლებამ პრეზიდენტის მიმართ ნდობა დაკარგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კი, თავის მხრივ, განაცხადეს, რომ ვიზიტების მიზანი ევროპელ ლიდერებთან შეხვედრაა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად.

„ჩვენ ვუშვებთ, რომ პრეზიდენტის იმპიჩმენტი შეიძლება კენჭისყრის შედეგად მოხდეს, მე, პირადად, ამის მოლოდინი მაქვს... საკონსტიტუციო სასამართლო თუ დაადასტურებს, რომ კონსტიტუციის დარღვევას ადგილი აქვს, რაც არ უნდა ოპოზიციურად და ლოიალურად იყო განწყობილი პრეზიდენტის მიმართ პერსონალურად, რასაკვირველია, საზოგადოებისთვის ძალიან ძნელად ასახსნელი იქნება, რომ – მე არ მივეცი ხმა იმპიჩმენტს, მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა", – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, დეპუტატმა აღნიშნა, რომ თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას, ეს იქნება სერიოზული პასუხისმგებლობა, მათ შორის პრეზიდენტისთვისაც.
კენჭისყრა ფარულად თუ ღიად? დეპუტატების აზრი გაიყო>>>
სასამართლო კოლეგია სამი დღის მანძილზე ისმენდა მხარეების არგუმენტების იმის თაობაზე, მთავრობის თანხმობის გარეშე ჰქონდა თუ არა პრეზიდენტს საზღვარგარეთ ვიზიტების განხორციელების უფლება.
თუ საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევას, პარლამენტი 10 დღის განმავლობაში სასამართლოს დასკვნის განხილვას შეუდგება. შემდეგ 30 დღის განმავლობაში უნდა მიიღონ გადაწყვეტილება საკითხის კენჭისყრაზე გატანის შესახებ. საკითხი კენჭისყრაზე გავა, თუ დეპუტატების უმრავლესობა მას მხარს დაუჭერს, ნათქვამია კანონში „იმპიჩმენტის შესახებ".
ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ზურაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენება შეუძლებელია – პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოსაცხადებლად საჭიროა მინიმუმ 100 დეპუტატის (პარლამენტის 2/3) თანხმობა, საპარლამენტო უმრავლესობას კი, რომელიც წარმოდგენილია „ქართული ოცნებისა" და მოძრაობა „ხალხის ძალის" წევრებით, ამჟამად მხოლოდ 84 მანდატი აქვს. პარტიებსა და იმ საპარლამენტო ჯგუფებს, რომლებმაც უარი უკვე თქვეს იმპიჩმენტის მხარდაჭერაზე, ჯამში 36 ხმა აქვთ.
ბიძინა ივანიშვილი - საქართველოს მომავალი პრეზიდენტი? ირაკლი კობახიძის განმარტება>>>
მართველმა პარტიამ ზურაბიშვილს საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევაში დასდო ბრალი, რომლის თანახმად პრეზიდენტს წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება საგარეო ურთიერთობებში მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
ზურაბიშვილის დაცვის მხარე კი აცხადებდა, რომ პრეზიდენტი ხელმძღვანელობდა კონსტიტუციის 49-ე მუხლით - „საქართველოს პრეზიდენტის სტატუსი", სადაც ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს საქართველოს, ასევე 78-ე მუხლით - „ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია", რომლის თანახმად საკონსტიტუციო ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფისთვის.
სტატუსის მოლოდინში
ევროკომისია ოქტომბერში მოამზადებს რეკომენდაციებს ევროპული საბჭოსთვის, რომელიც დეკემბერში საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს. საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, თუ ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის ლიდერი დაუჭერს მხარს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტი საქართველოში პოლარიზაციას აძლიერებს - ევროკავშირის ელჩი>>>
ევროკომისიის შუალედური შეფასების თანახმად, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, შვიდი კი ნაწილობრივ. შეზღუდულ პროგრესს მიაღწია კიდევ ერთ პუნქტში, ხოლო ერთ პუნქტთან - „მედიაპლურალიზმის და მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურების" მიმართულებით პროგრესი საერთოდ არ არის.
როგორც „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ადრე განაცხადა, საქართველომ ყველაფერი გააკეთა ევროკავშირის პირობების შესასრულებლად და ელოდება კონკრეტიკას სამ რეკომენდაციაზე – დეოლიგარქიზაციის, სასამართლო რეფორმის და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების შესახებ.
ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა კი განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ ევროკავშირის 12 რეკომენდაციაზე მუშაობა საკანონმდებლო დონეზე თითქმის დაასრულა.
ყველა ახალი ამბავი
0