საქართველოს საელჩომ ისრაელში სამი სადღეღამისო ცხელი ხაზი აამოქმედა - ელჩი

© AP Photo / Ohad Zwigenberg
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
თუ ვინმეს ესაჭიროება დახმარება, თავშესაფარი ან აინტერესებს ფრენების შესახებ ინფორმაცია, საელჩო მაქსიმალურად ეხმარება და კონსულტაციას უწევს, აღნიშნა ელჩმა
თბილისი, 9 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ელჩმა ისრაელში ლაშა ჟვანიამ უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საელჩო და საკონსულო თითქოსდა მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობენ, დღის დანარჩენ საათებში კი დაკეტილია.
მისი თქმით, საელჩოში 24 საათის განმავლობაში სამი ცხელი ხაზი მუშაობს და გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საელჩო და საკონსულო თითქოსდა მხოლოდ 13:00 საათამდე მუშაობს, სიმართლეს არ შეესაბამება.
როგორც ჟვანიამ აღნიშნა, თუ ვინმეს ესაჭიროება დახმარება, თავშესაფარი ან აინტერესებს ფრენების შესახებ ინფორმაცია, საელჩო მაქსიმალურად ეხმარება და კონსულტაციას უწევს.
ისრაელმა ღაზის სექტორს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყვიტა >>
ჟვანიას თქმით, გუშინ თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით ხუთი რეისი შესრულდა. ამ რეისებით გამოფრინდნენ ძირითადად ის მოქალაქეები, რომლებმაც 7 ოქტომბერს ვერ შეძლეს ჩამოსვლა. დაგეგმილი რეისებიდან მხოლოდ ერთ გაუქმდა.
„არ ყოფილა შემთხვევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფარი და ღამის გასათევი არ ჰქონოდათ. პრაქტიკულად, ყველას გამომგზავრება მოვახერხეთ“, - განაცხადა ჟვანიამ.
მისი თქმით, რეისები ხვალ და ზეგაც შესრულდება. ბილეთები სხვადასხვა ავიაკომპანიაზე არის. მაგალითად, 12, 13, 14 რიცხვის ბილეთები ჯერ კიდევ თავისუფალია. ჟვანიას განმარტებით, ყველაზე ხშირად მცირეწლოვანი ბავშვების მშობლები ცდილობენ, ბავშვები ქვეყნიდან გაიყვანონ, ზოგადად კი ისრაელის ცენტრში მშვიდი ვითარებაა.
მისივე თქმით, საელჩო ისრაელში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან მუდმივ კავშირზეა.
ოფიციალური მონაცემებით, ისრაელში საქართველოს 120 ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ისრაელში საქართველოს საელჩო საგანგებო რეჟიმში მუშაობს. საჭიროების შემთხვევაში საელჩო მზადაა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდოს სხვადასხვა ნივთები და თავშესაფარი.
7 ოქტომბრის დილით „ჰამასმა“ ისრაელის წინააღმდეგ უპრეცედენტო მასშტაბის სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. ისრაელის არმიის პრეს-სამსახურის ცნობით, პალესტინიდან 3 ათასზე მეტი რაკეტა იყო გაშვებული. მასიური სარაკეტო თავდასხმების შემდეგ „ჰამასის“ მებრძოლებმა ღაზის სექტორიდან ისრაელის სამხრეთით სასაზღვრო რაიონებში შეაღწიეს.
საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია „რკინის ხმლები“ დაიწყეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ერისადმი მიმართვისას ომი ოფიციალურად გამოაცხადა და რეზერვის ფართო მობილიზაცია ბრძანა. 8 ოქტომბერს ისრაელმა ომი ოფიციალურად გამოაცხადა.
თავის მხრივ, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა ისრაელზე მასირებული იერიშის დღეს ოფიციალურ პირებთან საგანგებო სხდომაზე ისაუბრა პალესტინელი ხალხის უფლებაზე, დაიცვას თავი ისრაელის ჯარისა და გადასახლებული პირებისგან.
ბოლო მონაცემებით, ესკალაციის შედეგად დაიღუპა ისრაელის 900-ზე მეტი მოქალაქე და 690-ზე მეტი პალესტინელი.
ჰამასის შეტევები დაგმეს ევროკავშირმა და ნატომ.
პენტაგონის შეფმა ლოიდ ოსტინმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო უახლოეს დღეებში იმუშავებს იმაზე, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი ქვეყნისა და მოქალაქეების დასაცავად.
ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ სოლიდარობა გამოუცხადა ისრაელს ღაზის სექტორიდან განხორციელებული თავდასხმების შემდეგ.
არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა მოუწოდეს საერთაშორისო „კვარტეტის“ საქმიანობის დაუყოვნებლივ გააქტიურებისკენ ისრაელსა და არაბებს შორის სამშვიდობო პროცესის აღსადგენად.
მასირებული შეტევა ისრაელზე: თბილისმა თელ-ავივს სოლიდარობა გამოუცხადა >>
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის გაფართოების წინააღმდეგ გამოვიდა და იმედოვნებს, რომ ცეცხლი მალე შეწყდება და მშვიდობა აღდგება.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ესკალაციაზე პასუხისმგებლობა ისრაელს დააკისრა. სამინისტრომ აღნიშნა, რომ ისრაელი მუდმივად არღვევს პალესტინელების უფლებებს.
ირანის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პალესტინის ჰამასის ოპერაციას ისრაელის წინააღმდეგ.
მოსკოვმა სერიოზული შეშფოთება გამოთქვა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის ზონაში ესკალაციის გამო და მოუწოდა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და ძალადობაზე უარის თქმისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0