კადრების გადინება ეროვნულ ბანკში - თანამდებობა იურიდიული სამსახურის უფროსმა დატოვა

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 10.10.2023
გამოწერა
2023 წლის სექტემბერში თანამდებობა ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა დატოვა.
თბილისი, 10 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსმა თამარ ქუსიკაშვილმა თანამდებობა დატოვა, იუწყება ტელეკომპანია „ფორმულა“.
2023 წლის სექტემბერში ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა თანამდებობა დატოვა. მიზეზად დასახელდა მარეგულირებლის გადაწყვეტილება, რომელმაც აშშ-ის მიერ სანქცირებული საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ საკუთარივე დადგენილება გააუქმა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ფარცხალაძე რუსი-ქართველი ოლიგარქია, რომელიც საქართველოზე რუსეთის „მავნე გავლენას“ ავრცელებდა.

„ვადასტურებ (თანამდებობის დატოვებას) და დანარჩენზე კომენტარს არ გავაკეთებ", – თქვა ქუსიკაშვილმა.

სკანდალი ეროვნული ბანკის ირგვლივ
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს ფარცხალაძეს აქტივებზე და ფინანსურ ოპერაციებზე ხელმისაწვდომობა შეუზღუდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო. ეროვნულ ბანკში ეს გადაწყვეტილება იმით ახსნეს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი საერთაშორისო მოთხოვნების სრულ შესაბამისობაში მუშაობს. მაგრამ მმართველ პარტია „ქართულ ოცნებაში" რეგულატორს უდანაშაულობის პრეზუმფცია შეახსენეს და მოუწოდეს, დაელოდონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებას.
სანქციების რეჟიმის ცვლილება: თურნავამ ჰერჩინსკის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება განუმარტა >>
უკვე 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა შეცვალა საერთაშორისო სანქციების რეჟიმის რეალიზაციის წესი იმ შემთხვევებისთვის, როდესაც საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე. სანქციები გამოყენებული იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ქართულმა სასამართლომ უკვე გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი. ამით ეროვნულმა ბანკმა შეცვალა ერთი დღით ადრე მიღებული თავისივე გადაწყვეტილება ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის ანგარიშების გაყინვის შესახებ სანქციების სიაში მოხვედრის გამო.
ეროვნული ბანკის განმარტებით, საქართველოს საფინანსო ინსტიტუტები მარეგულირებლის მითითებით სრულად იცავენ რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის, ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის სანქციებს და რომ ქვეყანა არასოდეს ყოფილა და არ გახდება ამ სანქციების გვერდის ავლის ადგილი. ამასთან, ეროვნულმა ბანკმა აქვე აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე დაცულია ქვეყნის კონსტიტუციით და მარეგულირებელი მოქმედებს ქვეყნის მთავარი კანონის შესაბამისად.
ნათია თურნავა: ეროვნულ ბანკს არავისი მითითება არ სჭირდება >>
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ 19 სექტემბრის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებთან კოორდინაციის გარეშე მიიღო და მას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა. ამასთან, პრეზიდენტმა სინანული გამოთქვა, რომ ეროვნული ბანკის საბჭოში თურნავას კანდიდატურა თავის დროზე პარლამენტს დასამტკიცებლად მან წარუდგინა.
თავის მხრივ, თურნავამ განაცხადა, რომ ეროვნული ბანკის 19 სექტემბრის გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას და საქართველოს მოქალაქეები ამიერიდან უფრო მეტად იქნებიან დაცული, თუნდაც საერთაშორისო სანქციების რეჟიმის ზემოქმედების დროს. პრეზიდენტის მოწოდებას თურნავამ „ზეწოლის კლასიკური მაგალითი" უწოდა. მისი თქმით, ეროვნული ბანკის საბჭოს სამი წევრი სწორედ ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ზეწოლის ფონზე გადადგა.
ეროვნული ბანკი საერთაშორისო სანქციების დაცვას უზრუნველყოფს - ნათია თურნავა >>
20 სექტემბერს რეგულატორის სამი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მრჩევლის მიერ თანამდებობის დატოვების გამო ეროვნული ბანკის ირგვლივ აგორებულმა სკანდალმა საზოგადოებაში ვნებათაღელვა გამოიწვია. მოსახლეობა ლარის გაუფასურების და მთლიანად ქვეყნის საბანკო სისტემის ჩამოშლის შესაძლებლობამ შეაშფოთა. ოპოზიციის ნაწილმა დევალვაციის საშიშროებაზე დაიწყო საუბარი, როგორც ეს იყო 1990-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ეროვნული ვალუტა კუპონი იყო.
ამ ნეგატიურმა განწყობებმა სექტემბრის ბოლოს ლარის 1,6%-ით გაუფასურება გამოიწვია, თუმცა შემდეგ ლარმა კვლავ გამყარება დაიწყო. კურსის სტაბილიზაციის მიზნით მარეგულირებელმა სავალუტო აუქციონებზე 100 მილიონ დოლარზე მეტი გაყიდა.
ყველა ახალი ამბავი
0